საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მეტი უსაფრთხოება – გამოწვევები და შესაძლებლობები

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მეტი უსაფრთხოება – გამოწვევები და შესაძლებლობები

ევროკავშირის მაგალითმა ცხადყო, თუ რა დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ერე­ბის ეკონომიკური განვითარებისათვის ენერგოსაჭირო­ებების დასაკმაყოფილებლად მეტწილად ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და ასეთი მოცემულობის დროს რა დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული ენერგოუსაფრთხოე­ბის მიზნის მიღწევა.

მიუხედავად 2006 წელს მოზდოკი-თბილისის გაზსა­დენზე მომხდარი საბოტაჟისა და მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ საქართველოს მცდელობისა, რომ რუსეთი არ იყოს ქვეყნის მთავარი ენერგომომწოდებელი, როგორც წინა ბლოგშიც განვი­ხილეთ, გარკვეული დამოკიდებულება რუსეთის ენერ­­გოსისტემაზე კვლავ რჩება. ამგვარად, მნიშვნელოვანია დისკუსიის დაწყება იმაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთის ენერგოსისტემაზე საკვანძო ენერგოპროდუქტების მოწოდების მხრივ და როგორ გაი­ზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება.

ელექტროენერგიის სექტორი

ბოლო ათი წლის განმავლობაში (2011 – 2021 წწ), 2021 წელს რუსული ელექტროენერგიის იმპორტის წილმა სა­ერთო გამოყენების 9%-იან მაქსიმუმს მიაღწია, როდესაც ენგურჰესი რეკონსტრუქციის გამო დაკეტილი იყო. იმპორ­­ტირებული ენერგიის 80% აფხაზეთს მოხმარდა. დამოკი­დებულების კოეფიციენტი, ერთი შეხედვით, შესაძლოა, სა­განგაშო არ ჩანდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს მიზეზები, რომლებიც უფრო აქტიური ქმედებების განხორ­­ციელების საჭიროებას უსვამს ხაზს. ერთი მიზეზი ის არის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალოდ 5%-ით იზრდება, რაც ნაწილობ­­რივ აფხაზეთსა[1] და სვანეთში იაფი ან სუბსიდირებული ელექტროენერგიის არსებობის გამო არაკონტროლირე­ბადი მაინინგის აქტივობების განხორციელებით არის გამოწვეული. მეტიც, სუბსიდიებიდან გამომდინარე, არაე­ფექტიანი მოხმარება კვლავ პრობლემად რჩება, ვინაიდან სამეწარმეო მიზნებისთვის კომერციული სექტორიც იაფ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. მეორე მიზეზი ისაა, რომ კვლავ პრობლემად რჩება ახალი სიმძლავრეების ნელი განვითარება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 2%-ით გაიზარდა. ამასთან, ეს ზრდა დიდწილად თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების 22%-იანმა ზრდამ განაპირობა, მაშინ როდესაც განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

