საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის უდიდესი სპორტული სტადიონის, Stade de France-ის „პარი სენ-ჟერმენისთვის“ მიყიდვას განიხილავს. როგორც საფრანგეთის სპორტის მინისტრ ამელი უდეა-კასტერას მიერ Journal du Dimanche-ისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, ეროვნული სტადიონის გაყიდვასთან ერთად მმართველობასთან დაკავშირებულ კომპრომისებზე წასვლაც განიხილება.
შეგახსენებთ, რომ კლუბი, რომლის შემადგენლობაშიც მეგავარსკვლავები, მათ შორის ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე არიან, ამჟამად შედარებით პატარა, Parc de Princes-სტადიონზე თამაშობს, რომელიც City of Paris-ის საკუთრებაშია. მინისტრის განცხადებით, რეზიდენტული კლუბის არსებობა საუკეთესო საშუალებაა ბიზნესმოდელის „დასაბალანსებლად“.
სტადიონი Stade de France-ი ფეხბურთის 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა და უამრავ მნიშვნელოვან სპორტულ თუ გასართობ ღონისძიებას მასპინძლობდა. ელიფსური დისკოს ფორმის სახურავის მქონე სტადიონი 80,000 მაყურებელზეა გათვლილი. 2023 წლის ბოლოსთვის, Stade de France-ი რაგბის მსოფლიო თასის თამაშებსა და 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. სტადიონი 1995 წლიდან, 30 წლის ვადით ფრანგული ინფრასტრუქტურის გიგანტებს Bouygues SA-სა და Vinci SA-ს მმართველობის ქვეშაა. მათი კონტრაქტი 2025 წელს იწურება.
სტადიონის შესყიდვით დაინტერესებულ პირთა შორის „პარი სენ-ჟერმენი“ მისი პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის განცხადებიდან გამომდინარე მოხვდა. გასულ წელს ალ-ხელაიფიმ დოჰაში ინტერვიუსას თქვა, რომ „კლუბი უკეთეს სტადიონს იმსახურებს“. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ფრანგული საფეხბურთო კლუბი Parc des Princes-ის დატოვებასაც განიხილავს. Le Figaro-ს ინფორმაციით, სტადიონის შესყიდვით დაინტერესებულია FIFA-ც. გამოცემა Stade de France-ის სავარაუდო ღირებულებას 400 მილიონი ევროდან და 600 მილიონ ევრომდე განსაზღვრავს.
დატოვე კომენტარი