საქართველო კიბერუსაფრთხოების გლობალურ რეიტინგში მსოფლიოში მერვე ადგილზეა. ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო – საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) ადგენს და მასში მსოფლიოს 165 ქვეყანა შედის.
რეიტინგი 2 წელში ერთხელ ქვეყნდება და მისი ათეული შემდეგია: სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, მალაიზია, ომანი, ესტონეთი, მავრიკი, ავსტრია, საქართველო, საფრანგეთი, კანადა.
რეგიონის ქვეყნებში საქართველო პირველ ადგილს იკავებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2008 წელს განხორციელებული მასშტაბური კიბერ თავდასხმების შემდეგ, ქვეყანამ საინფორმაციო სისტემების განვითარების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგა.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ინტერნეტს მსოფლიოს ნახევარი, – 3,5 მილიარდი ადამიანი მოიხმარდა. 2020 წლისთვის ინტერნეტთან 12 მილიარდზე მეტი მოწყობილობა იქნება დაკავშირებული.
რეიტინგის შესადგენად 5 ინდიკატორი გამოიყენება: სამართლებრივი ჩარჩო, ტექნიკური ინსტიტუტები, სტრატეგიასა და არსებულ ინსტიტუტებს შორის კოორდინაცია, სასწავლო პროგრამები და კოოპერაცია.
წინა რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებდა.
დატოვე კომენტარი