2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. რუსეთიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% შეადგინა, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3% იყო, ხოლო მაქსიმუმს – 9.9%-ს – 2018 წელს აღწევდა. ერთი შეხედვით, პარადოქსია, მაგრამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა უკრაინა-რუსეთის ომმა გამოიწვია.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საფრთხეა, რადგან რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები არაერთხელ გამოიყენა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო.
საინტერესოა, როგორ დაიწყო 2023 წელი, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა თუ შემცირდა. ამის გარკვევას ვაჭრობის, ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების ანალიზით შევეცდებით.
საგარეო ვაჭრობა
2023 წლის იანვარ-მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 34%-ით (71 მლნ დოლარით) გაიზარდა და 281 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 40%-ით (223 მლნ დოლარით) გაიზარდა და 779 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.2%-ია, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე.
2023 წლის 5 თვეში იმპორტში რუსეთის წილი კი 11.3%-დან 13.3%-მდე გაიზარდა. 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი წელს რუსეთიდან იმპორტი 2-ჯერ არის გაზრდილი.
5 თვეში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადასცდა, რაც 38%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-მაისის ბრუნვაზე. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 10.9%-დან 12.7%-მდე გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-მაისში რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტში პირველ ადგილზე 69 მლნ აშშ დოლარით ღვინო იყო, მეორე ადგილზე კი უალკოჰოლო სასმელებია 53 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის ფეროშენადნობები 45 მლნ აშშ დოლარით და მსუბუქი ავტომობილები 41 მლნ აშშ დოლარით. ნომინალურ ზრდას რაც შეეხება, ყველაზე მეტად – 34 მლნ დოლარით – მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა, რაც რეალურად რეექსპორტია. 27 მლნ დოლარით გაიზარდა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი, 23 მლნ დოლარით – ღვინის ექსპორტი.
ქართული საქონლის ექსპორტი რუსეთში, იანვარი-მაისი
ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-მაისში რუსული ბაზრის წილი ღვინის ექსპორტში 58% იყო, ხოლო 2023 წლის 5 თვეში 67%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისში პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 264 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ბუნებრივი აირები (გაზი) 83 მლნ აშშ დოლარით, ხორბალი და ხორბლის ფქვილი – 39 მლნ აშშ დოლარით, ქვანახშირი და კოქსი – 35 მლნ აშშ დოლარით, მინის ბოთლები და ბოცები 22 მლნ დოლარით, ზეთი და მარგარინი 17 მლნ დოლარით და შოკოლადი 10 მლნ დოლარით. ნომინალურ ზრდას რაც შეეხება, ყველაზე მეტად – 139 მლნ დოლარით – ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა. 44 მლნ დოლარით გაიზარდა გაზის იმპოტი, 13 მლნ დოლარით – მინის ბოთლებისა და ბოცების იმპორტი, 10 მლნ დოლარით – ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი.
ბოლო წლებში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2022 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 2.6% იყო, ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი – 24%. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მხოლოდ 8 მლნ კვტ/საათი რუსული ელექტროენერგია მოიხმარა (ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების გარეშე), რაც ამ პერიოდის საქართველოს შიდა მოხმარების 0.1%-ია.
რუსული საქონლის იმპორტი საქართველოში, იანვარი-მაისი
განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრივი აირის იმპორტში. 2022 წელს რუსული გაზი საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 21% იყო, 2023 წლის იანვარ-მაისში ეს მაჩვენებელი 31%-მდე გაიზარდა. თუმცა, რადგან საქართველოში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ნაწილი სოციალური ფასით შემოდის, საქართველოს საბოლოო მოხმარებაში რუსული ბუნებრივი აირის წილი 10%-მდეა.
ფულადი გზავნილები
ტრადიციულად, საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებია. 2012-2021 წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია ჰქონდა. მაგალითად, 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან უცხოურ გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2021 წელს – 17.5%. ამას ორი გარემოება განაპირობებდა: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები წლიდან წლამდე ძირითადად მცირდებოდა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდებოდა.
