რა გრძელვადიანი ეფექტები ექნება საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდას და შეძლებს საქართველო დაეწიოს საშუალო ევროპულ დონეს ნახევარ საუკუნეში?
2014 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის (წინასწარი შეფასებით) საშუალო მაჩვენებელი 5,9%-ია, რაც მიმდინარე წლის პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ-ის 5%-იანი ზრდის მიღწევის საშუალებას ჯერჯერობით იძლევა. მომდევნო – 2015 წელს ეკონომიკის კვლავ 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი (2016-2018 წლებში 5,5%), რაც, ექსპერტთა და დეპუტატთა გარკვეული ნაწილის აზრით, დაბალი მაჩვენებელია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი დიდი ხანია, აქტიური განხილვის თემას წარმოადგენს და არსებობს მოსაზრება, რომ ეკონომიკის 5%-იანი ზრდით საქართველო საშუალო ევროპულ დონეს ნახევარ საუკუნეშიც ვერ დაეწევა.
შესაბამისად, საინტერესოა საქართველოსა და საშუალო ევროპული დონის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა გრძელვადიან პერსპექტივაში მიმოვიხილოთ და მიღებული საპროგნოზო მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ.
პირველ რიგში აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ დღეს მსოფლიოში არსებული საპროგნოზო მეთოდოლოგიის საფუძველზე მომავალში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზი, ბუნებრივია, ყოველთვის მიახლოებითია. ვარაუდის შედეგად მიღებული მონაცემები რეალურს შეიძლება დაემთხვეს ან ასცდეს ნებისმიერი მიმართულებით (პროგნოზი რაც უფრო კვალიფიციურია, რეალური მონაცემების საპროგნოზოდან გადახრის ალბათობა და ცდომილების ზღვრებიც უფრო მცირეა). თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვარაუდი რაც უფრო ხანგრძლივ პერიოდს ეხება, საპროგნოზო მაჩვენებლების ფაქტობრივიდან გადახრის სულ უფრო მაღალი შანსი არსებობს.
მშპ-ის გრძელვადიან პროგნოზს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აკეთებს: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა; თუმცა 50-წლიანი პროგნოზი მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ არის ჩატარებული. ამ კვლევაში მშპ-ის ზრდის ტემპები და მშპ ერთ სულზე (PPP) სხვადასხვა ქვეყნისთვის არის გამოთვლილი, თუმცა კონკრეტულად საქართველოს შესახებ მონაცემები კვლევაში არ არის ასახული. ამიტომ ამ სტატიაში საქართველოსა და ევროპის ხუთი ქვეყნის რეალური მშპ ერთ სულზე დოლარებში 50 წლის შემდეგ ახლანდელი და გასული წლების მონაცემებზე დაყრდნობით არის გაანგარიშებული.
ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობის განსაზღვრისთვის მშპ ერთ სულზე (PPP Method) უფრო ეფექტიანი მაჩვენებელია. ამ მეთოდის გამოყენებისას, ყველა ქვეყანაში გამოყენებული დოლარის მსყიდველობითი უნარი ერთი და იგივეა და ფასების დონესა და ვალუტის კურსებს შორის სხვაობა ამ მეთოდის გამოყენებისას გამორიცხულია. ვინაიდან ჩვენ საშუალო ევროპული დონის ქვეყნების იდენტიფიცირებაზე ვართ ორიენტირებული და მსოფლიო ბანკი ქვეყნების ეკონომიკის კლასიფიცირებას სწორედ მეშ-ის (მთლიანი ეროვნული შემოსავალი) ერთ სულ მოსახლეზე (Atlas Method) გაანგარიშებით ახდენს, ამიტომ სტატიაში საშუალო ევროპული დონის ქვეყნები სწორედ Atlas-ისა და არა PPP მეთოდის საფუძველზეა გამოკვეთილი. ასევე, Atlas-ის მეთოდით მიღებული მონაცემები რეალურ მშპ-ის მონაცემებთან უფრო ახლოს დგას და მკითხველისთვის ამ მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება უფრო მარტივია.
