საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ტურნირის ჩემპიონის ტიტული უკვე მეთხუთმეტედ მოიპოვეს.
„რაგბი ევროპის“ ფინალური შეხვედრა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. ქართველებმა შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით, 38:11 მოიგეს. უნდა ითქვას, რომ ეს გამარჯვება ეროვნული ნაკრებისთვის ტურნირზე მეასე აღმოჩნდა.
ქართველმა მორაგბეებმა „რაგბი ევროპის“ ფინალში ექვსი ლელო და ოთხი გარდასახვა მიითვალეს. შეხვედრის პირველი ტაიმი მათ მინიმალური უპირატესობით, 12:11 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა გუნდისთვის ქულების შემატება ვერ შეძლეს.
ქართველების მონაგრიდან ორი ლელო აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, თითო-თითო კი – შალვა მამუკაშვილის, გურამ პაპიძის, დემურ თაფლაძისა და გიორგი ჭყოიძის. რაც შეეხება გარდასახვებს, მათი ზუსტად შესრულება ორჯერ თედო აბჟანდაძემ და ასევე ორჯერ, ლუკა მატკავამ შეძლო.
დატოვე კომენტარი