ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკის აქტივების ზომა 2021 წლის მარტში 848.4 მილიონი ლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის ზომამ 58.15 მილიარდ ლარს მიაღწია.
გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, მარტში ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობა 172.2 მილიონი ლარით 36.19 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა კი 600 მილიონით გაიზარდა და 39.03 მილიარდი ლარი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 443.33 მლნ ლარით, ანუ 2.59%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.94%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 615.51 მლნ ლარით, ანუ 3.25%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.96%-ით).
„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 36.54 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.82 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.34 პროცენტული პუნქტით).
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.56% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.42%”- ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება კრედიტების სტატისტიკას, როგორც სებ-ის ანგარიშიდან ირკვევა, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 600.66 მლნ ლარით (1.56%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 39.03 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 312.82 მლნ ლარით (1.84%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 287.83 მლნ ლარით (1.35%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.22%-ით).
„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.34%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.21%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.08%-ით მეტი).
2021 წლის მარტის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 302.05 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 19.25 მლრდ ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დატოვე კომენტარი