საქართველოს ფოსტალიონი

საქართველოს ფოსტალიონი

2818 თანამშრომელი. 914 ლარი საშუალო ხელფასი. ბოლო 6 წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი 40 მილიონ ლარზე მეტი – ასეთია “საქართველოს ფოსტის” ძირითადი სტატისტიკა. სახელმწიფო კომპანიას ლევან ჩიკვაიძე ხელმძღვანელობს.

დღეს, 21-ე საუკუნეში, გართულებული კომუნიკაცია პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ინტერნეტის, როუმინგისა და სოციალური ქსელების ეპოქაში გზავნილის გაცვლა სირთულეს საერთოდ არ წარმოადგენს, მაგრამ არსებობს გზავნილები, რომლებსაც ყოველთვის ერთი და იგივე სერვისი სჭირდებათ. ეს – ფოსტაა.

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა – მათ შორის, მომხმარებლის არჩევანის ნაწილშიც: გინდა, კერძო ოპერატორს ენდე, გინდა – ეროვნულს. მეტი გარანტიისთვის ამანათის დაზღვევაც შესაძლებელია. და თუ ადრე “საქართველოს ფოსტას” ალტერნატივად არავინ ცნობდა, დღეს ასე აღარ არის.

Forbes Georgia-მ გადაწყვიტა, ახლო ხედით გაჩვენოთ ეს კომპანია და მისი ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე, რომელიც, კონკურენტებთან ბოლოდროინდელი გახმაურებული დაპირისპირებების ფონზე, კომპანიის მიღწევებსა და გამოწვევებს აფასებს ისე, როგორც თავად ხედავს ფართო კონტექსტში.

– ვინ ხართ: სახელმწიფო კომპანიის მენეჯერი თუ ბიზნესმენი?

– სამწუხაროდ, ორივე.

– რატომ სამწუხაროდ?

ერთი გამოკვეთილი როლი რომ მქონდეს, ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა.

 

აღიარებს: დღემდე არ იცის, რატომ თქვა “დიახ” – იმიტომ, რომ სახელმწიფო კომპანიის მართვის შემთხვევაში თავის ბიზნესსა და საჯარო

გამოცდილებას სრულად და ერთდროულად გამოიყენებდა, თუ იმიტომ, რომ დასახული მიზნის მიღწევის გზაზე გაცილებით მეტ რისკს და გამოწვევას ხედავდა, ვიდრე გარანტირებულ წარმატებას. ამ გაორების მიუხედავად, მთელი თავისი გამოცდილება ერთ მუჭში შეკრა და “საქართველოს ფოსტის” გენერალურ დირექტორობას დათანხმდა.

ლევან ჩიკვაიძისთვის არც საჯარო სამსახურში მუშაობა ყოფილა უცხო და არც – კერძო სექტორში. 1996 წლიდან ჯერ თვითმმართველ ერთეულში იყო, შემდეგ პარლამენტში, შემდეგ ისევ – თვითმმართველობაში. 2005 წლიდან კერძო სექტორში სცადა ბედი – ჯერ ერთ-ერთ პირველ ამერიკულ ინვესტიციას ხელმძღვანელობდა საქართველოში, შემდეგ ამერიკაში – ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში იყო ბიზნესსაქმიანობით დაკავებული და ბოლოს, 2012 წლის ნოემბრიდან, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, დათანხმებოდა ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის შეთავაზებას და “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი გამხდარიყო.

როგორც თვითონ ამბობს, როცა “საქართველოს ფოსტის” მართვაზე “დიახ” თქვა, იმ პერიოდში ამ კომპანიას ორი ფუნდამენტური რამ აკლდა: სწორი ბიზნესმოდელი და ნდობა მომხმარებლის მხრიდან. სწორედ ამიტომ პირადად მისთვის ფოსტის ამუშავება არა დაწყებული საქმის გაგრძელების, არამედ საქმის ნულიდან დაწყების ტოლფასი იყო. “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის მთავარ მიღწევადაც სწორედ ამ ორი ფუნდამენტური პრობლემის გამოსწორებას მიიჩნევს.

– რას წარმოადგენს ახალი მიდგომა – ახალი ბიზნესმოდელი?

– სახელმწიფო ირიბ სუბსიდირებაზე მყოფი კომპანია გარდაიქმნა თანამედროვე, ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ კომპანიად, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების გარეშე, საკუთარი სახსრებით დააფინანსოს სახელმწიფო ვალდებულება – უნივერსალური საფოსტო მომსახურება ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე და დააფინანსოს ახალი, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები. აქედან გამომდინარე კი მიაღწიოს ისეთ შედეგებს ევროპულ და მსოფლიო გაერთიანებების რეიტინგებში, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლებით მოხვდეს დანიისა და დიდი ბრიტანეთის გვერდით, მმართველი საბჭოების არჩევნებში მიიღოს 108 ქვეყნის ხმა და ა.შ.

– მომხმარებლის მხრიდან ნდობამ რომ იმატა, ამას რით ზომავთ?

– ჩვენი მომხმარებლის რაოდენობის ზრდით და კონკრეტული რიცხვებით. ყველაზე მთავარი ალბათ ბიუჯეტში გადახდილი თანხებია. რიცხვებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ 2009-2011 წლებში, სამი წლის მანძილზე ბიუჯეტში გადახდილი თანხა ჯამურად მხოლოდ 4 750 000 ლარი გახლდათ. 2012 წლიდან მოყოლებული, ეს თანხა საშუალოდ ოთხჯერ არის გაზრდილი. 2012-2017 წლებში საქართველოს ბიუჯეტში 40 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. მე მგონი, ეს მიღწევაა.

2016 წლის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება “საქართველოს ფოსტამ” მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიო საფოსტო კავშირისგან მიიღო EMS – პრემიუმ-კატეგორიის რეგისტრირებული გზავნილების საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიხედვით. შემფასებელი ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 180 ქვეყანას პრემიუმ-კატეგორიის რეგისტრირებულ გზავნილთა საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საფოსტო გაერთიანება PRIME-ის შეფასებით, “საქართველოს ფოსტის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად პრემიუმ-კლასის მომსახურების ხარისხის მაჩვენებელი 2012 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა და 2017 წლის მდგომარეობით, “საქართველოს ფოსტამ” ადგილი ევროპის საუკეთესო ათეულში დაიმსახურა.

“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი გვიხსნის, რომ ფოსტის საქმიანობა 24 საათის განმავლობაში არ წყდება. ფოსტის დისტრიბუციას რეგიონებში საოპერაციო სამსახური დილის 3 საათზე იწყებს და შემდეგ უკვე უწყვეტი ციკლი ირთვება: საფოსტო გზავნილების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, დახარისხება, განაწილება და გაცემა. მუდმივ რეჟიმში მუშაობს IT ჯგუფიც და ხარისხის კონტროლიც. “საქართველოს ფოსტას” სულ 2818 თანამშრომელი ჰყავს. საშუალო ხელფასი 914 ლარია.

ლევან ჩიკვაიძე ორშაბათის თათბირებსაც ატარებს. როგორც თვითონ ამბობს, ასე მუდმივად ჩართულია ყველა მიმდინარე პროცესში და ამასთან, “საქართველოს ფოსტის” სხვადასხვა სამსახურსაც ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლა უფრო მეტად უადვილდებათ. დღის მანძილზე ინდივიდუალური შეხვედრებიც უხვად აქვს. როცა საჭიროა, პრობლემურ ადგილებში, სადაც დამისამართების გამო სირთულეები იქმნება, ფოსტასაც პირადად არიგებს და ზოგადად, აქტიურად ერთვება საფოსტო საოპერაციო თუ სერვისის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებში.

– რას ცვლის ეროვნული ოპერატორის სტატუსი?

-ე ს ნიშნავს სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინაშე ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რაც საკუთარი შესაძლებლობების საჯაროდ შეფასებაშიც მეხმარება. საამაყოა ამ ქვეყნის სახელით სხვა პარტნიორი ქვეყნების ეროვნულ ოპერატორებთან ურთიერთობა. ბიზნესისთვის კი ეს სტატუსი ფინანსურ წაგებას ნიშნავს.

