„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან უარყოფდა იმას, რომ რუსეთთან ვაჭრობა მტერ ქვეყანაზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოკიდებულებას გაზრდიდა. „პალიტრა ნიუსთან“ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო არის ღია ეკონომიკის ქვეყანა“ და, შესაბამისად, ის სავაჭრო პრეფერენციებსა და რეგულაციებს არ აწესებს. ეს პოზიცია მან შემდეგნაირად განმარტა:
„ღია, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბიზნესი თავად მოიძიებს ბაზრებს, სადაც შეუძლია, ძვირად გაყიდოს საკუთარი პროდუქტი ან უფრო იაფად შემოიტანოს. ასეთია საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპი. თუ დღეს არსებულ ვითარებას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ რუსულ ფქვილსა და საწვავზე მოთხოვნა გაზრდილია. რატომ? იმიტომ, რომ ბიზნესი ამ პროდუქტებს რუსეთში უფრო იაფად ყიდულობს. ბიზნესი თავად იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო არაფერში მონაწილეობს. თუ ბიზნესი თურქეთში უფრო იაფ ფქვილს ნახავს, თურქულს იყიდის“.
იმაზე, რომ „თავისუფალი ეკონომიკის“ არსებობა მტრულად განწყობილი ქვეყნის მიერ ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას არ გამორიცხავს, პაპუაშვილს არაფერი უთქვამს. თუმცა ასეთი მაგალითები მსოფლიოში მრავლად გვაქვს.
შორს რომ არ წავიდეთ, რუსეთი, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აქტიურად ახორციელებდა საქართველოზე ეკონომიკურ ზეწოლას. როგორც ჩანს, საქართველოში უახლესი ისტორიის გადამეორება ბევრს გვჭირდება. ამიტომ ქვემოთ ჯერ ბოლო ორი ათწლეულის მოვლენებს გავიხსენებ და შემდეგ ამჟამინდელ საგანგაშო მდგომარეობაზე – რუსულ ეკონომიკურ ხაფანგზე გავამახვილებ ყურადღებას.
„ვარდების რევოლუციით“ და საქართველოს დსთ-დან გამოსვლის პერსპექტივით უკმაყოფილო კრემლმა პირველი სერიოზული დარტყმა საქართველოს ეკონომიკას ბუნებრივი აირის გაძვირების გზით მიაყენა. 2004–2006 წლებში რუსეთმა კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი საქართველოს თითქმის 5-ჯერ გაუზარდა. შედეგად, 2007 წლისთვის საქართველოს რუსეთიდან გაზის იმპორტში 300 მილიონი დოლარის გადახდა უწევდა. ეს მაშინდელი საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 10% იყო (!).
ამ პერიოდში რუსეთი მხოლოდ გაზის გაძვირებით არ დაკმაყოფილებულა. 2006 წლის 22 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიაში „გაზპრომის“ მილსადენი საეჭვო ვითარებაში აფეთქდა. რამდენიმე დღის წინ კრემლმა გაზის მიწოდება უკრაინასაც შეუწყვიტა. (საბედნიეროდ, 2008 წელს საქართველომ რუსული გაზი სწრაფად ჩაანაცვლა შედარებით იაფი აზერბაიჯანული გაზით.)
ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტის პარალელურად, რუსეთმა საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ემბარგოთიც დასაჯა. 2006 წლის მარტში კრემლმა, „ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე“, ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ღვინის ექსპორტი საქართველოს მთლიანი ექსპორტის 10%-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოსთვის ღვინის ექსპორტი ათჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საფრანგეთისთვის ან იტალიისთვის. ღვინის ემბარგოს დაწესებიდან ორ თვეში კრემლმა მინერალური წყლების ორ ქართულ ბრენდსაც აუკრძალა პროდუქციის რუსეთში შეტანა.
