ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, აშშ-ში ორგანული ღვინის იმპორტიორთა ათეულში საქართველოც შედის. კერძოდ, ქვეყანა რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს – 2023 წელს საქართველოდან ამერიკაში 373,000 აშშ დოლარის წითელი და თეთრი ორგანული ღვინო გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ სიაში პირველი ახალი ზელანდიაა (127.1 მლნ აშშ დოლარი) – სწორედ ამ ქვეყნიდან შედის აშშ-ში ორგანული ღვინის 80%. მეორე ადგილზეა იტალია (12.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე – საფრანგეთი (6.6 მლნ აშშ დოლარი).
ისიც უნდა ითქვას, რომ შეერთებულ შტატებში ღვინის მთლიან საიმპორტო ღირებულებაში ორგანული ღვინის წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, 87% კი თეთრ ღვინოზე მოდის.
ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოდან 259 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ კი 89.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.