საქართველოს რომელ რეგიონში კლავენ ყველაზე მეტ ცხოველს?

საქართველოს რომელ რეგიონში კლავენ ყველაზე მეტ ცხოველს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 123 სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან ყველაზე მეტი, 17.1% მდებარეობს კახეთის რეგიონში და ასევე 17.1% ქვემო ქართლის რეგიონში.

წყარო: საქსტატი

გამოკვლევის მიხედვით,  III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 120.3 ათასი სული პირუტყვი: 36.7% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 52.8% – ღორი, ხოლო 9.3% – ცხვარი და თხა. დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 014.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

ამავდროულად, სასაკლაოების მიერ 14.9 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, აქედან 32.8% მოდის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე, 37.8% – ფრინველის ხორცზე, 28% – ღორის ხორცზე, 1.4% კი ცხვრისა და თხის ხორცზე.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 10.3 ათას პირს, (45.1% შინამეურნეობები) სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 091 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასები ასეთია:

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 34.1 ლარი;
  • ცხვარი ან თხა – 13.8 ლარი;
  • ღორი – 29.0 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტალში საქართველოში 278 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (59%) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 124.9 მლნ ლარის ღირებულების (23.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ კი 8.3 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ქვეყანაში ასევე 36 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთისა (25%) და ქვემო ქართლის (25%) რეგიონებში იყო განთავსებული.

ელევატორების მიერ გაყიდულია 56.8 მლნ ლარის ღირებულების 66.2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 86%-საც ხორბლის ფქვილი შეადგენდა.