საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე სამი წამყვანი მოთამაშეა: „PSP”, „ავერსი” და „ჯიპისი/ ფარმადეპო”, მათ გარდა ბაზარზე სხვა შედარებით მცირე ზომის მოთამაშეებიც საქმიანობენ, თუმცა მათი გაყიდვები 50 მილიონ ლარს არ აღემატება.
არსებული მდგომარეობით, ყველაზე ფართო სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი/ფარმადეპოს” აქვს, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, 300-მდე აფთიაქით საქმიანობს. მეორე ადგილზეა 274 აფთიაქით „ავერსის” ქსელი, მესამეზე კი 260 აფთიაქით – „PSP”-ს ქსელი. აფთიაქებთან ერთად ეს კომპანიები აქტიურად არიან წარმოდგენილი ფარმაცევტული პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობის ბაზარზეც და ისინი სხვადასხვა კლინიკასა და სახელმწიფო დაკვეთებს ემსახურებიან.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშის მთლიანი შემოსავალი 2021 წელს 2.38 მილიარდი ლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 425 მილიონი ლარით მეტია. კომპანიებს შორის გაყიდვების მოცულობით პირველ ადგილზე „ჯიპისი/ფარმადეპოა”, ხოლო ყველაზე მაღალი მოგება „ავერსი ფარმას“ აქვს.
სააფთიაქო ქსელები მომხმარებლების მოსაზიდად ფასდაკლებების ბარათების სისტემას იყენებენ. მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, PSP-ის ლოიალურობის პროგრამაში 1.9 მილიონზე მეტი ბარათი არის გაცემული, „ავერსის” ბარათების რაოდენობა 1.7 მილიონს აღემატება, „ჯიპისის” მიერ გაცემული ბარათების რაოდენობა კი 700 ათასზე მეტია.
ვინ არიან სააფთიაქო ქსელების მესაკუთრეები?
სამივე უმსხვილესი სააფთიაქო ქსელი ჯანდაცვის ჰოლდინგური კომპანიების ნაწილია. მათ შორის „ჯიპისის” (შპს „გეფას”) ქსელი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) შემადგენლობაში შედის, რომელიც ასევე „ევექსის” ჰოსპიტლებს მოიცავს. თავის მხრივ, GHG „საქართველოს კაპიტალის” საკუთრებას წარმოადგენს. კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
„ავერსი ფარმა” ავერსის ჯგუფის წევრია, რომელიც კლინიკებსაც აერთიანებს. კომპანიის 67% და 33%-იან წილებს ბიზნესმენები პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეები ფლობენ.
„PSP ფარმა” არის PSP ჯგუფის წევრი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსსა” და „PSP დაზღვევას” აერთიანებს. კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელი არის ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, „იმპექსფარმის” 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი დავით კოხრეიძე.
დატოვე კომენტარი