საქართველო პანდემიის გამო დაკარგულ ტურისტებს იბრუნებს

საქართველო პანდემიის გამო დაკარგულ ტურისტებს იბრუნებს

საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტურიზმისგან შემოსულ თანხაზე. მაკროეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და ლარის კურსის სტაბილურობაც მნიშვნელოვანწილად ტურიზმზეა მიბმული. 2022 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობაში საქართველოს $5-მილიარდიანი დეფიციტი ჰქონდა, რომლის 3 მილიარდი დოლარი ტურისტებისგან მიღებულმა თანხამ დაფარა.

საინტერესოა, როგორია ტურიზმის მხრივ მიმდინარე წელი. 2023 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიზიტორების, მათ შორის ტურისტების სტატისტიკის გამოქვეყნება კვარტალურად დაიწყო (2023 წლამდე ყოველთვიურად აქვეყნებდა) და ამ დროისთვის პირველი ორი კვარტალის, ანუ იანვარ-ივნისის სტატისტიკაა ხელმისაწვდომი. ვიზიტორების სტატისტიკა ტურისტებთან ერთად ერთდღიან და ტრანზიტულ ვიზიტებსაც მოიცავს. ტურისტად ითვლება ვიზიტორი, თუ საქართველოში მინიმუმ 24 საათი დარჩა.

საქართველოში შემოსული ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა იანვარ-ივნისში, მლნ კაცი

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 2.9 მლნ უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რომელთაგან ტურისტი 1.9 მლნ იყო. 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 76%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტურისტების რაოდენობა – 60%-ით. თუმცა პანდემიამდელ, 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ ჩამორჩება 26%-ით, ხოლო ტურისტების რაოდენობა – 9%-ით. 2019 წლის პირველ ნახევარში 1 მლნ ტურისტით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2023 წლის პირველ ნახევარში.

ნომინალურ რიცხვებში 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1.2 მლნ-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. აღნიშნული ზრდიდან 850 ათასი მხოლოდ 3 ქვეყანაზე მოდიოდა: რუსეთზე, თურქეთსა და სომხეთზე.

10 ქვეყანა, საიდანაც 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

2023, 6 თვეცვლილება 2022 წლის 6 თვესთან

წილი ვიზიტორების მთლიან რაოდენობაში

თურქეთი

582,527

122.2%

20.4%

რუსეთი

577,632

133.7%

20.2%

სომხეთი

397,116

102.8%

13.9%

ისრაელი

106,530

26.0%

3.7%

აზერბაიჯანი

85,777

29.2%

3.0%

უკრაინა

67,040

-5.4%

2.3%

ყაზახეთი

57,771

27.3%

2.0%

ირანი

50,932

36.8%

1.8%

ბელარუსი

44,570

6.2%

1.6%

პოლონეთი36,103139.4%

1.3%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე მეტი – 583 ათასი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა, შემდეგ მოდის რუსეთი 578 ათასი ვიზიტორით და სომხეთი 397 ათასი ვიზიტორით. 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით თურქეთიდან ვიზიტორების რიცხვი 122%-ით გაიზარდა, ზრდაა 2019 წელთან შედარებითაც – 17%. რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით 134%-ით მეტია, თუმცა 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით 17%-ით ნაკლებია. თურქეთსა და რუსეთზე საქართველოში შემოსული ვიზიტორების 41% მოდის.

პანდემიამდე საქართველოში შემოსულ ვიზიტორებში აზერბაიჯანი პირველ სამეულში იყო. თუმცა, პანდემიის დასრულების მიუხედავად, აზერბაიჯანს საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი დღემდე არ გაუხსნია (ოფიციალური მიზეზი ისევ პანდემიის კონტროლია), რაც ვიზიტორების რაოდენობას აშკარად ეტყობა. 2023 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან 86 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 29%-ით მეტია, მაგრამ 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე 86%-ით ნაკლებია. რომ არა ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი, იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან დაახლოებით 500 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდოდა.

ტოპ-5 ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორების წილი მთლიან ვიზიტორებში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ევროკავშირის ქვეყნებიდან 2023 წლის იანვარ-ივნისში 162 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 22 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 66%-ით მეტია, თუმცა 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით 12%-ით ნაკლებია. ევროკავშირიდან ყველაზე მეტი – 36 ათასი ვიზიტორი პოლონეთიდან შემოვიდა, შემდეგ მოდის გერმანია 25 ათასით და ლატვია 9.5 ათასით. ყველაზე დიდი ზრდაც ამ ქვეყნებიდან არის. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, 21 ქვეყნიდან უფრო ნაკლები შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის პირველ ნახევარში.