2013 წელს საქართველოს მეშ ერთ სულ მოსახლეზე – 3,570$-ია და ამ მაჩვენებლით ის დაბალ-საშუალო შემოსავლის (განვითარებადი) მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. რაც შეეხება საშუალო ევროპული დონის ქვეყნებს, მათ მაჩვენებლად შემდეგი ქვეყნებია აღებული: მონტენეგრო (ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა), ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და ჩეხეთი, რომლებიც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა ისინი ამ ჯგუფში უკანა პლანზე იმყოფებიან; შესაბამისად, ეს ქვეყნები სტატიაში საშუალო ევროპული დონის ქვეყნებადაა განხილული.
ვინაიდან ჩვენთვის მხოლოდ რეალური და ნომინალური მშპ-ის ზრდებია ცნობილი და ეკონომიკის რეალურ ზრდას სწორედ მშპ-ის მუდმივ ფასებში ცვლილება გვიჩვენებს, ამიტომ ყველა ქვეყნის შემთხვევაში თავდაპირველად მათი რეალური მშპ ჯერ ეროვნულ ვალუტაშია აღებული, ხოლო შემდეგ ამერიკულ აშშ დოლარში და ერთ სულ მოსახლეზეა გაანგარიშებული. საქართველოს შემთხვევაში მშპ მთელი 50 წლის განმავლობაში მუდმივი სიდიდით 5%-ით არის გაზრდილი, რათა ეკონომიკის სწორედ 5%-იანი ზრდის ეფექტი დაგვეფიქსირებინა (ამ ეტაპზე, ხანგრძლივ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწორედ 5%-იანი ზრდის შედეგია ჩვენთვის საინტერესო). დანარჩენი ქვეყნების შემთხვევაში, მათი გასული 14 წლის ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპებია გამოყვანილი და მომდევნო 50 წლის განმავლობაში მუდმივ მაჩვენებლად არის აღებული (მონტენეგრო – 3,2%, ლატვია – 4,2%, ლიტვა – 4,6%, ჩეხეთი – 2,6% და პოლონეთი – 3,6%). რაც შეეხება დოლარში გადაყვანის და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშების მეთოდოლოგიას, ამ შემთხვევაში ასევე გასული 14 წლის განმავლობაში, თითოეული ქვეყნის გაცვლითი კურსისა და მოსახლეობის საშუალო წლიური მაჩვენებლების პროცენტული ცვლილების საშუალოა გამოყვანილი და 2013 წლის მონაცემზეა დამატებული, რაც მომდევნო 50 წლის განმავლობაში ასევე მუდმივ მაჩვენებლად არის აღებული.
2013 წელს ყველაზე მაღალი მშპ – ერთ სულზე (სტატიაში განხილული 5 ქვეყნიდან) ჩეხეთს აქვს – 17 247, 4 დოლარის ოდენობით, მეორე ადგილი პოლონეთს უკავია – $11 007,5, მესამეზე ლიტვა დგას – $10 348,9, მეოთხეზე ლატვია – $7 349,1; მეხუთეზე მონტენეგრო – $3 384,9 და ბოლოზე საქართველო – $2 010,7. ცხრილიდან ცხადია, რომ დაახლოებით 50 წლის შემდეგ – 2065 წლისთვის – საქართველოს მშპ ერთ სულზე $25 809,6-ზე დაფიქსირდება, რაც მხოლოდ მონტენეგროს მაჩვენებელს – $17 659,3-ს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ განხილული ყველა ევროპული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ნაკლებია, ჩვენი ქვეყანა 5%-იანი ზრდით ამ ქვეყნებს ნახევარ საუკუნეშიც კი ვერ დაეწევა; ერთადერთი გამონაკლისი მონტენეგროა, რომელსაც საქართველო 2044 წელს გაუსწრებს; ამ წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე – $9 264,2-ზე, ხოლო მონტენეგროსი კი $9 152,4-ზე დაფიქსირდება. აქედან ნათელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 5%-იანი ზრდით, სტატიაში განხილული ევროპის 5 ქვეყნიდან მხოლოდ მონტენეგროს, ისიც 30 წელიწადში გაუსწრებს. 2065 წლისთვის ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულზე ლიტვას აქვს $109 334,2-ის ოდენობით, შემდეგ პოლონეთს – $71 694,4, ჩეხეთს – $69 853,6, ლატვიას – $64 937,8, საქართველოს – $25 809,6, დაბოლოს მონტენეგროს – $17 659,3.
