"საქართველოს ბანკი" საერთაშორისო ინსტიტუტებისგან დამატებით $700 მლნ–მდე მოზიდვას ვარაუდობს

"საქართველოს ბანკი" საერთაშორისო ინსტიტუტებისგან დამატებით $700 მლნ–მდე მოზიდვას ვარაუდობს

“საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, წელს ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დამატებით  500-დან 700 მლნ-მდე დოლარის მოზიდვას ვარაუდობს. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ Forbes Talks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა.

“საკმაოდ ბევრი მოლოდინი გვაქვს ახალი სესხების აღების. საკმაოდ ბევრი სესხის წამოღებას ვაპირებთ იმისთვის, რომ როცა კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში „დიდი გაზით“ შევძლოთ ამის გაკეთება“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, თუ რა იქნება თანხა, რასაც “საქართველოს ბანკი“ მოიზიდავს, გაჩეჩილაძე პასუხობს:

“ეს იქნება დაახლოებით 500-700 მლნ დოლარამდე დამატებით იმისა, რაც ყოველთვის მოგვქონდა. ამის გარდა, არის ხოლმე 100, 120, 150 მლნ, რაც ჩვეულებრივად მოგვაქვს ხოლმე და ეს იქნება დამატებითი თანხა. დღეს საუბარია 600-მდე და შეიძლება კიდევ გავზარდოთ, გააჩნია, როგორ და რა იქნება. ეს იქნება ხაზები, რომელიც გვინდა რომ წამოვიღოთ, დავამტკიცოთ და წამოვიღოთ იმდენი, რამდენსაც ეკონომიკა აითვისებს, როცა დავინახავთ როგორ და რანაირად გამოვდივართ კრიზისიდან”.

“საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელთან შედარებით დღეს არსებული ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება, – “მაშინ იყო ლიკვიდურობის უდიდესი პრობლემა მთელ მსოფლიოში, რამაც დამატებითი შოკი მიაყენა მთელ ეკონომიკას. წელს და ახლა ლიკვიდურობის პრობლემა არ არის. ჩვენც გვაქვს ჭარბი ლიკვიდურობა“, – აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *