საკონსულტაციო და კვლევითი საერთაშორისო ორგანიზაციის ACT-ის (ეისითი) მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (84%) მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია.
გამოკითხულთა შორის მათი წილი, ვინც არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „რუსეთი მტერია“ 11%-ს არ აღემატება, რესპონდენტთა 5%-მა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
„რუსეთის აღქმა სრულიად ერთგვაროვანია და მისი ბუნების შესახებ კითხვებს არ ტოვებს, შესაბამისად, მოფიქრალი ადამიანების დიდი რაოდენობა კი გვაფიქრებინებს, რომ ეს თემა შიდა დაპირისპირებაზე მაღლა დგას და სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს აერთიანებს“, – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში.
მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (91%) არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია.
ACT-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% არ ელოდა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყებას, მოსახლეობის 17% საომარ მოქმედებებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მათ შემოგარენში მოელოდა, ყოველი მესამე გამოკითხული (31%) კი მოელოდა ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, კიევშიც.
გამოკითხულთა 63% ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს, 12% რუსეთის გამარჯვებას მოელის, ყოველი მეხუთე გამოკითხული (20%) დაბნეულია და არ იცის ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი. ასევე, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს (5%), რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება.
10-დან 9 გამოკითხული გულშემატკივრობს უკრაინას და ომში მისი გამარჯვება უნდა (88%). რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად მცირე ნაწილს – 1%-ს.
„კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაწყებული ომი მოსახლეობისთვის აქტუალური და მტკივნეული თემაა. თითქმის ყველა გამოკითხული (96%) მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება“.
საქართველოს მოსახლეობის 87% ეთანხმება დებულებას, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“. გამოკითხულთა 72% მოელის, რომ „თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება“.
ACT-ის შეფასებით, აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ გამოკითხულები ამ ომში უკრაინის გამარჯვებას.
ცნობისთვის, სატელეფონო კვლევა 2022 წლის 4-6 მარტს ჩატარდა და მან 809 რესპონდენტი მოიცვა, შერჩევის ცდომილებამ 2.4% შეადგინა.
დატოვე კომენტარი