ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების (Doing Business) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა 83.28 ქულით.
საქართველოს მხოლოდ ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, ჰონკონგი და სამხრეთი კორეა უსწრებს. გასულ წელს საქართველოს 82.80 ქულა ჰქონდა და მე-9 ადგილზე იყო.
მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული. ბიზნესის კეთების რეიტინგი ქვეყნებში ბიზნესის დაწყების, მართვისა და დახურვის სახელმწიფო რეგულაციების სიმარტივეს ზომავს.
საქართველოში ბიზნესის კეთების რეიტინგი, განსაკუთრებით ინგლისური სახელწოდებით – “Doing Business”, საკმაოდ პოპულარულია. პოპულარობას თავისი საინტერესო ისტორია აქვს. 2005 წლიდან საქართველომ სწრაფი პროგრესი დაიწყო რეიტინგში და მე-100 ადგილს მალევე დაშორდა. 2006 წელს უკვე 37-ე იყო, 2013-ში – მე-9. წინა ხელისუფლების დროს, 2005-2012 წლებში აღნიშნულ რეიტინგზე დიდი აქცენტი კეთდებოდა და, შეიძლება ითქვას, ზოგიერთი რეფორმის მიზანიც კი იყო რეიტინგის გაუმჯობესება. დადებითი შედეგიც არ აყოვნებდა. სხვა რეიტინგებთან ერთად, ბიზნესის კეთების რეიტინგში სწრაფი პროგრესი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. ამ პერიოდში მსოფლიო ბანკმა ორჯერ დაასახელა საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად.
საქართველოს რეიტინგი მცირედით გაუარესდა 2010-2011-სა და 2014-2015 წლებში, რაც ძირითადად ინდექსის შედგენის მეთოდოლოგიის ცვლილებით იყო განპირობებული.
2012 წლამდე პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლების აღნიშნულ რეიტინგში წინსვლას არაფრის მომცემად თვლიდა და ამბობდა, რომ ეს ინდექსი რეალობას არ ასახავს. ეს ნაწილობრივ სიმართლეც იყო, რადგან ინდექსს კონკრეტული დანიშნულება აქვს: შეაფასოს ბიუროკრატიული პროცედურების, იმავე რეგულაციების ტვირთი ბიზნესის კეთებაზე. ინდექსში არ ხვდება ისეთი გარემოებები, როგორიც არის: პოლიტიკური სტაბილურობა, რუსული აგრესიის საფრთხე, კორუფციის დონე, განათლების დონე, კანონის უზენაესობა და ა.შ., რაც ბიზნესგარემოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ინდექსთან დაკავშირებით იმავეს იმეორებდა, რომ მასზე ზედმეტი აქცენტი კეთდება და ის რეალობას არ ასახავს. ბიძინა ივანიშვილმა ეს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც კი აღნიშნა.
თუ 2010-2012 წლებში ყოველწლიურად 4-5 ისეთი რეფორმა ტარდებოდა, რაც საქართველოს პოზიციებს ბიზნესის კეთების რეიტინგში აუმჯობესებდა, 2013-2014 წლებში მხოლოდ თითო- თითო რეფორმა გატარდა. ამას თან ინდექსის მეთოდოლოგიის ცვლილება დაერთო და შეუძლებელი გახდა იმის ზუსტი შეფასება, რომ თუ არა მეთოდოლოგიის ცვლილება, მაინც ჩამოქვეითდებოდა თუ არა საქართველო რეიტინგში.
2016 წლიდან ინდექსის მიმართ მიდგომა შეიცვალა და ხელისუფლებამ ისევ მიზნად დაისახა რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესება. ამის მიზეზი კარგად ნაცნობი გამოცდილება იყო, რომ ქვეყნის ბიზნესგარემოს პიარისთვის და ინვესტორებისთვის გასაცნობად, ასეთ რეიტინგებში წინსვლა მოგებიანია. 2016 წელს ხუთი რეფორმა გატარდა, ხოლო 2017-2018 წლებში სამ-სამი. შედეგმაც არ დააყოვნა, საქართველომ რეკორდულად მაღალ პოზიციაზე – მე-6- ზე გადაინაცვლა.
ბიზნესის კეთების ინდექსი 10 კომპონენტისგან შედგება, რომელთა შეჯამება ქვეყნის საბოლოო ქულას და რეიტინგს გვაძლევს. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (99.3) და ადგილი (მე-2 ადგილი მსოფლიოში) ბიზნესის დაწყების კომპონენტში აქვს. საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია ორ დღეში, მინიმალური აუცილებელი თანხის გარეშეა შესაძლებელი.
