რატომ უნდა ადარდებდეს საქართველოში ვინმეს “პანამის დოკუმენტები”? კარგი კითხვაა. იმ 17,193 დოკუმენტის უმეტესობა, სადაც სიტყვა საქართველო ფიგურირებს (და უნდა ვაღიაროთ, რომ მათ შორის არის დოკუმენტები, რომლებიც სინამდვილეში ამერიკის შტატს გულისხმობს ან როცა ვინმე ისეთია მოხსენიებული, ვისაც ჯორჯია ჰქვია) ან რუტინული კორესპონდენციაა დოკუმენტების გამამჟღავნელებელი პანამური კომპანიის მოსაკ ფონსეკას ფილიალებს შორის, ან იმდენად ძველია, რომ მათი ადგილი ისტორიის წიგნებში უფროა, ვიდრე დღევანდელ ჟურნალებში, გაზეთებში, ვებგვერდებსა თუ სატელევიზიო ახალ ამბებში.
მაგრამ ქვეყანაში, სადაც მოვლენები იმაზე ბევრად სწრაფად ვითარდება, ვიდრე ისტორიის წიგნებში მის ასახვას ასწრებენ, “პანამის დოკუმენტებს” შეუძლია მცირე ნათელი მაინც მოჰფინოს იმას, თუ როგორ იყიდებოდა, ივაჭრებოდა თუ “სხვისდებოდა” საქართველოს აქტივები უფრო შურისა და პოლიტიკური შუღლის, ვიდრე ეკონომიკის საფუძველზე. ქართველების მიერ მოსაკ ფონსეკას გამოყენებით ოფშორული კომპანიების დაფუძნების ისტორია თითქმის ისეთივე ძველია, როგორიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირის ჩამოშლასთან ერთად, ქართველი იურისტები უკვე ჩნდებიან დოკუმენტებში, როგორც რწმუნებული პირები, რომელთაც ყველა უფლება აქვთ, წარმოადგენდნენ ოფშორულ კომპანიებს. სულ მალე ქართველები იწყებენ საკუთარი ოფშორული კომპანიების დაფუძნებას. რამდენიმე შემთხვევაში, ამ კომპანიების მფლობელობა ხელიდან ხელში გადადიოდა მთავრობის წევრებს ან მათ შორის, ვისაც მთავრობასთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფშორული კომპანიები მეტწილად კანონიერად საქმიანობენ, უდავოა, რომ ბევრ მათგანს მათი რეალური მფლობელები მოგების გადასახადის შესამცირებლად ან გადასახადისგან თავის მთლიანად არიდებისთვის იყენებენ. ვინაიდან დედამიწაზე თითქმის ყველა ქვეყანა დღეს მთელი მონდომებით ცდილობს, საკუთარი ბიუჯეტი დააბალანსოს, იმის დრო დგება, რომ კომპანიების რეგისტრირების საერთაშორისო წესები გადაიხედოს ისე, რომ მეტი გადასახადი აიკრიფოს და ეს შემოსავალი მიიღონ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ეს შემოსავლები ეკუთვნით.
ამ რეფორმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოფშორული კომპანიების ნამდვილი მფლობელების იდენტიფიცირება. გლობალურ ანტიკორუფციულ სამიტზე, რომელიც 12 მაისს ლონდონში გაიმართა, ექვსმა ქვეყანამ – მათ შორის, უმსხვილესმა ფინანსურმა ცენტრებმა: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა – აიღეს ვალდებულება, შექმნან საჯარო რეესტრის ახალი სისტემები, სადაც ნამდვილი მფლობელების გასაჯაროება სავალდებულო იქნება.
სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო დაფიქრდება ასეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე. განცხადების თანახმად, საქართველო პირობას დებს უზრუნველყოს, რომ მის სამართალდამცავ სტრუქტურებს “სრული და ეფექტური” წვდომა ჰქონდეთ ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაციაზე საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებთან და სხვა იურიდიულ პირებთან მიმართებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაატაროს ორმხრივი ღონისძიებები პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით.
გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით “საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციისკენაც” მოუწოდა. “რაც მეტი ქვეყანა დანერგავს გამჭვირვალობის გაუმჯობესებულ სტანდარტებს, მით უფრო საგრძნობი იქნება შედეგები მთელ მსოფლიოში”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მაგრამ ქვეყანაში, სადაც პარლამენტიც და სასამართლო სისტემაც მომწყვდეულები არიან პოლიტიკურ ჩიხში, რომელიც ვენდეტისკენ იხრება, მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ტიპის რეფორმები დღის შუქს მალე ვერ იხილავს. თუ თქვენ ქართველი გადასახადის გადამხდელი ხართ, რომელსაც ხაზინაში თავისი შემოსავლის წილი პატიოსნად შეაქვს, “პანამის დოკუმენტები” თქვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმ შემთხვევაში, თუ დაფარული ინფორმაციის გასაჯაროება პირველი ნაბიჯი იქნება საგადასახადო რეფორმისკენ, რომელიც შეძლებს შემოსავლების გაზრდას მათი გამოვლენის გზით, ვინც თქვენსავით უნდა იხდიდეს გადასახადს.
თუ – არა, ისტორიკოსებს მაინც დარჩებათ ორიგინალური წყაროები და დოკუმენტები, რომელთაც დაეყრდნობიან, როცა შეეცდებიან, თანამედროვე საქართველოს ადრეული წლებიდან აზრი გამოიტანონ.
დეივ ბლოსი “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების პროექტი – თბილისის” რეგიონული რედაქტორია.
დატოვე კომენტარი