– რატომ?

– “საქართველოს ფოსტის” მთავარი ამოცანა გახლავთ უნივერსალური მომსახურების მიწოდება ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე, მათ შორის, გეოგრაფიულად რთულად მისადგომ ადგილებ  შიც და მათ შორის, ცუდი ამინდისა თუ სხვა დაბრკოლებების მიუხედავად. სწორედ ამ მომსახურების დასაფინანსებლად არის საჭირო სხვა – მოგებაზე ორიენტირებული პროდუქტების შექმნა და რეალიზება.

– ვის თვლით მთავარ კონკურენტებად?

– უნივერსალური საფოსტო მომსახურების შესასრულებლად “საქართველოს ფოსტას” კონკურენტი არ ჰყავს – მსურველიც კი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ვსაუბრობთ მსოფლიო პრაქტიკით წაგებიან ბიზნესზე. რაც შეეხება მოგებაზე ორიენტირებულ სეგმენტს, აქ კონკურენტების საკმაოდ მაღალი რიცხვია და ამასთან, გამოცდილი, ბაზარზე დამკვიდრებული კომპანიებიც გახლავთ. საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით ასეთებია: DHL-ი, FedEx-ი, UPS-ი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ამავე კომპანიების პარტნიორი ქართული კომპანიები. კონკურენცია – ეს ის თემაა, რომელიც “საქართველოს ფოსტის” კონტექსტში რამდენიმე წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებით მწვავედ დადგა დღის წესრიგში. ამ პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმოდა “საქართველოს ფოსტის” მიმართ ერთი მთავარი ბრალდება – “საქართველოს ფოსტა” ბაზრის მონოპოლიზებას ცდილობდა და ამაში მას სახელმწიფოც აქტიურად ეხმარებოდა.

– მაშინ რა მოხდა?

– ჩვენ ვერ შევძელით სწორი კომუნიკაცია. ვერ შევძელით ახსნა, რომ ამის უფლება გვქონდა 2019 წლამდე და რომ ამით ევროპულ პრაქტიკას ვიზიარებდით და არა პირიქით – ვეწინააღმდეგებოდით. ეს მდგომარეობა გამოიყენეს კონკურენტმა კომპანიებმა და მათი მხრიდან იყო მცდელობა, კიდევ უფრო დაესუსტებინათ ეროვნული ოპერატორი, რომ შეენარჩუნებინათ ბაზარზე დომინანტი მდგომარეობა და მაღალი ტარიფები.

– “საქართველოს ფოსტას” დღეს აქვს ბაზარზე პრივილეგიები?

– “საქართველოს ფოსტას” დღევანდელ დღეს აქვს უპირატესობები და არა პრივილეგიები. პრივილეგია აქვთ კონკურენტ კომპანიებს, რადგან მათ არა აქვთ უნივერსალური საფოსტო მომსახურების ვალდებულება – ანუ, საქმიანობენ მხოლოდ იმ სეგმენტსა და იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც დაბალი საოპერაციო დანახარჯით მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობაა. უნივერსალური საფოსტო მომსახურება ჩვენს კომპანიას წლიურად საშუალოდ 7 მილიონი ლარი უჯდება. თუმცა ეს გახლავთ გაეროს მიერ აღიარებული ადამიანის უფლება, მიიღოს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომ ფასად და ხელსაყრელ ადგილას და ამას “საქართველოს ფოსტა” ემსახურება სიამოვნებით და შემართებით.

– თქვენი კონკურენტები დღეს მაინც საუბრობენ “საქართველოს ფოსტის” გარკვეულ პრივილეგიებზე – კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების კანონში არსებულ ჩანაწერზე, რომ საჯარო უწყებებს შეუძლიათ, თქვენგან ტენდერის გარეშე იყიდონ მომსახურება, მაშინ როცა თქვენი კონკურენტებისთვის ტენდერი უნდა გამოაცხადონ. დღეს სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება დროში საკმაოდ ჭიანურდება.

