საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა

საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა

საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკა კონკურენტუნარიანი გლობალურ დონეზე იყოს. ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის საკითხზე მუშაობს შვეიცარიული ორგანიზაცია – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF). აღნიშნული ორგანიზაცია 1979 წლიდან აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, სადაც გაანალიზებულია მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და ბიზნესგარემო. ყოველ წელს დგება რეიტინგი, რომელიც ასახავს ქვეყნების კონკურენტუნარიანობის პოზიციებს მსოფლიოში.

აღნიშნული ანგარიში მთავრობებს ეკონომიკური ზრდის ხელშემშლელი ფაქტორების გამოვლენაში, ხოლო ბიზნესსექტორს მომავალი ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებისას ეხმარება.

ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გამოიხატება ინსტიტუტების განვითარებაში, პოლიტიკასა და ბუნებრივ ფაქტორებში, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის დონეს. ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორი მაიკლ პორტერი პროდუქტიულობას ხსნის, როგორც ბუნებრივი რესურსების, შრომის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტიანობის დონეს – რესურსებიდან მიღებული შემოსავლის სიჭარბეს ხარჯებთან მიმართებით.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტებით, კონკურენტუნარიანობა არის ქვეყნის შესაძლებლობა, აწარმოოს საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნის შესაბამისი საქონელი და მომსახურება, და ამავე დროს სტაბილურად გაზარდოს მოსახლეობის რეალური შემოსავალი გრძელვადიან პერიოდში.

2014 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. ანგარიშში შესწავლილია 144 ქვეყნის კონკურენტუნარიანობა. ანალიზი ჩატარდა 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. თითოეული ქვეყანა შეფასდა 119 კრიტერიუმით, აქედან, 33 კრიტერიუმის (მაგალითად, მთავრობის ვალი, ბიუჯეტის დეფიციტი, ინფლაცია, გადასახადების დონე, ექსპორტი, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მოსწავლეთა და სტუდენტთა რაოდენობა და სხვა) მონაცემთა წყარო არის ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ხოლო დანარჩენი კრიტერიუმებისთვის (მაგალითად, საკუთრების უფლებები, პოლიტიკოსებისადმი ნდობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკის გამჭვირვალობა, კრიმინალი, მედიცინისა და განათლების დონე, ინფრასტრუქტურის ხარისხი და სხვა) ინფორმაციის წყარო არის მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა პირდაპირი გამოკითხვა, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ახორციელებს. გამოკითხვა კონფიდენციალურია და კომპანიების პასუხების ხილვის შესაძლებლობა მხოლოდ შვეიცარიის მხარეს აქვს. საქართველოდან კვლევაში მონაწილეობას იღებს 200-მდე ფირმა, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით ყოველ წელს შეირჩევა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კვლევა ბიზნესგარემოს მიმართ მეწარმეთა დამოკიდებულებას, აღქმას უფრო ეყრდნობა, ვიდრე ოფოციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას.

კვლევაში შეტანილი 144 ქვეყნიდან ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს შვეიცარიას, სინგაპურს, აშშ-ს, ფინეთს, გერმანიას, იაპონიას, ჰონკონგს, ხოლო ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია გვინეა, ჩადი, იემენი, მავრიტანია, ანგოლა, ბურუნდი, სიერა-ლეონე.

2014 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველომ 69-ე ადგილი დაიკავა, სამი ადგილით ზემოთ გადაინაცვლა 2013 წლის პოზიციიდან. უკვე მეოთხე წელია, საქართველოს დადებითი ტენდენცია აქვს აღნიშნულ ინდექსში (გრაფიკი 1).

გრაფიკი 1. საქართველოს პოზიცია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში

კონკურენტუნარიანობის შეფასების 119 კრიტერიუმი 12 თემატურ ჯგუფში არის გადანაწილებული. აღნიშნული ჯგუფების მიხედვით, საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია შრომის ბაზრის ეფექტიანობაში აქვს – მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს. ხოლო ყველაზე დაბალ პოზიციაზე (121-ე ადგილი) ინოვაციების კუთხით არის.  

