საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებას გაუნულებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთვარობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში დაახლოებით 30 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია, რომელთა დავალიანება ჯამურად 40 მილიონ ლარს აღწევს.
„მინდა შევეხო პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს – ეს სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხია. ინფორმაცია მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ცნობები, დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი აქვს შეჩერებული. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება და მათ, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენა და თავის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება შეეძლებათ.
ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანებაა. მინდა მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება ამ ფინანსური დავალიანების შემდეგ კვლავაც შეძლონ სწავლის გაგრძელება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.