– კანონში ჩანაწერი სახელმწიფო ორგანიზაციებს აძლევს არჩევანის უფლებას, მომსახურება შეიძინონ “საქართველოს ფოსტისგან”, თუ ტენდერი გამოაცხადონ. კანონში ჩანაწერი ხელს უწყობს რეგიონში არსებულ სახელმწიფო ორგანიზაციებს, რომელთა საფოსტო მოხმარება იმდენად მცირეა, რომ ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში გარწმუნებთ, მასში არავინ მიიღებს მონაწილეობას. ეს მომსახურება “საქართველოს ფოსტისთვის” წაგებიანია, ხოლო სასამართლოში შეტანილი სარჩელი თავისი ხასიათით დესტრუქციაა. ეს გახლავთ მცდელობა – რეგიონში სახელმწიფო ორგანიზაციები დარჩნენ საფოსტო მომსახურების გარეშე. სარჩელის ავტორმა კარგად იცის, რომ წლიური 100 ლარის ღირებულების საფოსტო მომსახურების ტენდერში არავინ გადაიხდის მონაწილეობისთვის 50 ლარს და დარჩენილ 50 ლარად არ ივლის მესტიაში კვირაში ორჯერ. ისევ მცდელობაა, დამახინჯებული კუთხით წარმოჩნდეს რეალობა.

“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის მტკიცებით, კარგად გამოჩნდა, რომ მის კომპანიას კონკურენციის არ ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, დღეს კომპანია სუბსიდირებული არ არის და თავისუფალ ბაზარზე ფუნქციონირებს, თანაც, უნივერსალური მომსახურების ვალდებულებით, განვითარებას მაინც ახერხებს და სამომავლო გეგმებიც უკვე გაწერილი აქვს. ლევან ჩიკვაიძე “საქართველოს ფოსტას” მთავარ კონკურენ  ტულ უპირატესობად, მის ხელთ არსებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ტექნოლოგიურად დახვეწილ პროდუქტებსაც უთვლის. მაგალითად, ჰიბრიდულ ფოსტას – ღია ელექტრონულ პლატფორმას, სადაც კორპორაციული მომხმარებელი თვითონ არეგისტრირებს საკუთარ გზავნილს და შემდეგ თვალს ადევნებს გზავნილის განვლადობას. “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორისთვის კონკურენტული უპირატესობაა მომსახურების დაბალი ტარიფიც – მაგალითად, ქვეყნის მასშტაბით ამანათის გაგზავნა 3 ლარად – ან ელექტრონული კომერციის დაბალი ტარიფი.

ელექტრონულ კომერციას “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც საფოსტო მომსახურების ბიზნესის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. უახლოეს მომავალში გეგმავს, მეწარმეებს შესთავაზოს ღია პლატფორმა, რომლის საშუალებითაც “საქართველოს ფოსტა” მომხმარებლის მიერ ელექტრონული კომერციის გზით შეძენილ პროდუქტს ადგილზე მიიტანს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

– როგორ შეიძლება, “საქართველოს ფოსტამ” უპასუხოს ელექტრონული კომერციის აღზევების გამოწვევას?

– საჭიროა შესაბამისი ტექნოლოგიური განვითარება და ინფრასტრუქტურა. თუ 2016 წლის მონაცემებით მილიარდზე მეტი ამანათი მოძრაობდა ელექტრონული კომერციის არეალში, მომდევნო წლებში ეს რიცხვები კიდევ უფრო ჩქარა გაიზრდება, რადგან ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი – სისწრაფეზე ორიენტირებული ლოგისტიკური ქსელის გაფართოებით დაწყებული და გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით დასრულებული. აუცილებელია სატრანზიტო გზავნილებზე მუშაობა, რომ ჩინეთიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილები სწორედ საქართველომ გაატაროს.

– მოკლედ რომ შევაჯამოთ, რა არის 2018 წლის პრიორიტეტი “საქართველოს ფოსტისთვის”?

