საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ღონისძიებაზე ჯილდო ნიკოს დედას, იზა ომაძეს გადაეცა.
„ნიკო კვარაცხელიას ჯილდო გადაეცა ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისის ცენტრში, ნიკოლაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ და მისი მისამართით რამდენჯერმე განზრახ გაისროლეს. ნიკო, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ნიკო კვარაცხელია ქართული მრავალფუნქციური სოციალური მედიის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია, რომელიც 2022 წლის მდგომარეობით, 250,000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებდა.
ნიკო Forbes Georgia-ს პროექტის 30 Under 30-ის 2019 წლის გამარჯვებულია კატეგორიაში – ტექნოლოგიები.