საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და კომპანია “წიგნების თაროსთან“ პარტნიორობას იწყებს. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა, ამიტომ პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნა არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა, რომელიც იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს შესთავაზებს.
ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის – ასეთია “წიგნების თაროს” ონლაინ სკოლის სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან.
სკოლაში სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ინტერაქციული და გასართობი იქნება. ბავშვები თამაშების და სხვადასხვა მულტიმედიური საშუალების დახმარებით ისწავლიან როგორც სასკოლო, ისე არასასკოლო საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვის კომპლექსური განათლებისთვის: ქართული ენა, ინგლისური და გერმანული ენები, განმავითარებელი მათემატიკა, ადამიანი და ჯანმრთელობა, ბუნება, მითოლოგია, საქართველოს ისტორია, მე და საზოგადოება, ხატვა, მუსიკა, ხელოვნების ისტორია და მსოფლიო ლიტერატურა.
სკოლა ფუნქციონირებას 21 აპრილიდან დაიწყებს. გაკვეთილები 15:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება. ერთი გაკვეთილის ხანგძლივობა იქნება 30 წუთი. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა საგნების სპეციფიკის გათვალისწინებით განისაზღვრება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ყველა საგანზე, 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის გაფრთხილებით და ერთმანეთზე ზრუნვით ამ ურთულეს გამოწვევასაც ღირსეულად დავძლევთ და ერთად შევქმნით მომავალს.
“საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისათვის რომ COVID 19-თან ბრძოლის პირობებში კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე, შეიქმნა ახალი, უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი ონლაინ სკოლა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კომპლექსური განათლების მიღებაში. ახლა, ამ პირობებში, მნიშვნელოვანია რომ არ გავჩერდეთ და გვახსოვდეს, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.”
დატოვე კომენტარი