– შესაბამისი ლოგისტიკური ქსელის შექმნა და ჩინეთიდან და აზიიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილების გატარება.

“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ “საქართველოს ფოსტა” მანამ არ იქნება ბოლომდე წარმატებული, სანამ საქართველოში ფოსტით კომუნიკაციის ისეთივე კულტურა არ დამკვიდრდება, როგორიც ევროპაშია. ევროკავშირის სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია: ევროსტატის ინფორმაციით, ევროკავშირის ეკონომიკაში ფოსტის სექტორის წილი მშპ-ის თითქმის 1 %-ია; რიცხვებში ეს 91 მილიარდ ევროს ნიშნავს – აქედან მხოლოდ წერილებს მშპ-ის 0.34% უჭირავს ანუ 44 მილიარდი ევრო; ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით კი საფოსტო მომსახურების მოცულობა მზარდია და, ბოლო მონაცემებით, 6 მილიარდ ამანათს აჭარბებს. მხოლოდ უნივერსალური საფოსტო მომსახურების კომპანიები ამ ბაზარზე მილიონობით ადამიანს ასაქმებენ.

ლევან ჩიკვაიძეს მიაჩნია, რომ ამ რიცხვებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები საფოსტო მომსახურების კულტურის არსებობის პირობებში აღწევენ, ამიტომ ამ კულტურის დანერგვა საქართველოშიც აუცილებელია. ამ კულტურის საქართველოს რეალობისთვის უკეთ გასაცნობად, ორი წლის წინ “საქართველოს ფოსტამ” მოიპოვა უფლება, თბილისში უმასპინძლოს PostEurop-ის 2018 წლის პლენარულ სხდომას და ბიზნესფორუმს, რომელიც საქართველოში PostEurop-ის დაარსებიდან საიუბილეო 25-ე წელს გაიმართება: ღონისძიებას 200-მდე ევროპელი დელეგატი დაესწრება. ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სტატისტიკაც არანაკლებ  მასშტაბურია: 175 ათასი საფოსტო ოფისი, 2.1 მილიონი თანამშრომელი და ყოველდღიურად ერთმანეთთან ფოსტის მეშვეობით დაკავშირებული 800 მილიონი ადამიანი.

ლევან ჩიკვაიძეს მიაჩნია, რომ თუ ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხისთვის მართლაც ახლობელი და მისაღებია, მაშინ საფოსტო კულტურაც ამ ქვეყანაში დროთა განმავლობაში ფეხს ადვილად მოიკიდებს. ამ მიზნით “საქართველოს ფოსტამ” მთელი ქვეყნის მასშტაბით შემკრები ყუთები განათავსა, თუმცა ჯერჯერობით ამ ყუთებში მოხვედრილი წერილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელ ტურისტებს ეკუთვნით – მათ, ვისაც ფოსტით ერთმანეთთან კომუნიკაციის უფრო ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ. საქართველოში საფოსტო კულტურის დამკვიდრებას, ლევან ჩიკვაიძის აზრით, მისამართების სწორი აღრიცხვა და ამ მისამართებზე ინდივიდუალური საფოსტო ყუთების არსებობის პრაქტიკაც შეუწყობს ხელს, რაც ასევე დასავლური კულტურის ნაწილია.

მთავარი ნაბიჯების შემდეგ “საქართველოს ფოსტის” გენერალურ დირექტორს მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს ბაზარზეც სულ სხვა რიცხვების დათვლა იქნება შესაძლებელი. ლევან ჩიკვაიძის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ გამართლდება საბოლოოდ მისი გადაწყვეტილება, ხელში აეღო “საქართველოს ფოსტის” მართვის სადავეები და პრაგმატული თუ რაციონალური გათვლების ნაცვლად, დაჰყოლოდა საკუთარ ინტერესს მიტოვებული დარგის შესაძლო აღორძინების მიმართ: “ამ დარგისგან გაზაფხული უნდა გაგვეკეთებინა. ლოგოდაც ხომ ქართული მერცხალი შევარჩიეთ, გაზაფხულის მოსაყვანად”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *