მოგზაურობის მოყვარულები მარშრუტის დაგეგმვისას ხშირად, ბევრ ფაქტორთან ერთად, დიდ ყურადღებას „დროში მოგზაურობის“ შესაძლებლობას ანიჭებენ, რის საშუალებასაც ტურისტებს ისტორიული ადგილებისა და ნაგებობების მონახულება აძლევთ. სწორად დაგეგმილმა მოგზაურობამ შესაძლოა დაუვიწყარი საგანმანათლებლო გამოცდილება შექმნას და ტურისტები სხვა ქვეყნის კულტურას, ისტორიულ ადგილებს, ტრადიციებსა და მოვლენებს აზიაროს, რომლებიც გავლენას ჩვენი ცხოვრების წესზე დღესაც ახდენენ. BESTLIFE-მა მსოფლიოს ათი საუკეთესო ისტორიული მუზეუმი შეარჩია, რომლებიც, გამოცემის რჩევით, მოგზაურობის დროს მოსანახულებელი ადგილების სიაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს. აღსანიშნავია, რომ BESTLIFE-ის საუკეთესო ისტორიული მუზეუმების ათეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული მუზეუმიც.
თოფქაფის სასახლე (სტამბული, თურქეთი)
მართალია, ისტორიული არტეფაქტების კოლექციები ყოველთვის შთამბეჭდავია დამთვალიერებლისთვის, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული, თუმცა ისტორიული საგანძური, თანაც სასახლეში გამოფენილი, ბევრად უფრო დასამახსოვრებელია თითოეული მოგზაურისთვის. სტამბულის გულში მდებარე თოფქაფის მუზეუმი ოთხი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის სულთნების რეზიდენციას წარმოადგენდა. სასახლეში წარმოდგენილია კერამიკის, სამკაულების, ტექსტილისა და სხვა ნივთების მდიდარი კოლექცია, რომელიც ფართო ისტორიულ პერიოდს აერთიანებს, ანატოლიის ცივილიზაციიდან ბიზანტიის იმპერიამდე.
აკროპოლისის მუზეუმი (ათენი, საბერძნეთი)
ათენის აკროპოლისის მუზეუმი ქალაქის მწვერვალზე აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტებისა და ხელოვნების ნიმუშების სახლია. მუზეუმში წარმოდგენილი თითქმის ყველა ნივთი დაზიანებულია, თუმცა მათ ისტორიულ მნიშვნელობასა და ღირებულებაზე ეს დაზიანებები გავლენას ნამდვილად ვერ ახდენს. შენობის მდებარეობა დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს, არტეფაქტებით ზუსტად იმ ადგილას დატკბნენ, სადაც ისინი აღმოაჩინეს. ობიექტი კი, რომელიც 2000 წელს ბერნარ ჩუმიმ და მაიკლ ფოტიადესმა დააპროექტეს, თანამედროვეობისა და სიძველის ერთიანობას წარმოგვიდგენს.
ანა ფრანკის სახლ-მუზეუმი (ამსტერდამი, ნიდერლანდები)
ამსტერდამში არსებული სახლი ანა ფრანკისა და მისი ოჯახის თავშესაფარს წარმოადგენდა – გერმანელი ებრაელების, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ამსტერდამში გაიქცნენ და ნაცისტურ რეჟიმს რამდენიმე წელი იქ ემალებოდნენ. სწორედ ამ სახლში დაწერა ანა ფრანკმა თავისი ცნობილი დღიური, რომელიც გერმანელი ფაშისტებისგან დამალვისა და მსოფლიო ომში მყოფი ტინეიჯერი გოგოს ფსიქიკურ მდგომარეობას ყველაზე კარგად აღწერს.
პირველი მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმი და მემორიალი (კანზასი, მისური)
პირველი მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმი და მემორიალი ახალი თაობისთვის ერთდროულად საგანმანათლებლო როლსაც ასრულებს და პატივის მიგების სიმბოლოსაც წარმოადგენს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ძველი კონფლიქტების შეხსენება შესაძლოა ერთადერთი გზა იყოს მათი გამეორების თავიდან ასაცილებლად. 1920-იან წლებში აშენებული ნაგებობა, არტ-დეკოს მონუმენტისა და მიწის ქვეშ მოქცეული მუზეუმის ნაზავს წარმოადგენს. მუზეუმში განთავსებულია პირველი მსოფლიო ომის არტეფაქტების მსოფლიოში უდიდესი კოლექცია, ამასთან ერთად კი ის ინახავს ამბებს, რომლებიც ძირითადად დავიწყებული და ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის.
