სახელმწიფო კომპანიის, საქართველოს რკინიგზის მოგება, წლის პირველ 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1-ჯერ შემცირდა და 18.2 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 93.7 მლნ ლარისა. რკინიგზის არააუდირებული მონაცემების მიხედვით, გაზრდილია კომპანიის შემოსავლები და მან 314.2 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 303.2 მლნ ლარისა.
რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ტვირთების გადაზიდვაზე მოდის, ამ გზით რკინიგზამ იანვარ-სექტემბერში 214 .4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი 19.2 მლნ ლარით შემცირდა. 52.9 მლნ ლარამდე გაიზარდა ლოგისტიკური სერვისებით მიღებული შემოსავალი, სამგზავრო მომსახურებით მიღებულმა შემოსავალმა კი 22 მლნ ლარი შეადგინა. ვაგონების გაქირავებით რკინიგზამ წლის პირველ სამ კვარტალში 18.5 მლნ ლარისშემოსავალი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ გასული წელის 354 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, რისი მიზეზიც თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გახდა. პროექტის ღირებულება 390 მლნ ლარამდე იყო, რომელიც გასული წლის რკინიგზის ფინანსურ მონაცემებშიც აისახა.
მიმდინარე თვეს, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე შეცვალა, B+ დონეზე.
საქართველოს რკინიგზა 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა. საშუალოვადიან პერიოდში Fitch საქართველოს რკინიგზის მფლობელის ცვლილებას არ ელოდება, თუმცა წერს, რომ მთავრობას კომპანიის 25%-ის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი.
ამასთან, სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ ევრკავშირის დირექტივები ტრანსპორტის სფეროზეც გაავრცელოს, რომელიც ასევე შეეხება საქართველოს რკინიგზას. კერძოდ, 2022 წლისთვის უნდა მოხდეს ინფრასტრუქურის განცალკევება, რაც ასევე მოახდენს გავლენას GR-ის ბიზნესზე და მის მონოპოლიურ მდგომარეობაზე.
საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) გასულ კვირას ივაჭრებოდა 105.9 ფასად (-0.1% წინა კვირასთან შედარებით), 5.9%-იანი შემოსავლიანობით.
• 2012 – 469.8 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 350 მლნ ლარი
• 2013 – 481.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 364 მლნ ლარი
• 2014 – 511.5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 382.7 მლნ ლარი
• 2015 – 574.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 440 მლნ ლარი
• 2016 – 439,9 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 292,6 მლნ ლარი
• 2017 – 434,5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 312,9 მლნ ლარი.
დატოვე კომენტარი