2022 წელს ფულად გზავნილებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. ომამდე რუსეთიდან საქართველოში თვეში საშუალოდ 25 მლნ აშშ დოლარი ირიცხებოდა. გზავნილებმა სწრაფი ზრდა 2022 წლის აპრილიდან დაიწყო, როცა 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაის-დეკემბერში კი ჩამორიცხვებმა თვეში საშუალოდ 230 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 2.1 მლრდ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული სულ მცირე 60 ათასი რუსეთის მოქალაქეა, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს ან/და თავად გადმოაქვთ საკუთარი დანაზოგი.
ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში, იანვარი-მაისი
2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან 993 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ მეტია. რუსეთის წილი გზავნილებში 49.4%-მდე გაიზარდა, როცა 2021 წელს 16.5% იყო.
ტურიზმი და მიგრაცია
კოვიდ 19-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც საქართველომ 776 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.
2022 წლიდან, პანდემიის დასრულებისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე 26%-ით ნაკლებია. თუმცა რუსი ვიზიტორების დანახარჯმა 891 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 115 მლნ დოლარით მეტია.
ცნობილია 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემები, რომელთა მიხედვით რუსეთიდან საქართველოში 257 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 3.6-ჯერ მეტია 2022 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსი ვიზიტორების დანახარჯი 266 მლნ დოლარი იყო, რაც 4-ჯერ მეტია 2022 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე.
2022 წლის პირველ კვარტალში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რიცხვში 12.5% იყო, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21.2%. რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი საქართველოში შემოსული ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში 2022 წლის პირველ კვარტალში 17.2% იყო, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში 33.5%-მდე გაიზარდა.
საქართველოში შემოსული რუსი ვიზიტორები, იანვარი-მარტი
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთთან მიგრაციულმა სალდომ 56 ათასი ადამიანი შეადგინა, ანუ გასულ წელს ჩამოსული ვიზიტორებისგან საქართველოში საცხოვრებლად 56 ათასი დარჩა. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას და დაწესებულ სანქციებს გაურბიან, რომელთა ნაწილმაც საქართველოში ხანგრძლივად დარჩენა გადაწყვიტა.
პირდაპირი ინვესტიციები
ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციები მასშტაბური არ იყო. მაგალითად, 2018-2022 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს მიერ მოზიდულ ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში 5.1% იყო, თუმცა საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 35% ოფშორებიდან შემოდის და, გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.
2022 წელს რუსეთიდან 71 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია. 2022 წელს რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების 98% (69 მლნ დოლარი) უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში განხორციელდა. შემდეგ საინფორმაციო და კომუნიკაციის სექტორი მოდის 11.5 მლნ დოლარით, რაც ძირითადად IT-კომპანიების დაარსებას უკავშირდება. სხვა დარგებში შედარებით მცირე მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა. საფინანსო სექტორში რუსეთიდან ინვესტიციები 35 მლნ დოლარით შემცირდა, რაც „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ დახურვამ განაპირობა.
რუსეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები
2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან 28 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, როცა 2022 წლის პირველ კვარტალში, შემოსვლის ნაცვლად, საქართველოდან 11 მლნ დოლარის რუსული ინვესტიციის გადინება დაფიქსირდა. 2022 წელს შემოსული 71 მლნ დოლარის ინვესტიცია წლის მეორე ნახევარზე მოდის. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსული ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 5.7% იყო.
შეჯამება
2023 წელი საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდით დაიწყო. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით 1.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 4.5-ჯერ მეტია. პირველ კვარტალში რუსეთიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოს ეკონომიკის მიმართ 18% შეადგინა, როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 5.4% იყო, ხოლო მაქსიმუმს – 10.5%-ს – 2019 წლის პირველ კვარტალში აღწევდა. ასეთ ზრდას ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებთან არის დაკავშირებული.
Comments are closed.