საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) მენეჯმენტში ცვლილებებია – კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლიდან ირაკლი გილაური აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს, თუმცა ის დარჩება დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.
„საქართველოს კაპიტალის“ CEO-ს თანამდებობას ნიკოლოზ გამყრელიძე დაიკავებს, რომელსაც ამჟამად კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია უჭირავს.
ირაკლი გილაურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო და ის კომპანიის ინტერესებს ემსახურება, რაც დირექტორისა და თავმჯდომარის როლების გამიჯვნასთანაა დაკავშირებული.
„მჯერა, რომ თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის როლების გამიჯვნა გააუმჯობესებს ჩვენს მმართველობას ინვესტიციების სფეროში“, – განაცხადა ირაკლი გილაურმა.
„მე და ირაკლის ერთად მუშაობის გამოცდილება გვაქვს, როცა GHG-ში ის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მე კი – აღმასრულებელი დირექტორის. მოუთმენლად ველი მასთან და „საქართველოს კაპიტალის“ შესანიშნავ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას“, – ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.
დატოვე კომენტარი