ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ეს შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში სენსაციური გამარჯვების შედეგად გახდა შესაძლებელი – ქართველებმა ჯგუფის ფავორიტი, უნგრეთის ნაკრები დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 17:14 მოიგო, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთები დაძაბული აღმოჩნდა. ქართველები ერთი ქულით მარცხდებოდნენ, როდესაც ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიების შემდეგ კი პენალტის უფლება მოიპოვეს და საბოლოო ანგარიში 31:30 დააფიქსირეს.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი 10-28 იანვარს გაიმართება. ტურნირს გერმანია უმასპინძლებს.