ელექტროენერგიის სექტორში უსაფრთხოების ზრდისკენ გადადგმული საკვანძო ნაბიჯი შესაძლოა იყოს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების[2] ხელშეწყობა და არსებული თბოსადგურების გაზრდილი ეფექტიანობა (რათა იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს). ადგილობ­­რივი საზოგადოების პროტესტი დიდი ჰიდ­­როელექტროსადგურების (ჰესების) მშენებ­­ლობის მიმართ კვლავ პრობლემად რჩება რიგ შემთხვევებში დეზინფორმაციის, ხოლო რიგ შემთხვევებში შესაბამის ადგი­ლობრივ საზოგადოებასა და პროექტის მე­ნეჯერებს შორის ინფორმაციის არაეფექ­­ტიანი გაცვლის მიზეზით. პროექტის საწყის ეტაპზევე ამ საზოგადოების ჩართულობისა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შესაძლოა, ერთ-ერთი გამოსავალი იყოს[3]. გარდა ამისა, ელექტროენერგიის სისტემა განახლებასა და გაუმჯობესებას საჭირო­ებს, რათა ახალი განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირება და სტაბილურო­ბის შენარჩუნება[4] შეძლოს. რაც შეეხება მოთხოვნის მართვას, ამ მხრივ ერთ-ერთი ალტერნატივა შესაძლოა, კომერციული მიზნებისთვის სუბსიდირებული ელექტრო­ენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვების და­წესება, სუბსიდიების მიმართვა მოწყვლად მომხმარებლებზე და მაინინგის რეგული­რება იყოს. კიდევ ერთი ალტერნატივაა ენერგოეფექტიანობის პოლიტიკის შემუ­შავების დაჩქარება, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტიანი ხელსაწყოების უფრო ფართო გამოყენებას ინდუსტრიების, საოჯახო მეურნეობებისა და დანარჩენი კომერციული სექტორების მიერ. მნიშვნე­ლოვანია უფრო მეტი ენერგოეფექტიანი ნაგებობების მშენებლობაც[5]. საბოლოოდ, ენერგომოთხოვნის დაგეგმვამ ჭკვიანი ქსელებისა და მრიცხველების დამონტაჟე­ბის გზით, შეიძლება, ენერგიის მოხმარების მუდმივი ზრდის პრობლემაც[6] მოაგვაროს.

ელექტროენერგიის სექტორისთვის დამახასიათებელი გამოწვევების გაანა­ლიზებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ქსელი რუსეთის ელექტრო­ენერგიის სისტემასთანაა დაკავშირებუ­ლი და მის სტაბილურობასა და სიხშირეს რუსეთი აკონტროლებს. საქართველო სინქრონიზებულად არა მხოლოდ რუსულ, არამედ აზერბაიჯანულ სისტემასთანაც მუშაობს. ამგვარად, დამოკიდებულება არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ აზერბაიჯან­­ზეც, საქართველოს შედარებით უსაფრ­­თხოების გარანტიებს აძლევს, ვინაიდან რუსული სისტემიდან წამოსული ნებისმიე­რი არასტაბილურობა გავლენას როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ სისტემაზეც მოახდენს (WEG 2022). მიუხედავად ამისა, ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატო­რების ქსელში (Entso-E) გაწევრიანებისა და მისი კონტინენტური ევროპის ქსელთან მიერთების/ინტეგრაციის იდეა უგულე­ბელყოფილი არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, პოზიტიური ამბავია, რომ საქართველოს ელექტროსისტემის ოპერატორი (GSE) აქტიურად მუშაობს ENTSO-E-ში ზედამხედ­­ველის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც ქარ­­თული სისტემის Entso-E-ში ინტეგრაციის­­თვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს მოიცავს. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ამ მხრივ საქართველოსთვის ორი შესაძლებ­­ლობა არსებობს: თურქეთის სისტემასთან დაკავშირება ან ენერგეტიკული კავშირის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან წყალქვეშა კავშირების დამყარება. აღსა­ნიშნავია, რომ წყალქვეშა გადამცემი ხაზე­ბის პროექტის ტექნიკური განხორციელე­ბის შესაძლებლობის ანალიზი 2021 წლის აპრილში დაიწყო და 18 თვის განმავლობა­ში გაგრძელდება. საწყის ეტაპზე ექსპერტე­ბი პროექტს პოზიტიურად აფასებენ.

