საქართველო 2023 წლის რეიტინგებში

საქართველო 2023 წლის რეიტინგებში

იანვრის ნომერში „ფორბსი“ ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა გასულ წელს საქართველოს პოზიცია 10 საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

დღეს გლობალიზაციის დონე ისეთი მაღალია, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ინარჩუნებენ. ინვესტიციები იმ ქვეყანაში განხორციელდება, სადაც სარგებლის მისაღებად უკეთესი პირობებია. შესაბამისად, ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორებს. სწორედ ხელსაყრელი პირობების მიხედვით ქვეყნების ერთმანეთთან შედარებას ემსახურება საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც, ამავე დროს, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების კარგი საშუალებაა.

2023 წლის რეიტინგებს ერთ მოსახლეზე შემოსავლით დავიწყებთ. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის შემოსავლის სიდიდე ქვეყნის ეკონომიკურად განვითარების დონეს უჩვენებს, ამასთან მოსახლეობის გადახდისუნარიანობისა და ეკონომიკური მდგრადობის მაჩვენებელია, რაც პოტენციური ინვესტორებისთვის საინტერესო გარემოებაა.

1. საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში

ქვეყნის ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) სიდიდის მოსახლეობის რაოდენობასთან ფარდობით განისაზღვრება. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ერთმანეთთან შესადარისობის უზრუნველსაყოფად შემოსავალი ე.წ. PPP დოლარებში ითვლება, რაც ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობითი უნარის სხვაობას ითვალისწინებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 22,357 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 75-ე ადგილზეა 187 ქვეყანას შორის. 2022 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 20,243 დოლარი იყო, თუმცა ქვეყნებს შორის მაინც 75-ე ადგილს ვიკავებდით. ამის მიზეზი ის არის, რომ 2023 წელს საქართველოსთან შემოსავლებით ახლოს მყოფ ქვეყნებშიც გაიზარდა ეკონომიკა.

ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ლუქსემბურგია – 143 ათასი PPP დოლარით.

ადგილი

ქვეყანა

PPP დოლარი

73

ჩინეთი

23,309

74

ტაილანდი

22,491

75

საქართველო

22,357

76

ჩრდილოეთი მაკედონია

21,391

77

გრენადა

20,195

წყარო: სავალუტო ფონდი

2. საქართველო „ჰერიტიჯის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (-9 ადგილი)

„ჰერიტიჯის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას კანონის უზენაესობის, მთავრობის ზომის, რეგულაციების ეფექტიანობისა და ღია ბაზრების მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2023 წელს საქართველოს ქულა 3.1-ით შემცირდა და 9 ადგილით ქვემოთ, 35-ე ადგილზე ჩამოინაცვლა (176 ქვეყანას შორის). საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა. 2023 წლის რეიტინგი რეალურად 2022 წლის ბოლოს არსებულ მდგომარეობას აფასებს. ტრადიციულად, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები კანონის უზენაესობის ნაწილში აქვს, რომელიც 2022 წელს კიდევ უფრო გაუარესდა.

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს

ადგილი

ქვეყანა

ქულა

33

სლოვაკეთი

69.0

34

ისრაელი

68.9

35

საქართველო

68.7

36

კატარი

68.6

37

სლოვენია

68.5

წყარო: The Heritage Foundation

3. საქართველო „ფრეიზერის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (+2 ადგილი)

„ფრეიზერის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას მთავრობის ზომის, რეგულაციების, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის, ფასების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2022 წელს საქართველო 27-ე ადგილზე იყო, 2023 წელს კი 25-ე ადგილზე გადაინაცვლა 165 ქვეყანას შორის. საქართველოს ქულა 0.05-ით გაიზარდა. 2023 წლის რეიტინგი რეალურად 2021-2022 წლების მდგომარეობას აფასებს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა კანონის უზენაესოებაში აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი – მონეტარულ სტაბილურობაში. 10-დან 10 ქულა საქართველოს საგადასახადო განაკვეთებში, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლებასა და ფინანსურ ღიაობაში აქვს.

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს

ადგილი

ქვეყანა

ქულა

23

გერმანია

7.73

24

მალტა

7.73

25

საქართველო

7.71

26

ლატვია

7.71

28

რუმინეთი

7.70

წყარო: Fraser Institute

4. საქართველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში (+6 ადგილი)

საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი” აქვეყნებს. საკუთრების დაცვის დონე კანონის უზენაესობის, ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაჩვენებლებით არის შეფასებული. აღნიშნულ რეიტინგში 2022 წელს საქართველო 72-ე ადგილზე იყო (125 ქვეყანას შორის), 2023 წელს კი 66-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ქულა 0.25- ით გაიზარდა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები პატენტებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ სტაბილურობაში აქვს.

რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს

ადგილი

ქვეყანა

ქულა

64

ტრინიდადი და ტობაგო

4.97

65

განა

4.95

66

საქართველო

4.92

67

შრი-ლანკა

4.84

68

ტაილანდი

4.78

წყარო: საკუთრების უფლებების ალიანსი

5. საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში (-3 ადგილი)

ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგს შვეიცარიული ორგანიზაცია „ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი” აქვეყნებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მოძრაობისა და მიგრაციის მიხედვით არის განსაზღვრული. მეტი გლობალიზაცია მეტი განვითარების პოტენციალს ნიშნავს. 2022 წელს საქართველო 22-ე ადგილზე იყო (193 ქვეყანას შორის), 2023 წელს კი 25-ე ადგილზე ჩამოინაცვლა. მართალია, საქართველოს ქულა 0.8-ით გაუმჯობესდა, მაგრამ სხვა ქვეყნების ქულა მეტად გაიზარდა და საქართველომ რეიტინგში 3 საფეხურით ქვემოთ ჩამოინაცვლა. საქართველოს შედარებით დაბალი ქულები ფინანსურ გლობალიზაციაში აქვს.

