ძველი აბრეშუმის გზა, ან აბრეშუმის გზები, როგორც მას დღეს უწოდებენ, უძველესი სავაჭრო მარშრუტი იყო, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთიდან ძველი და შუა საუკუნეების პერიოდის (რომის/ბიზანტიის იმპერია, სასანიანთა ირანი, არაბთა სახალიფო და სხვ.) განმავლობაში მიემართებოდა სხვადასხვა მიმართულებით ევრაზიაში არსებულ ძირითად ბაზრებამდე (ინდოეთი, ხმელთაშუა ზღვა და ა. შ.). ამ სავაჭრო მარშრუტებისთვის დამახასიათებელი იყო ერთი მნიშვნელოვანი რამ: დროთა განმავლობაში ხშირი იყო არსებული სავაჭრო გზების შეცვლა. ეს კი, ძირითადად, არსებული პოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული, რაც ალტერნატიული მარშრუტების მოძიების საჭიროებას აჩენდა ცენტრალური აზიიდან და დასავლეთ ჩინეთიდან როგორც ძვირფასი, ისე აუცილებელი პროდუქციის მისაღებად.
საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ქვეყანა ძველ დროს თუ შუა საუკუნეებში ყოველთვის იყო აბრეშუმის სავაჭრო გზის განუყოფელი ნაწილი. ეს ისწავლება სკოლებში, ხშირად საუნივერსიტეტო დონეზეც, თუმცა ამ მოსაზრების არგუმენტირება არ ხდება. ისტორიული რეალობა კი უფრო რთული იყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ გახლდათ ჩაბმული იმდროინდელ სავაჭრო საქმიანობაში. პირიქით, ქართული თუ უცხოური წყაროები ადასტურებენ, რომ ქვეყანაში თითქმის ყველაფრის შეძენა შეიძლებოდა, რაც მახლობელ აღმოსავლეთში იყო მიმოქცევაში.
პრობლემა კი ის არის, რომ ჩვენ ხშირად აბრეშუმის სავაჭრო ისტორია ლოგისტიკა გზა ერთ უცვლელ მარშრუტად წარმოგვიდგენია, როცა სინამდვილეში ეს იყო არსებული მრავალი გზის გაერთიანება.
შესაბამისად, საქართველოში გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, საჭიროა ითქვას, რომ ქვეყანაში მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, როდესაც ძირითადი გზები იბლოკებოდა პოლიტიკური მოვლენებისა თუ ეკონომიკური პრობლემების შედეგად. ხშირად საქართველოზე გადიოდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზა, რომელიც საქართველოს ირანთან, ასევე მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან აკავშირებდა. თუმცა იყო პერიოდებიც, როდესაც საუკუნეების განმავლობაში ძირითადი სავაჭრო გზები საქართველოს გარშემოვლით ფუნქციონირებდა. ამრიგად, ძნელია იმის თქმა, იყო თუ არა საქართველო სრულად ჩაბმული მსოფლიო სავაჭრო გზებში.
გადიოდა თუ არა სავაჭრო გზები საქართველოზე, ასევე იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ძალები იკრიბებოდა ჩვენ გარშემო. მაგალითად, მე-19 საუკუნეში რუსებმა ევროპული პროდუქციის ირანში გასატარებლად ქართული სატრანზიტო მარშრუტი გამოიყენეს. მაგრამ ამ კომერციული გზების წარმატება საბოლოოდ დამოკიდებული იყო რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ასევე ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველო პრაქტიკულად გამოეთიშა საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტებს.
აბრეშუმის სავაჭრო გზის იდეა ისევ გამოცოცხლდა 2013 წელს ჩინეთის მიერ პროექტ “ერთი სარტყლისა და ერთი გზის ინიციატივის” წამოყენებით. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ, მაგალითად, თამარის ეპოქიდან მოყოლებული, საქართველოს არასდროს გასჩენია მსგავსი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარება, აღმოსავლეთსა (ჩინეთი) და დასავლეთს (ევროპა) შორის სავაჭრო ტრანზიტულ ქვეყანად ქცეულიყო.
ვაჭრობის გარდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ენერგეტიკული ტრანზიტული დერეფანი კასპიის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპამდე მიმავალ გზაზე.
მართალია ისიც, რომ, გლობალურად, საქართველოზე ცოტა რამ არის დამოკიდებული. თანამედროვე ეპოქაში უმნიშვნელოვანესია ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო ზრდა და ამით გამოწვეული პოტენციური შეჯახება აშშ- სა და ჩინეთს შორის. ჩინეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნავთობისა და გაზის რესურსებით, რომლებიც ამჟამად ძირითადად მალაკის სრუტის გავლით შედის ქვეყანაში. აშშ-ის საზღვაო დომინირების დროს, ეს ჩინეთს საფრთხეს უქმნის.
დღემდე გამოქვეყნებულ არც ერთ სიაში არც საქართველო და არც სამხრეთი კავკასია არ შედიან “ერთი სარტყლისა და ერთი გზის ინიციატივაში”. ეს დიდ კითხვებს იწვევს ანალიტიკოსებში, თუ რა როლს შეასრულებს საქართველო ჩინეთის ამ გლობალურ პროექტში.
ბევრი ფიქრობს, რომ ჩინეთი ნაკლებადაა დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის მარშრუტით. თუმცა ისევე როგორც ძველი აბრეშუმის გზები, რომლებზეც ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ, “ერთი სარტყლის, ერთი გზის ინიციატივა” არ არის სტატიკური; ის მუდმივად იცვლება და სავარაუდოა, რომ პეკინი ყოველთვის შეცვლის/დაამატებს სავაჭრო მარშრუტებს ევრაზიაში არსებული მზარდი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების მიხედვით. ეს ჰგავს იმას, თუ როგორ იცვლებოდა სავაჭრო მარშრუტები უძველეს დროსა და შუა საუკუნეებში.
ამრიგად, ჩინეთს აქვს და მომავალში ექნება ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ქვეყნის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ შეიძლება მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩინეთ-ევროპის სავაჭრო ურთიერთობებში.
დავუბრუნდეთ ძველ დროს და ხელახლა დავსვათ კითხვა: გადიოდა თუ არა დიდი სავაჭრო – აბრეშუმის – გზები საქართველოზე? როგორც დავინახეთ, დიდი სავაჭრო გზების მარშრუტები ცვალებადი იყო. საქმე ისაა, რომ სავაჭრო გზების გამოყენების ინტენსივობა დიდწილად დამოკიდებული იყო მახლობელი აღმოსავლეთის იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელსაც ბიზანტია-სპარსეთის ომები, შემოსევები, ეკონომიკური კრიზისი და სხვა ფაქტორები განსაზღვრავდა.
შესაბამისად, ცალსახად იმის მტკიცება ან უარყოფა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა/არ გადიოდა, არ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს.
დატოვე კომენტარი