 

საქართველოს პოზიცია კრიტერიუმების მიხედვით

კრიტერიუმები ჯგუფების მიხედვით

პოზიცია მსოფლიოში

ქულა (მაქსიმუმი 7)

საბაზისო მოთხოვნები

48

4.9

ინსტიტუტები

48

4.2

ინფრასტრუქტურა

59

4.3

მაკროეკონომიკური გარემო

48

5.1

ჯანმრთელობა და დაწყებითი განათლება

63

5.8

ეფექტიანობის მასტიმულირებელი

79

3.9

უმაღლესი განათლება და ტრენინგები

92

3.9

საქონლის ბაზრის ეფექტიანობა

60

4.4

შრომის ბაზრის ეფექტიანობა

41

4.5

ფინანსური ბაზრის განვითარება

76

3.9

ტექნოლოგიური მზადყოფნა

67

3.8

ბაზრის ზომა

103

3.0

ინოვაციები და სოფისტიკაციის ფაქტორები

118

3.1

ბიზნესის სოფისტიკაცია

113

3.5

ინოვაციები

121

2.7

 

საქართველო რეიტინგის პირველ ათეულში შემდეგი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით მოხვდა: ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დღეების მიხედვით – მე-2 ადგილი მსოფლიოში, ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურებით – მე-3 ადგილი, სავაჭრო ბარიერებით – მე-6 ადგილი, საბაჟო პროცედურებით – მე-7 ადგილი, სახელმწიფო რეგულაციების ტვირთის მიხედვით – მე-8 ადგილი, გადასახადების განაკვეთების დონით – მე-10 ადგილი. ხოლო ყველაზე ცუდ პოზიციებზე შემდეგი კრიტერიუმების მიხედვითაა: ადგილობრივი მიმწოდებლების რაოდენობით – 138-ე ადგილი, უნივერსიტეტებისა და ბიზნესის კვლევებში თანამშრომლობით – 128-ე ადგილი, ანტიმონოპოლიური პოლიტიკით – 127-ე ადგილი, კომპანიების დანახარჯით კვლევებსა და განვითარებაზე – 126-ე ადგილი, ადგილობრივი ფინანსური ბაზრებიდან დაფინანსებით – 126-ე ადგილი, მეცნიერებითა და ინჟინრებით – 122-ე ადგილი, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხით – 121-ე ადგილი.

საინტერესოა, 2013 წელს რომელი კრიტერიუმების მიხედვით განიცადა საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა ან უკუსვლა 2012 წელთან შედარებით. წინსვლა არის შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საკუთრების უფლებების დაცვის მაჩვენებლით 120-ე ადგილიდან 85-ე ადგილზე გადაინაცვლა, სასამართლოს დამოუკიდებლობით 91-დან 65-ე ადგილზე გადაინაცვლა, შიდა კონკურენციის ზრდით 123-დან 105-ზე, ექსპორტის მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ მოცულობით 97-დან 76-ზე, საბანკო სექტორის სიძლიერით 82-დან 67-ზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს კრიტერიუმი (გარდა ექსპორტისა) დგინდება კომპანიების უშუალო გამოკითხვის გზით და არ ემყარება ოფიციალურ სტატისტიკას.

2013 წლის შეფასებით, შესამჩნევი უკუსვლა იყო შემდეგ კრიტერიუმებში: პირდაპირი უცხოური ინვესტიციებითა და ტექნოლოგიების ტრანსფერით 101-ე ადგილიდან 113-ე ადგილზე გადაინაცვლა, სესხის აღების სიმარტივით 98-დან 110-ზე გადაინაცვლა, სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივი განაწილებით 58-დან 67-ზე, ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხით 52-დან 57-ზე, გზების ხარისხით 60-დან 65-ე ადგილზე. აღნიშნული მაჩვენებლებიც კომპანიების უშუალო გამოკითხვას ემყარება.

საქართველოს უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს თუ შევაჯამებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: საქართველო შედარებით კონკურენტუნარიანია ინსტიტუტების განვითარებით, ინფრასტრუქტურით, შრომის ბაზრის ეფექტიანობით, დაბალი გადასახადებითა და რეგულაციებით, სავალუტო კონტროლის არარსებობით, დაბალი კრიმინალით, ბიზნესის დაწყებისა და წარმოებისთვის ბიუროკრატიული პროცედურების ნაკლებობით. პრობლემებია შემდეგი მიმართულებით: საკუთრების უფლებების დაცვაში, ინოვაციებში, საშუალო და უმაღლეს განათლებაში, მეცნიერებასა და კვლევების წარმოებაში, კონკურენციის დონეში შიდა ბაზარზე, ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობაში, პროფესიონალ სამუშაო ძალაში, პოლიტიკოსებისადმი საზოგადოების ნდობასა და პოლიტიკის არასტაბილურობაში.

