საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული, 2017 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა, რეგულარული და ჩარტერული რეისებით, 4 073 959 მგზავრი გადაიყვანა, რაც 43.43 %-ით აღემატება 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2 840 455 მგზავრი).
2017 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 164 139 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.47%-ით (911 604 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (2 252 535 მგზავრი).
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 495 668 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 58.69%-ით (183 325 მგზავრით) მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (312 343 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 49.31%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 405 173 მგზავრი – 133 810 მგზავრით მეტი ვიდრე 2016 წელს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 2017 წლის განმავლობაში 7 256 მგზავრს მოემსახურა, რაც 3 042 მგზავრით, შესაბამისად 72.19%-ით მეტია ვიდრე 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (4 214). ამბროლაურის აეროპორტმა 2017 წელს პირველად მიიღო მგზავრები და მათი რაოდენობა 1 723 ადამიანს შეადგენდა.
2017 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 637 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე 2016 წელს. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ – 20 955, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 17 852, ხოლო ჩარტერების 3 103. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 36.80%-ს შეადგენს.
12.60%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წელს ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 128 446, ხოლო გასულ წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 144 626 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
დატოვე კომენტარი