საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 2023 წლის პირველ ცხრა თვეში 481 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10 მილიონი ლარით ნაკლები.
ამავე პერიოდში საქართველოს რკინიგზის მიერ მიღებულმა წმინდა მოგებამ 102.5 მილიონი ლარი შეადგინა, როცა გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 278.43 მილიონს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ სხვაობაში გათვალისწინებული არ არის ვალუტის კურსის ცვლილების მაჩვენებელი.
საქართველოს რკინიგზის მიერ მიღებულ შემოსავალში ყველაზე დიდი წილი სატვირთო გადაზიდვებზე მოდის და 261.48 მილიონ ლარს შეადგენს. ამ მხრივ მეორე ადგილზე ლოგისტიკური სერვისებია, ₾105.2-მილიონიანი შემოსავლით. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ცხრა თვეში მგზავრთა გადაყვანიდან კომპანიამ 32.88 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. შედარებისთვის, გასულ წელს ამ მონაცემმა 19.82 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზის აქტივების ჯამური მოცულობა თითქმის 2.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა. შედარებისთვის, გასული წლის ამავე პერიოდში მონაცემი 2.4 მილიარდ ლარს შეადგენდა. სექტემბრის ბოლოსთვის კომპანიის გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 1.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.