საქართველოს ბანკმა InnovFin SME Guarantee (InnovFin) პროგრამის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან (“EIB ჯგუფი“) 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. InnovFin საგარანტიო ხელშეკრულება საქართველოს ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული თითოეული სესხის 50%-ს დააზღვევს და მიმართულია ისეთი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ინვესტიციებს და საბრუნავ კაპიტალს, ასევე, განვითარებისთვის საჭირო კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებისთვის. პროგრამის ფარგლებში, EIB ჯგუფი 80%-ით დააზღვევს ასევე საქართველოს ბანკის მიერ გაცემულ სესხებს საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად იმ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებზე, რომელთა საქმიანობაზეც COVID-19 პანდემიამ ნეგატიური ეკონომიკური გავლენა იქონია.
“მოხარული ვარ რომ საქართველოს ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის თანამშრომლობა InnovFin გარანტიის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. ეს პარტნიორობა ბანკს მისცემს შესაძლებლობას შესთავაზოს ფინანსური სერვისები ისეთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებს, რომლებიც არიან ინოვაციებზე ორიენტირებულნი და ინვესტიციებს მიმართავენ კვლევებისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით. ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიც InnovFin გარანტიაა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ბიზნესების მოდერნიზაციისთვის და მათი სტანდარტების ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოებისთვის. როგორც ფინანსური ინსტიტუტი, მოხარული ვართ, რომ ერთის მხრივ, გვექნება შესაძლებლობა, ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესებს, განსაკუთრებით მიმდინარე გლობალური COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, და მეორეს მხრივ, შევძლებთ შევინარჩუნოთ ჯანსაღი სასესხო პორტფელი. მინდა მადლობა გადავუხადო EIB ჯგუფს ამ მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
“ევროკავშირის ბანკის დაფინანსება ქართველი ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს კიდევ უფრო ინოვაციური, მწვანე ეკონომიკის შექმნას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. მცირე ინოვაციურ საწარმოთა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა EIB ჯგუფის COVID-19 კრიზისზე საპასუხო გეგმის ძირითადი კომპონენტია. ეს ოპერაცია InnovFin SME Guarantee პროგრამის ფარგლებში EIB ჯგუფისა და მისი სანდო პარტნიორის, საქართველოს ბანკის მიერ ერთობლივად ხორციელდება. საგარანტიო პროგრამის ახალი მახასიათებლები, რაც EIF–ს აძლევს შესაძლებლობას, გააფართოვოს გარანტიებისა და კონტრ-გარანტიების პირობები, სტიმულს მისცემს ფინანსურ ინსტიტუტებს შეძლონ იმ მცირე და საშუალო ბიზნესების საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება, რომლებიც დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური ზემოქმედების შედეგად“,- განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლილიანა პავლოვამ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ბანკის ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.
“მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი საქართველოს ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ამ კომპანიების უმრავლესობა დაზარალდა COVID-19-ის კრიზისის გამო. მოხარული ვართ, რომ ევროკავშირმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მეშვეობით, შეძლო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც მათ დაეხმარებათ დაძლიონ არსებული გამოწვევები და სამომავლო განვითარებისთვის ინოვაციებში ინვესტიციები განახორციელონ“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
დატოვე კომენტარი