საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების ურბანული განახლების პროექტს აანონსებს. როგორც პრემიერი ამბობს, რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული ფინანსური რესურსი როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორიო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით გამოიყოფა.
“ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას”, – ამ განცხადებით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება 15 000 სამუშაო ადგილი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 63 მუნიციპალიტეტში კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაცია, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლება.
„პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი და ტურისტული ზონები. საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ მიმზიდველი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ტურისტებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ამბობს, რომ ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება, პროექტების განხორციელება კი ივნისიდან დაიწყება. რეგიონების განახლების პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტები განახორციელებენ.
დატოვე კომენტარი