ბუნებრივი აირის სექტორი

ქვეყანაში გაზრდილი გაზიფიკაციისა და თბოსადგურების გაზრდილი წარმო­ების გათვალისწინებით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართ­ველოს სულ უფრო მეტი ბუნებრივი აირის იმპორტი სჭირდებოდა რუსეთიდან, რათა ბუნებრივი აირის ბაზარზე დეფიციტი შეევსო. რუსულმა იმპორტმა 2021 წლის საერთო იმპორტის 15% შეადგინა 2019 და 2020 წლებში, შესაბამისად, 6.3% და 8%-თან შედარებით. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ იმპორტიორად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდება­რეობის გათვალისწინებით, შაჰ-დენიზის გაზსადენიდან ბუნებრივი აირის თურ­­ქეთსა და ევროპაში გატანის ტრანზი­ტული გზები ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ტრანზიტული ბუნებრივი აირის 5% ფასდაკლებით შეიძინოს და მიღე­ბული გაზი სამომხმარებლო სექტორისა და თბოსადგურების ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენოს. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, აზერ­­ბაიჯანი ტრანზიტის გაზრდას გეგმავს შემდეგ წლებში ევროპისთვის მეტი ბუნებ­­რივი აირის მიწოდების გზით (ტრანზიტის ოდენობის გაორმაგებით – კერძოდ, 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე), რაც საქართველოს­­თვის უფრო იაფი გაზისა და გაზრდილი უსაფრთხოების მომტანი გახდება. გარ­­კვეული განხილვები/მოლაპარაკებები დაიწყო სამხრეთ კავკასიის გაზსადენში თურქმენეთის შესაძლო ინტეგრაციის თე­მაზე. მეტიც, არსებულმა ენერგოკრიზისმა ირანს[7] შესაძლებლობა მისცა, მსოფლიო ენერგობაზარზე ბუნებრივი აირისა და გაზის მომწოდებლად დაბრუნებულიყო. ამგვარად, ერთი შეხედვით, აღნიშნული შეგვიძლია, საქართველოსთვის დივერსი­ფიკაციის შესაძლებლობად მივიჩნიოთ. თუმცა იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გამოყენებულ იქნეს, რამდენიმე დაბრ­­კოლების გადალახვაა საჭირო. პირვე­ლი, საქართველოსა და ევროპისთვის საკუთარი რესურსების მოსაწოდებლად თურქმენეთს აზერბაიჯანის თანხმო­ბა სჭირდება. მეორე, ირანს საკუთა­რი ბუნებრივი აირის საქართველოში იმპორტი მხოლოდ ორი გზით შეუძლია – აზერბაიჯანის ან სომხეთის გავლით. სომხეთის გაზსადენების მფლობელი კი რუსული კომპანია „გაზპრომია“, რაც საქართველოს ნაკლებ შანსს უტოვებს, რომ არსებულ სავაჭრო პარტნიორებზე დამოკიდებულების ხარისხი შეამციროს. თუმცა ქვეყანას გაცილებით რეალისტუ­რი შესაძლებლობა აქვს, რომ ბუნებრივი აირის სექტორი უფრო მდგრადი გახადოს ფასების ზრდის მიმართ. საქართველო გაზის მიწისქვეშა ნაგებობის განვითარე­ბას გეგმავს, რომელიც ევროპის ენერგე­ტიკული გაერთიანების (EEC) მოთხოვნებს უპასუხებს. მისი დასრულება 2024 წელს იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც საქართვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების სამინისტროს წარმომადგენელმა ახსნა, მშენებლობის ვადები, სავარაუ­დოდ, გადაიწევს, რადგან ეს ფინანსური რესურსები COVID-პანდემიით გამოწვე­ული კრიზისის სამართავად გამოიყენეს. დაბოლოს, ბუნებრივი აირი, როგორც გათბობისა და წყლის გაცხელების წყარო, შესაძლოა, თანდათან ჩანაცვლდეს კონ­­ცენტრირებული მზის ელექტროსადგურე­ბით (მზის თერმული სადგურებით) (CSP) და გამათბობელი ტუმბოებით. მიუხედა­ვად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიების ფა­სები გათბობის ტრადიციულ წყაროებთან შედარებით მაღალია, ტენდენცია წლიდან წლამდე იკლებს. მეტიც, სავარაუდოა, რომ არსებული ენერგოკრიზისები და ტრა­დიციული ენერგიის წყაროების ფასების ზრდა ხელს შეუწყობს ალტერნატიული წყა­როების ენერგოსისტემებში ინტეგრაციას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ სოფლების ინტენსიური გა­ზიფიკაცია განახორციელა. ეს პოლიტიკა კი აშკარად ეწინააღმდეგება უფრო უსაფ­­რთხო და სუფთა ენერგიის მოხმარების­­კენ დასავლეთის სწრაფვას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ხელახლა შეფასდეს, რა გავლენას იქონიებს ეს ზომები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე.

ნავთობის სექტორი

რაც შეეხება ნავთობსა და ნავთობ­­პროდუქტებს, 2014 – 2021 წლებში რუსული დიზელის წილი ბაზარზე 10%-დან 20%-მდე მერყეობდა, ხოლო რუსული ნავთობი 0%- 40%-ის შუალედში იყო და 2021 წლის ჯამუ­რი იმპორტის 15%-ს შეადგენდა. ცალსახაა, რომ ბიზნესებს საკუთარი მომწოდებლე­ბის დივერსიფიკაცია ესაჭიროებათ, რათა თავიდან აიცილონ ერთ-ერთი საკვანძო ენერგოპროდუქტის მომხმარებლის­­თვის უზრუნველსაყოფად პოტენციურად სარისკო პარტნიორზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გაჩენა ან/და შენარ­­ჩუნება. არსებობს იმის დიდი ალბათობა და რისკი, რომ ბიზნესები საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტების დაბალი ფასებით მოიხიბლებიან და თავს აარი­დებენ დასავლეთის სანქციებს, როგორც ეს ინდოეთსა და ჩინეთში მოხდა. თუმცა მთავრობამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ დასავლური პრინციპებისგან და პოლიტიკური ნებისგან მსგავსი გა­დახვევები გააკონტროლოს და ბიზნესები წაახალისოს, რომ მათ არსებული მომწო­დებლების დივერსიფიკაცია მოახდინონ ნაკლებად პრობლემური მომწოდებლე­ბით[8]. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების ფასების სტაბილურობის უზრუნველსა­ყოფად აუცილებელია ფიქრის დაწყება ნავთობპროდუქტების საცავებისა და გადამმუშავებელი ქარხნების მშენებ­­ლობაზე. მარაგების შევსება, როდესაც ფასები უფრო დაბალია და მათი ნავთო­ბის კრიზისის დროს გამოყენება ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ნაკლებმტკივ­­ნეულად აისახება ფიზიკური პირების სამომხმარებლო კალათასა და ბიზნე­სოპერაციებზე. ქარხნები, მეორე მხრივ, ქვეყანას მეტ ალტერნატივას გაუჩენს ნედლი ნავთობის დივერსიფიკაციისთვის და ნავთობპროდუქტების ფასების სტაბი­ლიზაციასაც შეუწყობს ხელს. დაბოლოს, საქართველოში ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადასვლის მზარდმა ტენ­­დენციამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს ტრან­­სპორტის სექტორში ნავთობპროდუქტებზე არსებული დამოკიდებულების ხარისხის შემცირებას[9].

რუსული კაპიტალი ენერგოსექტორში, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ფასის დემპინგი