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს

ადგილი

ქვეყანა

ქულა

20

გაერთიანებული სამეფო

79.6

21

სეიშელის კუნძულები

79.5

22

საქართველო

78.7

23

პორტუგალია

78.6

24

სლოვენია

78.4

წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

6. საქართველო კორუფციის აღქმის რეიტინგში (+4 ადგილი)

კორუფციის აღქმის ინდექსს გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს. რეიტინგის შედეგები ათზე მეტ სხვადასხვა კვლევას ემყარება. აღნიშნულ ინდექსში 2022 წელს საქართველო 45-ე ადგილზე იყო, რაც რეალურად 2021 წლის მდგომარეობას ასახავდა. 2023 წელს საქართველოს ქულა 1-ით გაიზარდა და საქართველომ 41-ე ადგილზე გადაინაცვლა (180 ქვეყანას შორის). საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მაღალი დონის კორუფციასთან და ძალაუფლების კონცენტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში აქვს.

რეიტინგში პირველ ადგილს დანია იკავებს

ადგილი

ქვეყანა

ქულა

39

კატარი

58

40

ჩეხეთი

56

41

საქართველო

56

42

იტალია

56

43

სლოვენია

56

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

7. საქართველო დემოკრატიის რეიტინგში (+1 ადგილი)

დემოკრატიის რეიტინგს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგი ყოველი წლის იანვარში ქვეყნდება და წინა წლის მდგომარეობას ასახავს. 2022 წელს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, 2021 წელს საქართველო 91-ე ადგილზე იყო. 2023 წელს გამოქვეყნებული რეიტინგით, 2022 წელს საქართველო დემოკრატიის დონით მსოფლიოში 90-ე ადგილზე იყო (167 ქვეყანას შორის), ანუ 1 ადგილით დაწინაურდა. საქართველოს ქულა 0.08-ით გაიზარდა და 5.20 გახდა. ქულის მატება მოსახლეობის პოლიტიკაში მონაწილეობის ზრდამ განაპირობა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მთავრობის მუშაობასა და საარჩევნო პროცესში აქვს.

რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს

ადგილი

ქვეყანა

ქულა

88

ჰონგ-კონგი

5.28

89

მექსიკა

5.25

90

საქართველო

5.20

91

ჰონდურასი

5.15

92

ტანზანია

5.10

წყარო: Economist Intelligence Unit

8. საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში (+12 ადგილი)

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. საქართველო 2022 წელს რეიტინგში 89-ე ადგილზე იყო (180 ქვეყანას შორის), 2023 წელს კი 77-ე ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგში აღმასვლა საქართველოს ქულის 59.3-დან 61.7- მდე ზრდამ განაპირობა. რადგან 2022 წელს 2021 წლის 5 ივლისის მსგავს მოვლენებს (როდესაც ჟურნალისტებს სცემეს) ადგილი არ ჰქონია, ჟურნალისტთა უსაფრთხოების კომპონენტში საქართველოს ქულა 41.3-დან 61.9-მდე გაიზარდა. სწორედ ამან განაპირობა რეიტინგში საქართველოს 12 ადგილით დაწინაურება. მედიაგარემოს ყველაზე უარყოფით მხარედ პოლარიზება და მედიის მფლობელების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სახელდება.

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს

ადგილი

ქვეყანა

ქულა

75

კომორის კუნძულები

62.25

76

კვიპროსი

61.73

77

საქართველო

61.69

78

გვინეა-ბისაუ

61.57

79

უკრაინა

61.19

წყარო: Reporters Without Borders

9. საქართველო გლობალური თავისუფლების რეიტინგში (+3 ადგილი)

გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. რეიტინგი 210-მდე ქვეყანას და ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. 2023 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2022 წლის რეალობას ასახავს. თავისუფლების რეიტინგი პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების დონის მიხედვით დგება. 2023 წლის რეიტინგით, საქართველოს თავისუფლების ინდექსში 58 ქულა აქვს და 106-ე ადგილს იკავებს. 2022 წელსაც საქართველოს 58 ქულა ჰქონდა და 109-ე ადგილზე იყო. საქართველოს რეიტინგში აღმასვლა სხვა ქვეყნების ქულის შემცირებამ განაპირობა.

რეიტინგში პირველ ადგილს დანია იკავებს

ადგილი

ქვეყანა

ქულა

104

ფიჯი

59

105

ბენინი

59

106

საქართველო

58

107

ნეპალი

58

108

ინდონეზია

58

წყარო: Freedom House

10. საქართველო ჰუმანური განვითარების რეიტინგში (-2 ადგილი)

ჰუმანური განვითარების რეიტინგს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსის ბოლო ანგარიში 190 ქვეყანას მოიცავს და 2022 წლის მდგომარეობას ასახავს. ჰუმანური განვითრების დონე 3 კრიტერიუმზე დაყრდნობით იზომება, ესენია: ჯანდაცვის დონე, განათლების დონე და მოსახლეობის შემოსავლების დონე. ბოლო რეიტინგით საქართველო მსოფლიოში 63-ე ადგილზეა 0.802 ქულით. 2021 წლის რეიტინგით საქართველო 0.812 ქულით მსოფლიოში 61-ე ადგილზე იყო. საქართველოს ქულა 0.01-ით შემცირდა, რამაც რეიტინგში ორი საფეხურით ჩამონაცვლება გამოიწვია.

რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს

ადგილი

ქვეყანა

ქულა

61

პანამა

0.814

62

მალაიზია

0.813

63

საქართველო

0.812

64

მავრიკი

0.810

65

სერბეთი

0.810

წყარო: Human Development Index, UNDP

Comments are closed.