მნიშვნელოვანი შედეგების მუხედავად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა, გააუმჯობესოს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის 25-წლიან თანამშრომლობას ეხება. ამ პერიოდში მსოფლიო ბანკმა საქართველოში $4,3 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველომ უკეთ უნდა მართოს საკუთარი ბუნერივი რესურსები, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და განავითაროს სოფლის მეურნეობის დარგი.
“საქართველოს სჭირდება ბალანსი სოციალურ პროგრამებსა და ფისკალური/მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით”, – ვკითხულობთ ანგარიშში. ბანკი აღნიშნავს, რომ შიდა დანაზოგების ნაკლებობა საქართველოსთვის კვლავ ერთ-ერთი გამოწვევაა, ამასთან, მიუხედავად ლიბერალური ეკონომიკური გარემოსი, საქართველოში კვლავ მაღალია უმუშევრობა, ეკონომიკური აქტივობა კი დაბალი, განსაკუთრებით კი მოსახლეობის ახალგაზრდა თაობაში.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სექტორი დღეს ტურიზმია, რომელსაც აქვს პოტენციალი მიაღწიოს მდგრად და სტაბილურ განვითარებას. „2009-2016 წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურიზმის სექტორი ჰქონდა“, – წერს WB და აღნიშნავს, რომ გასულ წელს ტურიზმის პირდაპირი წილი ქვეყნის მშპ-ში 7%-ს შეადგენდა, დასაქმებაში კი 5%-ს.
თავის მიმოხილვაში მსოფლიო ბანკი აქცენტს აკეთებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგზეც და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან ქვეყნის მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა რეგიონებში ეკონომიკური განვითარება. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკი აღნიშნვას, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი კვლავ სოფლის მეურნების დარგში მუშაობს და ისინი მშპ-ს მხოლოდ 8%-ს ქმნიან.
“სამეურნეო საქმიანობას უმეტეს შემთხვევაში საარსებო წყაროს მიღების ხასიათი აქვს, ფერმერი მოსახლეობის უმეტესობა ხანდაზმულია და უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულია სოციალურ დახმარებაზე. სოფლის მეურნეობის დარგის პროდუქტიულობის გაზრდა და მოსახლეობის მაღალ პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვა უმნიშვნელოვანესია რეგიონების განვითარებისთვის”, – წერს მსოფლიო ბანკი.
World Bank ანგარიშში საქართველოს ჯანდაცვის სისტემასაც აფასებს. ბანკი აღნიშნავს, რომ 2013 წლის შემდგომ, რაც საქართველო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე გადავიდა, ჯანდაცვის ხარჯები გაორმაგდა და 2015 წელს 8,4%-ს მიაღწია. ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოს შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს: ე.წ. ჯენერიკ მედიკამენტებზე წვდომის გაზრდა, მონიტორინგის გაზრდა, პირველად და ჰოსპიტალურ დახმარებას შრის კოორდინაციის გაზრდა, მეტი ძალისხმევის მიმართვა პირველად დახმარებაზე, ძირითად მედიკამენტებზე წვდომის ზრდა.
“საქართველო და მსოფლიო ბანკი უკვე წლებია თანამშრომლობენ და ამ თანამშრომლობამ გამოიწვია სირარიბის შემცირება და თანასწორობის ზრდის ხელშეწყობა ქვეყანაში. მსოფლიო ბანკი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. საქართველოს მოსახლეობა მცირდება და დაბერების პროცესს განიცდის. სამომავლოდ, სამუშაო ასაკის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის უფრო მცირე ნაწილს შეადგენს. სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის პრიორიტეტული საკითხია. საქართველომ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და კვლევებში. განათლების ხარისხი ქვეყანაში გასაუმჯობესებელია. პირველად ჯანდაცვასა და ქრონიკულ დაავადებებს მეტი ყურადღება სჭირდება. საქართველოს სჭირდება უკეთესი მენეჯმენტი გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის ცვლილებების და ურბანიზაციის საკითხების კუთხით. საქართველოს ბუნებრივ რესურსებს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, იმისთვის რომ მიაღწიოს სოციოეკონომიკურ განვითარებას ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ჰიდროგენერაციის დარგების განვითარების კუთხით“, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.
დატოვე კომენტარი