საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ინვესტორებთან ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვების თაობაზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე განაცხადი უკვე გამოქვეყნდა. ამ საგარეო ვალის მოზიდვაში საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები JP Morgan-ი, Goldman Sachs-ი, ICBC Standard-ი და ქართული საფინანსო ინსტიტუტები TBC Capital-ი და Galt&Taggart-ი ეხმარებიან.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინფორმატში შეხვედრები საერთაშორისო ინვესტორებთან გუშინ დაიწყო, რომელიც დღეს დასრულდება.
„საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევრობონდებზე დაფიქსირდება მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით, რომელიც 6.875%-ს შეადგენდა”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ახალი $500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება. ამ ვალის ძირი თანხის – $500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა სწორედ გუშინ იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების (ნაშთის) მეშვეობით მოახდინეს.
პარალელურად, გუშინ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც ეროვნული ბანკი იტყობინება, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
„მოთხოვნამ 62 285 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 8.430%-ით, მაქსიმალური – 8.490%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455%-ით განისაზღვრა“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
დატოვე კომენტარი