სხვა მნიშვნელოვანი დისკუსიები ენერ­­გეტიკის სექტორში რუსული კაპიტალის გარშემო ტრიალებს. ფონდი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) 2022 წლის ანგარიშში ხსნის, რომ რუსულ კაპიტალზე დასავლური სანქციების მი­მართ ენერგოსექტორი უფრო მდგრადი იქნება, ვინაიდან იგი რეგულირებულია და თითოეული სუბიექტი ლიცენზირებულ საქ­­მიანობას ახორციელებს, მათი დასკვნები ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ საქართველოს კანონის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარეობს. კანონის თანახმად, თუ ენერგოკომპანია ლიცენზი­ის ხელშეკრულებაში გაწერილ რომელიმე წესს დაარღვევს, მარეგულირებელი კომი­სია სპეციალურ ზედამხედველს დანიშნავს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგი­ის სტაბილური მიწოდების უზრუნველსა­ყოფად. ეს შესაძლოა, გავრცელდეს ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა რუსი მფლო­ბელის წინაშე მდგარი პრობლემები ბიზ­­ნესოპერაციების განსახორციელებლად ადგილობრივი ბანკებიდან და ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებითი ფინანსური წყაროების მიღების მხრივ. თუმცა მეორე საკითხია, არსებობს თუ არა ქვეყანაში საკმარისი ფინანსური რესურსები, რომ ბაზარზე რუსული ინვესტორები ჩანაცვ­­ლდნენ და აქტივობები შეუფერხებლად გაგრძელდეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგეტიკულ სისტემებზე კიბერშეტევების მზარდი საფრთხეებიც, რომლებიც სისტემის გაციფრულებასთან ერთად იჩენს თავს. ამგვარად, ოპერატორების მზაობა და სპე­ციალისტების მზადყოფნა, რომ თავიდან აიცილონ კიბერშეტევები და უზრუნველყონ არსებული ინფრასტრუქტურის კიბერგაძ­­ლიერება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკის განვითარების კიდევ ერთი მიმართულებაა. საუკეთესო შემთხვევაში, სექტორის სრულად გაციფ­­რულებამდე უნდა შეფასდეს არსებული საფრთხეები და პრევენციული ზომები უნდა იქნეს მიღებული. ისიც უნდა გვახ­­სოვდეს, რომ ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა 2022 წლის სექტემბერში იგეგმება. ეფექტიანი საბაზრო ოპერაციების უზრუნ­­ველსაყოფად საჭიროა ინვესტიციების განხორციელება ჭკვიან ქსელებში, მრიცხ­­ველებსა და ავტომატიზებულ სისტემებში. დაბოლოს, არსებობს მარეგულირებელი კომისიის მხრიდან საფუძვლიანი და სიღ­­რმისეული ზედამხედველობის გადაუდე­ბელი საჭიროება, რათა თავიდან იქნეს აცილებული დემპინგური აქტივობები[10] არასასურველი და არასანდო სავაჭრო პარტნიორებისა და იმპორტიორებისგან[11].

დასკვნები

ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ალ­­ტერნატივა რუსულ სექტორზე დამოკი­დებულების მინიმიზაციისა და ენერგო­უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ალტერნატივებია: ელექტროენერგიის ადგილობრივად წარმოების ხელშეწყობა, ენერგოეფექტიანობის უზრუნველყოფა, ნავთობპროდუქტების მომწოდებლების დივერსიფიკაცია და გაზისა და ნავთობ­­პროდუქტების საცავების მშენებლობა. ჩვენ განვიხილეთ ENTSO-E-ში ინტეგრაცი­ის შესაძლებლობები და ენერგოსექტორ­­ში რუსული კაპიტალის არსებობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. თითოეულ ამ სფეროს თავისი გაურკვევლობები ახა­სიათებს და ზოგ მათგანს განხორციელე­ბისთვის ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ აუცილებელი არ არის, ყველა ეს ალტერ­­ნატივა ცალ-ცალკე იქნას არჩეული ან/და მკაცრად განსაზღვრული თანამიმდევრო­ბით განხორციელდეს. პირიქით, გონივ­­რულმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ ყველა ზომა ეტაპობრივად უნდა გააერთიანოს და გამოიყენოს წარმოქმნილი შესაბა­მისობისა და სინერგიის სარგებელი. აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტი­ლებები დაეფუძნოს უახლეს ინფორმაციას და ამგვარად შეამციროს გაურკვევლობა. ვინაიდან რესურსები შეზღუდულია, არსე­ბითად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ალტერნატივის ეკონომიკური ეფექტიანო­ბის შეფასებისას დეტალური რაოდენობ­­რივი გავლენის შეფასების განხორციე­ლების და ყველა მოსალოდნელი ხარჯისა და სარგებლის მონეტიზაციის პროცესში ყველა ეს ელემენტი მხედველობაში იქ­­ნეს მიღებული. ხარჯისა და სარგებლის ამგვარი ანალიზი რისკის სიღრმისეული შეფასების მეშვეობით უნდა განხორციელ­­დეს და ღირებულება რისკის შემცირების კომპონენტსაც მიენიჭოს. ასევე მნიშვ­­ნელოვანია, რომ აღნიშნული ელემენტი გადაწყვეტილების მიღების/პოლიტიკის შემუშავების პროცესის საბოლოო ეტაპზე იყოს გათვალისწინებული (როდესაც სტრატეგიები და პოლიტიკა შერჩეული და განხორციელებულია). მთელი ეს მოსამ­­ზადებელი სამუშაო უზრუნველყოფს, რომ პროექტებმა მეტი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას ენერგოუსაფრთხოების გაზრდისა და თანდართული რისკების მი­ნიმიზაციის ხარჯზე.