ახალი ზელანდიის Te Papa Tongarewa მუზეუმი (ველინგტონი, ახალი ზელანდია)
ექვსსართულიანი მუზეუმი, რომელიც დედაქალაქ ველინგტონში მდებარეობს, ახალი ზელანდიის ისტორიის „სახლად“ მიიჩნევა. შენობა სავსეა თანამედროვე და ინტერაქტიური გამოფენებით და მნახველებს როგორც ქვეყნის ისტორიაში, ასევე მის აწმყოშიც ამოგზაურებს. დაწყებული იმ ექსპონატებით, რომლებიც ახალი ზელანდიის უჩვეულო და მშვენიერ ველურ ბუნებას წარმოაჩენს, დასრულებული ეროვნული ხელოვნების კოლექციებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომლებიც დამთვალიერებელს მაორის ხალხის კულტურასა და მათ საბოლოო დეკოლონიზაციას აცნობს.
ეგვიპტის სიძველეების მუზეუმი (კაირო, ეგვიპტე)
კაიროში მდებარე მუზეუმში დამთვალიერებელს ეგვიპტური სიძველეების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ხილვა შეუძლია. კოლექცია მოიცავს ქანდაკებებს, რელიკვიებს, ხელოვნების ნიმუშებს და კარგად შემონახულ მუმიებსაც კი. მოგზაურთათვის განსაკუთრებით მიმზიდველი კი ტუტანხამონის აკლდამის შესწავლისას აღმოჩენილი ოქროს საგანძურია, მათ შორის – ნორჩი ფარაონის ოქროს ნიღაბი.
ბეისბოლის ეროვნული დიდების დარბაზი და მუზეუმი (კუპერსთაუნი, ნიუ-იორკი)
მართალია, ისტორიული მუზეუმები წარსულის შესწავლასა და დაფასებაში გვეხმარება, ბეისბოლის ეროვნული დიდების დარბაზი და მუზეუმი საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ის, რაც ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ბეისბოლის უდიდეს მომენტებთან ერთად, ამერიკის კულტურულ წარსულსაც დაუკავშირდეთ.
ებრაული მუზეუმი (ბერლინი, გერმანია)
ბერლინში მდებარე ებრაული მუზეუმი კაცობრიობის ისტორიაში ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მოვლენის შესახებ გვიყვება, რომლის შედეგებიც დღემდე იგრძნობა. ინტერაქტიური ექსპონატებით, ლექციებითა და ვორკშოპებით, მოძრავი მუზეუმი ემოციურ გამოცდილებას ქმნის ყველა ასაკის სტუმრისთვის.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისი, საქართველო)
როგორც გამოცემა ამბობს, არ არსებობს რომელიმე კუთხე ჩვენი პლანეტის, რომელსაც საკუთარი ისტორია არ გააჩნია. თუმცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემთხვევაში, ექსპერტები გაოცებულნი არიან იმ გავლენით, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას საკუთარი საზღვრების მიღმაც კი ჰქონდა.
ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა და ერთ ლოკაციაზე ათი მუზეუმის კოლექციები გააერთიანა. მუზეუმი კარგად ასახავს საქართველოს გადამწყვეტ როლს ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და კავკასიის რეგიონის ისტორიაში. ყველაზე შთამბეჭდავი ექსპონატი არქეოლოგიური საგანძურია, საქართველოს პრეისტორიული სამეფოების ვერცხლისა და ოქროს წარმოუდგენელი სიწმინდეებით. მასთან ერთად კი საბჭოთა ოკუპაციის დარბაზი, 1921-1991 წლები, დისიდენტების სისტემატური მკვლელობისა და ქართული კულტურის განადგურების კამპანიის პერიოდი.
ისრაელის მუზეუმი (იერუსალიმი, ისრაელი)
ისრაელის მუზეუმი იერუსალიმში ბიბლიური ისტორიის სახეა. მუზეუმში წარმოდგენილია უძველესი ხელოვნებისა და არტეფაქტების დიდი კოლექცია, მათ შორის მკვდარი ზღვის გრაგნილების შემონახული ფრაგმენტები. პლატფორმიდან კი მნახველებს ძველი იერუსალიმის უზარმაზარი მოდელის ხილვა შეუძლიათ, იერუსალიმის ცენტრალური მეორე ტაძრითა და ოქროს დეტალებით.
დატოვე კომენტარი