პოპულარულია აზრი, რომ აღნიშნულ რეიტინგში საქართველო ვერასდროს დაიკავებს მოწინავე პოზიციებს, რადგან მცირე ბაზრის მქონე ქვეყანაა. ეს არ არის სიმართლე, რადგან რეიტინგში მე-2 ადგილი უჭირავს სინგაპურს, რომლის მოსახლეობა 5.4 მილიონია (საქართველოს მოსახლეობაზე 1.2-ჯერ მეტი), ტერიტორია 718 კვადრატული კილომეტრია (საქართველოს ტერიტორიაზე 95-ჯერ მცირე) და ეკონომიკის სიდიდით 40-ე პოზიციაზეა მსოფლიოში. პატარა ქვეყნისთვის შემზღუდველი ერთადერთი კრიტერიუმი, რასაც ინდექსი მოიცავს, მართლაც არის ბაზრის ზომა, რომლის მიხედვითაც საქართველოს 103-ე ადგილი უჭირავს. თუმცა აღნიშნული კრიტერიუმის გავლენა ქვეყნის ჯამობრივ მაჩვენებელზე დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია. იმავე მაჩვენებლით სინგაპური 31-ე პოზიციაზეა, მაგრამ მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს პოლიტიკოსებისადმი საზოგადოების ნდობისა და მთავრობის პოლიტიკის გამჭვირვალობის მიხედვით, ინფლაციის დაბალი დონით, საჰაერო ტრანსპორტის ხარისხით, დაწყებითი განათლების დონით, მათემატიკური და სამეცნიერო განათლებით, საბაჟო პროცედურების სიმარტივით. მსოფლიოში მეორე ადგილი უჭრავს საკუთრების უფლებების დაცვით, ინვესტორების დაცვით, ტალანტის მოზიდვით, საპორტო ინფრასტრუქტურითა და ექსპორტის ეკონომიკის მიმართ სიდიდით.

ეს შედარება გვიჩვენებს, რომ პატარა ქვეყანასაც შეუძლია გახდეს ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი მსოფლიოში და მოიზიდოს იმ ოდენობის კაპიტალი, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებას რომ შეუწყობს ხელს. ამისთვის არ არის აუცილებელი უხვი ბუნებრივი რესურსები, დიდი ტერიტორია, ათობით მილიონი მოსახლეობა, ევროპის ან აშშ-ის მეზობლობა. ეკონომიკური კეთილდღეობა ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, საკუთრების უფლებების დაცვას, გამჭვირვალე და ეფექტიან სახელმწიფო პოლიტიკას, სანდო სასამართლოსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოაქვს.

კონკურენტუნარიანობის ანგარიშში არის გრძელი ჩამონათვალი საქართველოს წინაშე არსებული პრობლემებისა, რომელთა არსებობასაც ობიექტური საფუძვლები არ გააჩნია და მათი აღმოფხვრა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ასეთებია: საკუთრების უფლებების დაცვა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ფავორიტიზმის შემცირება მთავრობის გადაწყვეტილებებში, სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივად ხარჯვა, სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანად გამოყენება დავების გადაწყვეტისას, მცირე სააქციო წილის მქონე მესაკუთრეთა უფლებების დაცვა, ინფლაციის დონის შემცირება, საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესება, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სამეცნიერო განათლებისა და კვლევითი შესაძლებლობების განვითარება, კვლევითი და ინოვაციური ცენტრების განვითარება.

ზოგადად, საქართველოს მთავრობა ხშირად ეყრდნობა სხვადასხვა რეიტინგს საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად და ეს მართებულიცაა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში კი როგორც წარმატებების, ასევე წარუმატებლობების ყველაზე კომპლექსურ სურათს იძლევა და მისი გაანალიზება დაეხმარება პოლიტიკოსებს იმის დანახვაში, თუ რას აღიქვამს ქართული კომპანიები პრობლემად და რამდენად მწვავეა პრობლემები სხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციასთან შედარებით. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნულ ანგარიშს ამზადებს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და მის შედეგებს აუცილებლად გაითვალისწინებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *