წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა 2018 წელს საქართველოს პოზიცია ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ათ საერთაშორისო რეიტინგში.
ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დღეს გლობალიზაციის დონე ისეთი მაღალია, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ინარჩუნებენ. საერთაშორისო ბიზნესს და კაპიტალს აღარ აქვს საზღვრები – იქ განთავსდება, სადაც სარგებლის მისაღებად უკეთესი პირობებია. შესაბამისად, ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორებს. სწორედ ხელსაყრელი პირობების მიხედვით ქვეყნების ერთმანეთთან შედარებას ემსახურება საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც, ამავე დროს, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების კარგი საშუალებაა.
1. საქართველო “ჰერიტიჯის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში -3
“ჰერიტიჯის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას კანონის უზენაესობის, მთავრობის ზომის, რეგულაციების ეფექტიანობისა და ღია ბაზრების მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2017 წელს საქართველო მე-13 ადგილზე იყო, 2018 წელს კი მე-16 ადგილზე (180 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ჰონკონგი იკავებს.
2. საქართველო “ფრაიზერის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში +1
“ფრაიზერის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას მთავრობის ზომის, რეგულაციების, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის, ფასების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2017 წელს საქართველო მე-8 ადგილზე იყო, 2018 წელს კი მე-7 ადგილზე (162 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ჰონკონგი იკავებს.
3. საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში +3
ბიზნესის კეთების სიადვილის (DOING BUSINESS) რეიტინგს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. რეიტინგში ქვეყნები ათი კრიტერიუმით არიან შეფასებული, მაგალითად: ბიზნესის დაწყების სიმარტივის, გადასახადების დონის, სესხის ხელმისაწვდომობის, ქონების რეგისტრაციისა და ა.შ. მიხედვით. აღნიშნულ რეიტინგში 2017 წელს საქართველო მე-9 ადგილზე იყო, 2018 წელს კი მე-6 ადგილზე (190 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ჰონკონგი იკავებს.
4. საქართველო გლობალურიკონკურენტუნარიანობისრეიტინგში +1
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს. რეიტინგში ქვეყნები 114 კრიტერიუმის მიხედვით არიან შეფასებული, რომელთა უმეტესობის შესადგენად მეწარმეების პირდაპირი გამოკითხვა ჩატარდა. აღნიშნულ რეიტინგში 2017 წელს საქართველო 67-ე ადგილზე იყო, 2018 წელს კი 66-ე ადგილზე (140 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს აშშ იკავებს.
5. საქართველო საკუთრებისდაცვის საერთაშორისო რეიტინგში +14
საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია “საკუთრების უფლების ალიანსი” აქვეყნებს. საკუთრების დაცვის დონე კანონის უზენაესობის, ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაჩვენებლებით არის შეფასებული. აღნიშნულ რეიტინგში 2017 წელს საქართველო 88-ე ადგილზე იყო, 2018 წელს კი 74-ე ადგილზე (125 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს.
6. საქართველოეკონომიკური გლობალიზაციისრეიტინგში +1
ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგს შვეიცარიული ორგანიზაცია “ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი” აქვეყნებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მოძრაობისა და მიგრაციის მიხედვით არის განსაზღვრული. მეტი გლობალიზაცია მეტი განვითარების პოტენციალს ნიშნავს. 2017 წელს საქართველო მე-19 ადგილზე იყო, 2018 წელს კი მე-18 ადგილზე (178 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს.
7. საქართველო კორუფციის აღქმის რეიტინგში -2
კორუფციის აღქმის ინდექსს გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს. რეიტინგის შედეგები ათზე მეტ სხვადასხვა კვლევას ემყარება. აღნიშნულ ინდექსში 2017 წელს საქართველო 44-ე ადგილზე იყო, 2018 წელს კი 46-ე ადგილზე (180 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს.
8. საქართველო დემოკრატიის რეიტინგში -1
დემოკრატიის რეიტინგს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა THE ECONOMIST-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგში 2017 წელს საქართველო 78-ე ადგილზე იყო, 2018 წელს კი 79-ე ადგილზე (167 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. 5.93 ქულით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.
9. საქართველო პრესისთავისუფლების რეიტინგში “რეპორტიორები საზღვრებისგარეშე” +3
ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. რეიტინგში 2017 წელს საქართველო 64-ე ადგილზე იყო, 2018 წელს კი 61-ე ადგილზე (180 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. საქართველოს ქულა 0.4-ით გაუმჯობესდა. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.
10. საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში – FREEDOM HOUSE -2
ორგანიზაცია FREEDOM HOUSE-ი პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტებისა და მკვლევრების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. აღნიშნულ ინდექსში 2017 წელს საქართველო მე-100 ადგილზე იყო, 2018 წელს კი 102-ე ადგილზე (199 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.
დატოვე კომენტარი