მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებული პარამეტრები გაუგზავნა. მესამე წარდგენის დოკუმენტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს ხარჯებს 2.46 მილიარდი ლარით ზრდის, შედეგადაც ასიგნებების ჯამური მოცულობა 18.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომდევნო წელსაც ახალი ვალის აღება იქნება, რაც 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ახალი ვალებიდან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.
ბიუჯეტის პროექტით არ მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, მეტიც სამთავრობო აპარატის სახელფასო ფონდი 60 მილიონი ლარით 1.61 მილიარდ ლარამდე იზრდება.
მომდევნო წელს ყველაზე მეტი თანხით კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსება არის დაგეგმილი – უწყების ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით იზრდება და ის 5.56 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდას განაპირობებს როგორც პენსიის ინდექსაციის ახალი კანონი, რომლითაც პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება, ასევე, ქვეყანაში დაწესებული “ლოქდაუნის” გამო, ბიუჯეტი სოციალურად დაუცველთათვის 6 თვით 100-ლარიან დახმარებებსაც დააფინანსებს.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართულებები ასეთია:
ჯანდაცვის სამინისტრო – 5.56 მილიარდი ლარი, სამინისტროს დაფინანსება 48 მილიონით იზრდება;
მათ შორის სოციალური დაცვის ბიუჯეტი 3.84 მილიარდი ლარით განისაზღვრება;
მათ შორის ჯანდაცვის პროგრამების ხარჯი 1.54 მილიარდი ლარით განისაზღვრება;
მათ შორის დევნილთა განსახლება 72 მილიონი ლარით განისაზღვრება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 2.42 მილიარდი ლარი, სამინისტროს დაფინანსება 551 მილიონი ლარით იზრდება;
მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია 1.53 მილიარდი ლარით განისაზღვრება;
მსხვილი საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალი ასეთია:
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) – 60.0 მლნ ლარი;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია – მშენებლობა (ADB) – 130.0 მლნ ლარი;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპნის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) – 150.0 მლნ ლარი;
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) – 40.0 მლნ ლარი;
o აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (EIB, WB) – 80.0 მლნ ლარი;
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 0-კმ 50 მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა (EIB, EU) – 65.0 მლნ ლარი;
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) – 70.0 მლნ ლარი;
ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) – 80.0 მლნ ლარი;
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB, EBRD) – 80.0 მლნ ლარი;
ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია – 80.0 მლნ ლარი;
ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 35.0 მლნ ლარი;
ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (Kuwait Fund) – 30.0 მლნ ლარი;
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია – 348.7 მლნ ლარით განისაზღვრება;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელთან შედარებით 264.5 მილიონი ლარით იზრდება და 1.8 მილიარდი ლარით განისაზღვრება;
მათ შორის სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1.03 მილიარდი ლარით დაფინანსდება, რაც 2020 წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია;
პროფესიულ განათლებაზე სამინისტრო 62.5 მილიონ ლარს მიმართავს, რაც 10 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის მავენებელზე;
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი 137 მილიონი ლარი დაიხარჯება, მათ შორის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე 46 მილიონი ლარი მიიმართება;
სამინისტროში კულტურის ბიუჯეტი 69.5 მილიონი ლარით;
სპორტის დაფინანსება კი 122 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. გრძელდება ფეხბურთის განვითარების პროგრამა და ფეხბურთის განვითარების ფონდს 37 მილიონი ლარი გამოეყოფა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 463.6 მლნ ლარს, უწყების დაფინანსება 2020 წელთან შედარებით 13 მილიონი ლარით მცირდება;
მათ შორის 115 მილიონი ლარით დაფინანსდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა;
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 206.7 მილიონი ლარი დაიხარჯება;
მევენახეობა-მეღვინეობის დაფინანსება 61.8 მილიონი ლარი იქნება;
სურსათის უვნებლობაზე კი 29.9 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სამელიორაციო სისტემების განვითარებაზე 90.7 მილიონი ლარი მიიმართება;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 352 მილიონი ლარით მცირდება და ის 469.8 მილიონი ლარით განისაზღვრება. კლება ძირითადად პროგრამა “აწარმოე საქართველოშის” ეხება, რომლის ბიუჯეტიც 300 მილიონი ლარით მცირდება და ის 157 მილიონი ლარით განისაზღვრება. კლება “საკრედიტო საგარანტიო პროგრამის” დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.
25 მილიონი ლარით იზრდება ინოვაციების სააგენტოს ბიუჯეტი და ის 28.7 მილიონ ლარს მიაღწევს.
ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე 51 მილიონი ლარი მიიმართება;
COVID კარანტინის ზონების დაფინანსებას სამინისტრო 50 მილიონი ლარით გეგმავს.
ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 88.9 მილიონ ლარამდე იზრდება, მატება 8 მილიონ ლარია.
იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 246.5 მლნ ლარი, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტია.
მათ შორის მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 30,4 მლნ ლარი, პენიტენციური სისტემის მართვისთვის 156.5 მლნ ლარზე მეტი, ხოლო იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობის პროგრამის დაფინანსებისათვის – 16.5 მლნ ლარის ოდენობით.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 174.2 მლნ ლარი, რაც 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 18.2 მილიონი ლარით მეტია.
სამინისტროს დაფინანსების ზრდა ძირითადად გამოწვეულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსების გაზრდით, ასევე დამატებით 2.0 მლნ ლარი გათვალისწინებულია დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით ლევილის მამულის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებასთან;
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 95 მილიონი ლარით მეტია.
ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ უწყების დაფინანსების ზრდა განპირობებულია NATO-სთან თავსებადობის პრინციპით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ მშპ-ის 2%-ის ოდენობის ხარჯები თავდაცვის სისტემის დასაფინანსებლად უნდა გაიღოს.
“ამასთან გასათვალისწინებლია, რომ NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ხარჯების კლასიფიკატორის მიხედვით თავდაცვის მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების მიერ მისამართი სახსრები (შინაგანი ჯარის და საზღვრის დაცვის პერსონალის ხარჯების, საპენსიო შენატანების, თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციების და სხვა NATO-ს კლასიფიკატორით განსაზღვრული შესაბამისი ხარჯების გათვალისწინებით) აღწევს 1 100.0 მლნ ლარს, რაც 2021 წლისათვის პროგნოზირებული მშპ-ის 2%-ს შეადგენს,”- ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 790.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 30 მილიონი ლარით მეტია. უწყებაში შრომის ანაზღაურების მოცულობა 498 მილიონი ლარიდან 525 მილიონ ლარამდე იზრდება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 137.5 მლნ ლარი, რა 2020 წელთან შედარეებით 1 მილიონით მეტია;
საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 41.4 მლნ ლარი, უწყების დაფინანსება 0.1 მლნ ლარით იზრდება;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 60.4 მლნ ლარი, უწყების დაფინანსება 2 მილიონი ლარით იზრდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო დაფინანსება 2021 წელს 0.5 მილიონი ლარით იზრდება და ის 69.2 მილიონი ლარით განისაზღვრება;
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით უმცირდება და ის 70.5 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მეათე მოწვევის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
დატოვე კომენტარი