საქართველოს ბანკის ჯგუფის (Bank of Georgia Group PLC) დირექტორთა საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მელ კარვილი დაინიშნა, 2022 წლის 10 მარტს კი მისმა წინამორბედმა, ნილ ჯანინმა თანამდებობა დატოვა.
„მოხარული ვარ, რომ ბიზნესისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გარდაქმნების დროს დავინიშნე თავმჯდომარედ. ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ჯგუფსა და მის მენეჯმენტზე უაღრესად პოზიტიური იყო.
საქართველოს ბანკის მთავარი მიზანია მომხმარებლებისა და აქციონერების მხარდაჭერა და ეს არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ამ რთულ დროს. საბჭოს სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ნილს ბოლო ათი წლის განმავლობაში გაწეული შესანიშნავი ლიდერობისა და ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“. – განაცხადა კარვილმა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის ინფორმაციით, მელ კარვილს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 1985 წლიდან 2009 წლამდე ის Generali Group-ში მუშაობდა და იკავებდა მაღალ თანამდებობებს. 2009 წლიდან კარვილი PPF Partners-ის გუნდს შეუერთდა და 2014 წლამდე ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო.
გარდა აღმასრულებელი პოზიციებისა, ის წლების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო და საინვესტიციო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებსაც იკავებდა.
დატოვე კომენტარი