საქართველოს ბანკი ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსების მოზიდვას განაგრძობს. საქართველოს ბანკმა ჰოლანდიის განვითარების ბანკთან (Nederlandse Financierings-Maatschappij Voor Ontwikkelingslanden N.V. (FMO)) ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ჰოლანდიის განვითარების ბანკი საქართველოს ბანკს 160 მილიონი ლარის მოცულობის 5-წლიან სესხს გამოუყოფს. საკრედიტო ხაზის ადგილობრივ ვალუტაში გახსნა ბანკის ლარში დენომინირებული საკრედიტო პორტფელის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, საქართველოს ბანკის როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის დე-დოლარიზაციის პროცესზე დადებითად აისახება.
ჰოლანდიის განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განთავსების გზით, საქართველოს ბანკის შვილობილ საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა.
“მოხარული ვარ, რომ ჰოლანდიის განვითარების ბანკთან გრძელვადიანი თანამშრომლობა განვაახლეთ და ეროვნულ ვალუტაში ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკის მომხმარებლისათვის ლარში დენომინირებული დაფინანსების მოპოვებას და ამ პროცესში ვაძლიერებთ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიან თანამშრომლობას. მინდა, ჰოლანდიის განვითარების ბანკს ლარში დენომინირებული ბონდების სადებიუტო გამოშვება მივულოცო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რომ ადგილობრივ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციისთვის კონტრაგენტად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
“ჰოლანდიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული პირველი ბონდი გამოუშვა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკთან ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების გარიგება განვახორციელეთ. ლარის რესურსი მხარს უჭერს საქართველოში ეკონომიკის შემდგომი დე-დოლარიზაციის პროცესს და ადგილობრივი ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას”,- განაცხადა ჰოლანდიის განვითარების ბანკის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, ლინდა ბროეკუიზენმა.
დატოვე კომენტარი