მთელი საქართველოს ბანკმა და საკონსულტაციო კომპანია “ინსორსმა” ერთობლივ პროექტის “ბიზნეს კაფეს” ფარგლებში რიგით მეოთხე შეხვედრა გამართეს, რომელიც ლიდერობისა და კომუნიკაციის თემატიკას მიეძღვნა.
შეხვედრაზე ორგანიზაციულ ცვლილებებზე, ლიდერობის თავისებურებებზე და ახალი პროფესიის არჩევის საკითხებზე კომუნიკაციის ექსპერტმა საშა კაცმანმა ისაუბრა. ის ლიდერობისა და კომუნიკაციის სფეროში უკვე 20 წელია საქმიანობს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროექტი განახორციელა. მან სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ორგანიზაციული ცვლილებები, ახალი პროფესიის არჩევის გადაწყვეტილება; ღირებულებები, რომლებიც გარკვეულ ცვლილებას ახლავს თან; ლიდერობის თავისებურებები – “როდესაც ხალხს სათავეში უდგას ადამიანი და არა სტრუქტურით / სტატუსით განსაზღვრული ძალაუფლება”.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში მოქმედი ორმოცამდე ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერები, მათ შორის საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელთა არაფორმალურ შეხვედრების ციკლს, რომლის მიზანია ლიდერისა და წარმატებული ბიზნესმენის მიერ გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებისთვის.
დატოვე კომენტარი