ამერიკული Forbes-ი იმ 15 საუკეთესო ევროპულ მიმართულებას ასახელებს, რომლებიც მზად არიან კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი მოგზაურების მასპინძლობისთვის. მათ შორისაა საქართველოც.
მაშინ როდესაც ევროკომისია ემზადება ახალი ციფრული კოვიდ-პასპორტების გამოსაშვებად, რამდენიმე ქვეყანა აღნიშნულ დოკუმენტს აღიარებს და ტურისტების შედარებით მსუბუქი პირობებით მიღების მზაობას გამოთქვამს, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამ წელს მაინც არ ჩავარდეს.
ევროკავშირი კოვიდ-პასორტების იმ მოქალაქეებისთვის გაცემას გეგმავს, რომლებიც ვაქცინაციას სრულად ჩაიტარებენ, ეს მათ მოგზაურობის შესაძლებლობას კოვიდ-ტესტისა და კარანტინის გარეშე მისცემს. დოკუმენტში აღნიშნული იქნება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ჯანდაცვის სისტემის იდენტიფიკატორი, ტესტის გაკეთების დრო, ვაქცინის გაკეთების თარიღი და ა.შ.
პირველი ქვეყანა, რომელიც კოვიდ-პასპორტების გაცემას იწყებს, ისლანდიაა. ეს ქვეყანა ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატების აღიარებას აპირებს. მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მზად არიან საბერძნეთი და პორტუგალია, ასევე საქართველო, შვედეთი, დანია, ესპანეთი და სხვა. აღნიშნული ქვეყნები აცრილ მოგზაურებს შემსუბუქებული ზომებით მიიღებენ.
„გასულ წელს თბილისი ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. საქართველომ შეძლო კოვიდისგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ტურისტული მიმართულების სტატუსის შენარჩუნება.
კულტურა, ბუნება, ისტორია, გასტრონომიული აღმოჩენები და შოპინგი – თბილისი ნომერ პირველი ქალაქია ყველაზე ტრენდულ ევროპულ მიმართულებებს შორის ზაფხულისთვის“, – წერს ამერიკული Forbes-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო კარანტინისა და დამატებითი ტესტირების გარეშე შეუშვებს ნებისმიერი ქვეყნის ტურისტებს, რომელთაც ვაქცინა უკვე გაკეთებული ექნებათ.
რაც შეეხება დანარჩენ 14 საუკეთესო ევროპულ ტურისტულ მიმართულებას, სადაც აცრილი ადამიანები თავისუფლად შეძლებენ მოგზაურობას, შემდეგია:
- მადეირა, პორტუგალია
- კუნძული კეფალონია, საბერძნეთი
- აზორის კუნძულები, პორტუგალია
- კრეტა, საბერძნეთი
- ისლანდია
- ცავტატი, ხორვატია
- სევილია, ესპანეთი
- ათენი, საბერძნეთი
- რუბერგ კნუდი, დანია
- როდოსი, საბერძნეთი
- კოპენჰაგენი, დანია
- კანარის კუნძულები, ესპანეთი
- კუნძული კოსი, საბერძნეთი
- სტოკჰოლმი, შვედეთი