საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში (2017-2018), რომელიც ყოველწლიურად დგინდება და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან განმსაზღვრელს საქმიანი ტურიზმის სფეროში, საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 8 პუნქტით გაუმჯობესდა. 2014-2017 წლებში საქართველო ჯამში 18 პუნქტით დაწინაურდა. რეიტინგის შესადგენად ICCA საერთაშორისო ასოციაციების მიერ გამართული შეხვედრების რაოდენობას ითვლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში.
კერძოდ, 2016 წელს საქართველო რეიტინგში 81-ე ადგილზე იყო, 2017 წლის რეიტინგში კი 73-ზე. ქვეყანაში წლიურად ჩატარებული ოფიციალური შეხვედრების რაოდენობა კი 17-ია.
ევროპის რეგიონში საქართველო 42 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზეა. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქებს, თბილისი მსოფლიოს 400-ზე მეტ ქალაქს შორის 193-ე ადგილს იკავებს.
საქმიანი ტურიზმის რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, სადაც შეხვედრების რაოდენობა წლიურად 941-ს შეადგენს, მეორე ადგილზე გერმანიაა 682 საქმიანი შეხვედრით, სამეულს კი გაერთიანებული სამეფო ასრულებს 592 შეხვედრით.
ქალაქებში პირველ ადგილს ბარსელონა იკავებს, მას კი პარიზი და ვენა მოსდევს.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში საქმიანი შეხვედრების რაოდენობა იზრდება და მათმა რაოდენობამ გასულ წელს 12 558 შეადგინა.
დატოვე კომენტარი