 

წყაროები:

[1] აფხაზეთში მკვეთრად გაზრდილ ელექტროენერგიის მოხმარებასთან გამკლავება, ძირითადად, პოლიტიკური საკითხია, რომელიც 60/40 წესის აღსრულების საჭიროებასთან არის დაკავშირებული, რომლის შესაბამისადაც ენგურისა და ვარდნილის ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 60% საქართველოს დანარჩენ ნაწილს უნდა მოხმარდეს, 40% კი – აფხაზეთს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს, ვინაიდან აფხაზეთი რუსეთისგან ნაკლებ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს რუსეთის ხარჯების საგრძნობი გაზრდის გამო, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომისკენაა მიმართული. შესაბამისად, დატვირთვა ქართულ ელექტროსისტემაზე შესაძლოა, გაიზარდოს.

[2] 2019 წლის განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის წარმოების პოტენციალი, დაახლოებით, წლიური 50 ტერავატ/საათით შეფასდა, ხოლო სიმძლავრის კუთხით, 2021 წლისთვის, დაახლოებით 21% იქნა გამოყენებული. ქარის ენერგიის წარმოების პოტენციალი, დაახლოებით 4 ტერავატ/საათით შეფასდა წლის განმავლობაში, თუმცა დაახლოებით 2% იქნა გამოყენებული 2021 წლისთვის, ხოლო ბიომასის პოტენციალი 3-4 ტერავატ/საათს გაუტოლდა, როდესაც 2019 წელს მისი მხოლოდ 0.01% იქნა გამოყენებული. საქართველოს გეოთერმული და მზის ენერგიის წარმოების პოტენციალიც აქვს, თუმცა ამ წყაროებიდან ენერგიის მიღების წილი კვლავ უმნიშვნელოა. მიუხედავად იმისა, რომ აღსანიშნავია ნეტო-აღრიცხვის სისტემის წარმატება, განსაკუთრებით, მზის ელექტროსადგურების დადგენილი სიმძლავრის 500 კვტ-მდე გაზრდის შემდეგ, რის საფუძველზეც მათ მიერ გამომუშავებულმა ენერგიის წარმოებამ წელიწადში 17.7 მგვტ/სთ შეადგინა და წინა წლებთან შედარებით ათჯერ მეტად გაზარდა, აღნიშნული ოდენობა ჯერ კიდევ უმნიშვნელო წილს შეადგენს 2021 წელს მთლიან წარმოებაში.

[3] ბოლო პერიოდში ენერგიის გამოყენების ინკლუზიური და გამჭვირვალე დაგეგმვის უზრუნველსაყოფად პირველი ნაბიჯები გადაიდგა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტმა ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის (NECP) შესახებ დისკუსიის ფარგლებში 10-ზე მეტ სამუშაო შეხვედრაზე ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა უზრუნველყო, რომელიც ენერგოსექტორისთვის საკვანძო პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს.

