საქართველომ $500 მლნ-ის სესხი აიღო. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) 2,75% შეადგინა.
„მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში“, – დაწერა Facebook-ზე ფინანსთა მინისტრმა.
რომან გოცირიძის თქმით, “ახლა მთავარია, ეს ფული უაზროდ არ გაიფლანგოს”. მისივე თქმით, 2,75% არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ მას ამასთან დაკავშირებით.რამდენიმე შენიშვნა აქვს.
„ეს კარგი პროცენტი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ათწლიანი და არა ხუთწლიანი განთავსება. რაც უფრო მოკლე ვადითაა ბონდები განთავსებული, ჩვენი, არასაინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნისათვის, პროცენტი უფრო დაბალია. ხუთწლიან განთავსებაზე, დღეს მსოფლიოში არსებული საბაზრო კონიუნქტურიდან გამომდინარე, პროცენტი ცოტა უკეთესი შეიძლება, ყოფილიყო.
შეცდომაა, რომ არ მოხდა ევროობლიგაციების 10 წლით განთავსება (მსგავსად სომხეთისა). ხუთი წლის შემდეგ აუცილებლად მოგვიწევს ახალი სესხის აღება ამ სესხის გასასტუმრებლად და მაშინ ასეთი ხელსაყრელი პირობები არ იქნება. მსოფლიოში იაფი ფულის ბუმია ბევრი მიზეზის, მათ შორის პანდემიის კრიზისის გამო. მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკის სტიმულირებისათვის დიდძალი რესურსების გამოყოფა ხდება, რაც ბაზარზე ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს წარმოქმნის.
“ახლა მთავარია, ეს ფული ბიუჯეტიდან უაზროდ არ გაიფლანგოს. ეროვნულმა ბანკმა კი უნდა მოთოკოს თავისი ხელგაშლილი საკრედიტო პოლიტიკა, რაც ლარის გაუფასურებისა და რეზერვების (ანუ ევრობონდებით ნასესხები დოლარების) ამოწურვის მიზეზი შეიძლება, გახდეს”, – აცხადებს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, ახალი $500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება. ამ ვალის ძირი თანხის – $500 მილიონი დოლარის – დაფარვის ბოლო ვადა 12 აპრილს იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების (ნაშთის) მეშვეობით მოახდინეს.
დატოვე კომენტარი