საქართველოს დამოუკიდებლობის დღე Google-მა ტრადიციულად საძიებო სისტემაში სპეციალური ფოტოთი მიულოცა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ როგორც საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, ასევე მსოფლიო ლიდერები, მაგალითად აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. „ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას“, – ნათქვამია ბაიდენის მისალოც წერილში.
გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა ქვეყნების ღირშესანიშნაობები ქართული დროშის ფერებში განათდება. ასე მაგალითად, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად განათდება ქართული დროშის ფერებში. ასევე, ტორონტოში პირველად გაიმართება საქართველოს დროში აღმართვის ცერემონია. 1 ივნისს კი, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა.
ბრაზილიაში ნათდება სან-პაულოს შტატის ინდუსტრიათა ფედერაცია, ხოლო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში.
საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერები გამოისახება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობაზე. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება კანბერაში, ავსტრალიის ეროვნული კარილიონი.
ბელგიაში, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება, ხოლო ბულგარეთში ქართული დროშის ფერებით განათდება კულტურის ეროვნული სასახლე, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი – სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გერმანიაში, გერმანული ვოისის გამარჯვებულის ნათია თოდუას მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი; ასევე, მაინის ფრანკფურტში ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდება ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთელის ლექსზე, „სულიკო“. შესრულების პარალელურად გაშვებული იქნება საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში.
ესტონეთში, ტალინის ცენტრში მდებარე ბიზნეს ცენტრი განათდება საქართველოს დროშის ფერებში და ტალინის ძველ ქალაქთან მდებარე თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე საქართველოს დროშა გამოისახება.
თურქეთში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის მთავარი სიმბოლო – „ათაქულეს კოშკი“, ამასთან განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებული იქნება მილოცვა თურქულ და ინგლისურ ენებზე.
ასევე, კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოსიაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდება Eleftheria square-ი და ქალაქის მერიის შენობა.
26 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლის მერიასთან ბრისტოლის ლორდ-მერის მიერ აღიმართება საქართველოს დროშა.
ამასთან, პირველად, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 მაისს, ათენის ომონიის მოედნის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ირლანდიაში ქართული დროშის ფერებში განათდება ლორდ – მერის შენობა და დუბლინის მთავარ ქუჩებში გამოიფინება საქართველოს დროშები.
იერუსალიმში,იერუსალიმის კედლები ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებით.
ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ცენტრალური ხიდები, ასევე კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე კი გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
კატარში, დოჰაში, ცენტრალურ ადგილას მდებარე ისტორიული შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, რაც პირველი შემთხვევაა რეგიონში.
26 მაისს ნიდერლანდებში, ჰააგის ცენტრში, ქართველი მუსიკოსების მიერ მუსიკალური ნომერი შესრულდება.
დატოვე კომენტარი