2006 წლის ივნისში რუსეთიდან 2300-მდე ქართველს გაუკეთეს დეპორტაცია. გამოძევებული ქართველები რუსულ სატვირთო თვითმფრინავებში შერეკეს და ისე გადმოაფრინეს საქართველოში. რუსეთში მიგრანტებზე განხორციელებული რეიდების შედეგად, სამი ქართველი დაიღუპა, რვა თვის ფეხმძიმე ქალს კი მუცელი მოეშალა. მოგვიანებით, 2014 წელს, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ე.წ. სტრასბურგის სასამართლომ) დაადგინა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული დეპორტაციების დროს ადამიანის უფლებები დაირღვა და მოსკოვს ამისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2006 წლის ოქტომბერში რუსეთმა საქართველოს სატრანსპორტო სანქციები დაუწესა. იქამდე, საქართველოში ოთხი რუსი ოფიცერი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს და რუსეთში გააძევეს. რუსული სანქციების ფარგლებში, საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო და საფოსტო კომუნიკაციები ორ ქვეყანას შორის სრულიად შეწყდა. საქართველოს ეკონომიკამ ამით კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო.
რუსეთის მხრიდან საქართველოს ეკონომიკასა და საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებული ზემოაღნიშნული სანქციების მიუხედავად, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ბაზრის გახსნის სურვილი გამოთქვა. რუსეთმა 2013 წელს მართლაც გაგვიხსნა ბაზარი. ამ პერიოდიდან მოყოლებული რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები თითქმის შეუფერხებლად ვითარდებოდა (თუ არ ჩავთვლით 2019 წელს კრემლის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას).
2023 წლის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ტენდენცია საგანგაშოა. საქსტატის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, კავკასიის უნივერსიტეტის მართვის სკოლის მაგისტრანტმა, ირაკლი სვანიძემ საქართველოს რუსეთზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება გააანალიზა. ქვემოთ კვლევის შედეგებს მოკლედ მიმოვიხილავ.
მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2022 წლისთვის რუსეთში საქართველოს ექსპორტის წილი საქართველოს მთლიანი ექსპორტის 11.7%-ს შეადგენდა, პანდემიამდე კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ს უტოლდებოდა. რაც შეეხება იმპორტს, გასული წლის მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებული საქონელი მთლიანი იმპორტის დაახლოებით 14%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამჟამად საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორების სიაში მეორე ადგილს იკავებს თურქეთის შემდეგ.
რუსეთზე დამოკიდებულება განსაკუთრებით ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზოგიერთი პროდუქციის მაგალითზე ჩანს. საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველო ხორბლის იმპორტის დაახლოებით 95%-ს, ხოლო ხორბლის ფქვილის იმპორტის 98%-ს რუსეთიდან ახორციელებს. რუსეთიდან ნავთობის იმპორტი კი მთლიანად ნავთობის იმპორტის დაახლოებით 55%-ს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება, თუკი ერთ დღეს რუსეთი ხორბალსა და ნავთობზე ემბარგოს დაგვიწესებს.
ამ ყველაფერს შეგვიძლია დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოს ტურისტული სექტორის დამოკიდებულება რუსეთზე მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2022 წლის მონაცემებით, დღეისათვის რუსეთი ვიზიტორი ქვეყნების სიაში 1-ელ ადგილს იკავებს. რუსი ვიზიტორების წილი კი, 2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც საკმაოდ მაღალი იყო. მაგალითად, 2018- 2019 წლებში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოში შემოსული უცხოეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობის 16%-ს შეადგენდა.
არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ მომავალში საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება შემცირდება. პირიქით, დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ სავარაუდოა, რომ კრემლი უფრო მეტად გააფართოებს მესამე ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
რუსეთზე საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება გაართულებს ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას. უფრო მეტიც, ანტირუსული მთავრობა რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, მასაც კი გაუჭირდება ერთ დღეში რუსეთთან მყარი ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა. კრემლში ეს შესანიშნავად იციან. ამას იაზრებს საქართველოს ხელისუფლებაც, რომელსაც ურჩევნია, საკუთარი ვიწრო ინტერესებით იმოქმედოს და შედეგად, ქვეყნის ინტერესები დააზარალოს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ პაპუაშვილის რიტორიკა „თავისუფალი ეკონომიკის“ შესახებ მხოლოდ საპირისპირო მიზნის მიღწევას – არათავისუფალი ეკონომიკისა და არადემოკრატიული პროცესების წახალისებას ემსახურება. ამ სატყუარას თუ წამოვეგებით, რუსულ ხაფანგში უფრო და უფრო მეტად გავებმებით.
დატოვე კომენტარი