საქართველო მე-2 ადგილზეა ასევე მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვით, თუმცა ქულა 81.7 აქვს. მე-4 ადგილზეა ქონების რეგისტრაციის სიმარტივით. ყველაზე დაბალი ადგილი (მე-60) საქართველოს ბიზნესის დახურვის კუთხით აქვს, რაც ხანგრძლივი დროით, ხარჯითა და დავალიანების დაფარვის დაბალი მაჩვენებლითაა გამოწვეული.
წელს, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს წინსვლა (ქულის გაუმჯობესება) მხოლოდ სამ კომპონენტში არა აქვს, ესენია: სესხზე ხელმისაწვდომობა, მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა და საგარეო ვაჭრობა. ყველაზე მეტად კი საქართველოს ქულა გადასახადების გადახდაში, ბიზნესის დაწყებასა და კონტრაქტის პირობების აღსრულებაში გაუმჯობესდა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ბიზნესის კეთების გამარტივების მიზნით სამი რეფორმა გატარდა: 1. კომპანიების გაერთიანების დროს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირება სავალდებულო აღარ არის, რამაც ბიზნესის დაწყების კომპონენტი გააუმჯობესა; 2. მოგების გადასახადის რეფორმა, რამაც გადასახადების გადახდის კომპონენტი გააუმჯობესა და 3. გაუმჯობესდა კონტრაქტების აღსრულების კომპონენტიც, რადგან დაინერგა მოსამართლეებზე საქმეების განაწილების ავტომატური, შემთხვევითობის წესი.
მე-6 ადგილზე გადასვლამ საქართველოში კითხვები გააჩინა, თუ რატომ არ აისახება ეს შედეგი უფრო მეტად ქვეყანაში მოზიდულ ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდაზე. ამის პასუხი ნაწილობრივ უკვე დავწერე: ეს ინდექსი ყოვლისმომცველი არ არის, როგორიც, მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსია, სადაც საქართველო 66-ე ადგილზეა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი ნაწილობრივ ბიზნესის კეთების ინდექსის კომპონენტებსაც ეყრდნობა, თორემ საქართველო კიდევ უფრო ქვემოთ იქნებოდა რეიტინგში.
ზოგადად, ბიზნესგარემო გაცილებით მეტად კომპლექსურია, ვიდრე ეს ბიზნესის კეთების ინდექსის კომპონენტებია. მით უმეტეს, თუ ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, მაშინ ქვეყნის ცხოვრების ნებისმიერი კომპონენტი ბიზნესგარემოა, გავლენების სხვადასხვა დონით. მაგალითად, 2017-2018 წლებში მსოფლიოს დაახლოებით 200 ქვეყანას შორის ყველაზე სწრაფად ეთიოპიის, კოტ- დ’ ივუარისა და ბანგლადეშის ეკონომიკები გაიზარდა. ამ დროს, ბიზნესის კეთების რეიტინგში, 190 ქვეყანას შორის, ეთიოპია – 159-ზე, კოტ დ’ ივუარი – 122-ზე, ხოლო ბანგლადეში 176-ე ადგილზეა. ეს პარადოქსი ძირითადად იმით აიხსნება, რომ ეს ქვეყნები ჩვენზე მეტად ღარიბია და სამუშაო ძალა იქ გაცილებით იაფია, უცხოური ინვესტიციების შესვლას კი არ აბრკოლებენ. აღნიშნულ ქვეყნებში ის მხარეებიც რომ მოწესრიგებული იყოს, რაც ბიზნესის კეთების რეიტინგში აისახება, კიდევ უფრო სწრაფად განვითარდებოდნენ.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, გამოდის, რომ ბიზნესის კეთების ინდექსში შემავალ კომპონენტებში ლიდერობა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობია, მაგრამ არასაკმარისი. უღარიბესი ქვეყნების შემთხვევაში კი არც აუცილებელია, სანამ ძირითადი უპირატესობა იაფი სამუშაო ძალაა. საქართველო უკვე იმ მდგომარეობაშია, სადაც რეიტინგის კომპონენტების გაუმჯობესების მცირე არეალი დარჩა და მე-6 ადგილი უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას სხვა ფუნდამენტური პრობლემები აქვს, რაც აღნიშნულ ინდექსში არ აისახება. პირველ რიგში, ესენია: განათლების დაბალი დონე, რუსული აგრესია, სუსტი კანონის უზენაესობა (კორუფცია, სასამართლოს არაეფექტიანობა, არასათანადოდ დაცული კერძო საკუთრება) და დემოკრატიის დაბალი დონე, რაც სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის აუცილებელია.
დატოვე კომენტარი