თურქეთზე, რუსეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანსა და ევროკავშირზე საქართველოში შემოსული ვიზიტორების 63% მოდის. 2015 წლის შემდეგ ვიზიტორებში ყველაზე მეტად რუსეთის წილი გაიზარდა 12.%-დან 20.2%-მდე. ევროკავშირის წილი 3.4%-დან 5.7%-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტად აზერბაიჯანის წილი შემცირდა, 18.3%-დან 3%-მდე. 2019 წლის შემდეგ ყველაზე მეტად თურქეთის წილია გაზრდილი, 12.4%-დან 20.4%-მდე. რუსეთის წილი 4.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირის – 0.5 პროცენტული პუნქტით. აზერბაიჯანისა და სომხეთის წილები შემცირდა.

ტურიზმში მთავარი ინტერესი შემოსავალია. რაც მეტი და მაღალბიუჯეტიანი ტურისტი შემოდის საქართველოში, მით უფრო იზრდება მოსახლეობის შემოსავალი. გარდა ამისა, დადებითი მაკროეკონომიკური ეფექტი აქვს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ლარის კურსის სტაბილურობას უწყობს ხელს.

საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან, იანვარ-ივნისი, მლნ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2023 წლის პირველ ნახევარში ტურისტებმა საქართველოში 1.8 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 58%-ით (662 მლნ დოლარით) მეტია 2022 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს, 2023 წლის პირველ ნახევარში ტურისტების დანახარჯებმა 2019 მაჩვენებელსაც გადააჭარბა 24%-ით. ეს ნიშნავს, რომ ახლა უფრო მაღალბიუჯეტიანი ტურისტები ჩამოდიან, ვიდრე 2019 წელს. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ 2019 წელთან შედარებით ყველაზე დიდი კლება აზერბაიჯანელ ვიზიტორებში გვაქვს, რომლებიც დაბალი დანახარჯებით გამოირჩეოდნენ.

2023 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული 1.8 მილიარდი დოლარიდან ყველაზე მაღალი წილი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის – 27%, რაც თანხაში 482 მლნ დოლარია. შემდეგ მოდის თურქეთი, რომლის მოქალაქეებმა 264 მლნ დოლარი დახარჯეს და ევროკავშირი, რომლის მოქალაქეებმა 216 მლნ დოლარი დახარჯეს. 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების დანახარჯებში ზრდა 263 მლნ დოლარია, თურქეთის მოქალაქეების დანახარჯებში – 155 მლნ დოლარი და ევროკავშირის მოქალაქეების დანახარჯებში – 95 მლნ დოლარი. პროცენტულად ყველაზე მეტი ზრდა (143%) თურქეთის მოქალაქეების ხარჯებშია. კლება დაფიქსირდა ბელარუსის (-74 მლნ დოლარი), საუდის არაბეთის (-16 მლნ დოლარი) და უკრაინის (-6 მლნ დოლარი) მოქალაქეების ხარჯებში.

ერთი ტურისტის საშუალო დანახარჯი ქვეყნების მიხედვით, იანვარ-ივნისი, მლნ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2023 წლის პირველ ნახევარში ერთმა უცხოელმა მოგზაურმა საქართველოში საშუალოდ 631 დოლარი დახარჯა. საქართველოსთვის მსხვილი ტურისტული ქვეყნებიდან, საშუალოდ ყველაზე მეტს ისრაელელი მოგზაური ხარჯავს საქართველოში – 1,392 დოლარს. შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მოდიან, რომლებიც ერთ ვიზიტზე საშუალოდ 1,332 დოლარს ხარჯავენ. რუსეთის მოქალაქეები საშუალოდ 835 დოლარს ხარჯავენ. ყველაზე ცოტას კი სომხეთის მოქალაქეები ხარჯავენ – საშუალოდ 170 დოლარს, რაც 1-2 დღიან ვიზიტებზე მიანიშნებს.

2023 წელს ტურიზმი საქართველოს საგარეო შემოსავლის ისევ ძირითადი წყარო იქნება და მოგზაურებისგან მიღებული თანხა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. თუ აზერბაიჯანი საქართველოსთან სახმელეთო საზღვარს გახსნის, ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს სავარაუდოდ 2024 წელს დაუბრუნდება. თუმცა აშკარაა დაბალბიუჯეტიანი ტურისტის შედარებით მაღალბიუჯეტიანით ჩანაცვლება, რამაც ტურიზმიდან შემოსავლები პანდემიამდელ დონეზე მეტადაც კი გაზარდა.

Comments are closed.