[4] ზომების მიღება ამ მიმართულებითაც დაიწყო და რიგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა კიდეც. GSE ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ფარგლებში 561 კმ სიგრძის გადამცემი ხაზებისა და 13 ელექტროქსელის ქვესადგურის მშენებლობას, გაფართოებასა და რეაბილიტაციას გეგმავს.

[5] უკვე არსებობს ენერგოეფექტიანობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა ამ აქტივობას აერთიანებს, თუმცა მისი აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება.

[6] ჭკვიანი ქსელი ენერგოსისტემაში ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს. პირველ რიგში, ის ენერგოსისტემის გამოყენების ეფექტიანობას აუმჯობესებს, ახდენს რა დაგეგმვის ოპტიმიზაციას და დანახარჯების შემცირებას. მეორე რიგში, ის უზრუნველყოფს ენერგიის მოხმარების ეფექტიანობას ელექტროენერგიის მომხმარებელთათვის ყველა სახის საჭირო ინფორმაციის მიწოდების გზით, როგორიცაა: ელექტროენერგიის არსებული და ისტორიული მოხმარება, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ელექტროენერგიის მოხმარებიდან, მყისიერი მოთხოვნა, ტემპერატურა, ტენიანობა და განათება და სხვ. ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება, რაც მას ელექტროენერგიის მოხმარების რეჟიმის განსაზღვრაში ეხმარება. ჭკვიანი ქსელების განუყოფელი ნაწილია ჭკვიანი მრიცხველები, რომლებიც ზუსტად აღრიცხავენ ელექტროენერგიის მოხმარებას და ზუსტ ინფორმაციას აწვდიან მომხმარებელს ელექტროენერგიის საათობრივი ტარიფების/ფასების შესახებ. როდესაც მომხმარებლები ხედავენ, რომ ფასები ყველაზე მაღალი პიკური მოთხოვნის პერიოდშია, ისინი ამცირებენ მოხმარებას და სისტემაზე ზეწოლაც მცირდება. 2021 წლის ოქტომბრიდან ყველა ახალი შენობა საქართველოში აღჭურვილ უნდა იქნეს ჭკვიანი მრიცხველებით, ხოლო ძველი მრიცხველები ძველ შენობებში მომდევნო წლებში ეტაპობრივად შეიცვლება.

[7] საქართველოს უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება 2006 წელს ირანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის მხრივ. მეტიც, საქართველოსა და ირანს შორის გარკვეული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა ირანული გაზის საქართველოში იმპორტის შესახებ.

[8] განსაკუთრებით, როცა ნავთობის ბაზრის დივერსიფიკაცია გაცილებით მარტივია, ვინაიდან საქართველოს 70-მდე მომწოდებელი ჰყავს და ნავთობპროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით არის შესაძლებელი: ბარჟებით, ტანკერებით, სახმელეთო გადაზიდვების გზით, გაზსადენებით, სატვირთო ავტომობილებითა და რკინიგზით.

[9] 2016 წელს ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი შეიცვალა და მასტიმულირებელი პოლიტიკა იქნა შემოღებული ელექტროავტომობილებისთვის. შესაბამისად, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა და 2017 წლიდან 20%-ზე მეტს შეადგენდა, თუმცა 2021 წელს იმპორტის წილი შემცირდა, რაც, გარკვეულწილად, წიაღისეული საწვავისა და ბუნებრივი აირის ფასების ცვლილებამ განაპირობა.

[10] მსგავსი რისკების შესამცირებლად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წელს მარკეტინგის მონიტორინგის დეპარტამენტი/განყოფილება შექმნა.

[11] ბაზრის გახსნის საწყის ეტაპზე შესაძლოა, საფრთხილო იყოს ბაზარზე იმპორტიორების შეზღუდვა, თუკი უზრუნველყოფილი არ არის, რომ მონიტორინგის სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს და სამართლიანი ბაზრის წესებიდან ნებისმიერ აცდენას აფიქსირებდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *