საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, – მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარეობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინოვაციური დაფინანსებისკენ მიმართულ გლობალურ საქმიანობაში. “ჩვენ დიდ იმედებს ვუკავშირებთ ამ ახალ როლს. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ გაეროსთან, მთავრობებთან, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევძლებთ გლობალური მოქმედების გააქტიურებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმინისტრმა ინოვაციური დაფინანსების წარმატებულ მაგალითად დაასახელა საქართველოს სოლიდარობის ფონდი – ინოვაციური დაფინანსების და მიკრო-ფილანთროპიის ინტეგრირებული პლატფორმა, რომელმაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის მიზნის გარშემო 60 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 50 კომპანია გააერთიანა. საქართველოს, როგორც სამდივნოს თავმჯდომარეს, პროფესორი, პარლამენტის წევრი, საქართველოს სოლიდარობის ფონდის თანადამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ჯაში წარმოადგენს. მაღალი დონის ღონისძიება – “ინოვაციური დაფინანსების განმტკიცება 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებისთვის”, საფრანგეთისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მუდმივი სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.
დატოვე კომენტარი