დასავლეთ საქართველოში მდებარე ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები მსოფლიო მასშტაბით არსებულ იმ 210 ადგილს შეუერთდება, რომელთაც UNESCO-საგან მსგავსი სტატუსი აქვთ მინიჭებული. საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა ორგანიზაციისაგან მსგავსი აღიარება პირველად მიიღო.
საინტერესოა, რომ ზემოთ ნახსენები დაცული ტერიტორიები კოლხური ტყეებისა და ჭაობების დაცვის მიზნითაა შექმნილი და ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პუნქტებს წარმოადგენენ.
დაცული ტერიტორიები სიაში UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 2021 წლის გადაწყვეტილებით შეიყვანეს. ამ სიაში ასევე გვხვდება შეერთებულ შტატებში მდებარე იელოუსტოუნის ეროვნული პარკი, შვეიცარიის ალპები, ამაზონის ტყე და სხვა მსოფლიოში ცნობილი ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პუნქტები.
დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი შავი ზღვის აუზსა და სამხრეთ კავკასიის ეკოლოგიურ სისტემაში შეტანილი წვლილის გამო მიენიჭა. UNESCO-ს მიერ გამორჩეულ ადგილებს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მეურვეობს.
ოთხიდან ყველაზე ადრე, 1959 წელს კინტრიშის დაცული ტერიტორია შეიქმნა. კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები კი 1988 წელს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული ჭაობების დაცვის მიზნით დაარსდა. რაც შეეხება მტირალას ეროვნულ პარკს, ის ყველაზე გვიან, 2007 წელს გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ გარდა დაცული ტერიტორიებისა, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში სამი ქართული კულტურული ძეგლი: გელათის მონასტერი, მცხეთის ისტორიული მონუმენტები და ზემო სვანეთიც გვხვდება.
დატოვე კომენტარი