2013 წელს ცხრილში განხილული 5 ევროპული ქვეყნის საშუალო რეალური მშპ ერთ სულზე $9 867,5-ია, რაც საქართველოს მაჩვენებელ $2 010,7-ზე დაახლოებით 4,9-ჯერ მეტია. თუ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 50 წლის განმავლობაში 5%-ია, ევროპული ქვეყნების საშუალო ზრდა 3,64%-ია. მიუხედავად იმისა, რომ 3,64%-ი 5%-ზე ნაკლებია, 2065 წლისთვის ევროპული ქვეყნების საშუალო რეალური მშპ ერთ სულზე – $66 695,9 საქართველოს მაჩვენებელ – $25 809,6-ზემაინც 2,6-ჯერ მეტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდის არაეფექტიანობას.
ამ სტატიაში წარმოსახვითი ეკონომიკაა გაანალიზებული და მრავალ თეორიულ ვარიანტთაგან, რაც რეალურად შეიძლება მოხდეს, მხოლოდ ერთი შემთხვევაა განხილული. აუცილებელია შენიშვნის სახით აღვნიშნოთ, რომ ზემოთ მიღებული მონაცემები ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისა, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, მათ მიერ მოცემულ მონაცემებთან შედარებით, უფრო უხეში გამოთვლების საფუძველზეა მიღებული (თუმცა მათი მაჩვენებლებიც მხოლოდ საპროგნოზოა) და შედარებით ნაკლებად მიახლოებითი; თუმცა ამ კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგიის გამო, ზემოთ არსებული მონაცემები კარგი ორიენტაციის საშუალებას იძლევა.
ის, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება 50 წლის შემდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში, ამის პროგნოზი, ბუნებრივია, ზუსტად არავის შეუძლია. 50 წელი ძალიან დიდი პერიოდია და ნებისმიერ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება ახალ ტექნოლოგიებზე, ახალი ფინანსური ინსტიტუტების განვითარებაზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ზემოთ არსებული მონაცემებიდან და ანალიზიდან ნათელია, რომ საქართველო, ეკონომიკის 5%-იანი ზრდის შემთხვევაში საშუალო ევროპული დონის ქვეყნებიდან, როგორიცაა – ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი და მონტენეგრო, მხოლოდ ერთს – მონტენეგროს 30 წლის შემდეგ დაეწევა. ისიც იმიტომ, რომ დღეს მონტენეგროს მშპ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოსთან ყველაზე ახლოს დგას; ამავე დროს მისი ზრდის ტემპი – 3,2% – საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე ნაკლებია. აქედან ჩანს, რომ საშუალო ევროპული დონის ქვეყნებს 30 წელზე ნაკლებ დროში რომ დავეწიოთ, ეკონომიკის 5%-იანი ზრდა ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა (დაბალ-საშუალო შემოსავლის მქონე) მართლაც არასაკმარისია. რეალურად, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ეკონომიკის უფრო მაღალი ტემპით, მაგ. 10%-15%-იანი ზრდაა საჭირო (რაც დღესდღეობით ნაკლებად რეალურია); ხოლო შემდეგ, როგორც ეს თითქმის ყველა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანას ახასიათებს, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება და მისი თუნდაც 3%-მდე შემცირება ისეთი პრობლემატური აღარ იქნება. ამისთვის კი მაკროდონეზე აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ქვეყნის პოტენციალის, რესურსებისა და შედარებითი უპირატესობის მაქსიმალური იდენტიფიცირება და მათი განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ხელშეწყობა მოხდეს; აუცილებელია საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის სისტემის სრულყოფა; პრიორიტეტულ სექტორებში ინვესტიციების (როგორც FDI-ს, ასევე რეზიდენტების მიერ განხორციელებული ინვესტიციების) მოსაზიდად და წარმატებით განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო-პირობების შექმნა; მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანური რესურსების მაქსიმალური გამოყენება; სამუშაო ძალის უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და შრომის ბაზარზე დაქირავებულთათვის ხელფასის საშუალო დონის ამაღლება – განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორში; დღესდღეობით ერთი და იმავე კვალიფიკაციის მქონე კადრს კერძო სექტორში, ძირითადად, უფრო მაღალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე სახელმწიფო სექტორში. ეს უკანასკნელი კი აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს; ამიტომ საჯარო სექტორში მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრის მოზიდვა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.
დატოვე კომენტარი