ეროვნულმა ბანკმა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. სებ-ის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში აღსრულდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სებ-მა განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა რომ ქართული ფინანსური სექტორი სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით მოქმედებს და საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადებაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის მსგავსი სანქციების დაწესების პირველი პრეცედენტია და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომლითაც ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან. ბანკებს, კონკრეტულად ფარცხალაძის შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნების დაცვას სანქციებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება “ბაზისბანკს”, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში. ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნასაც გულისხმობს. „ლიბერთი ბანკის“ განცხადებით კი, ფარცხალაძე მათი კლიენტი არ არის და არც სანქციების დაწესების პერიოდში ყოფილა, რის გამოც, საკითხთან დაკავშირებით ამჟამად კომენტარს ვერ გააკეთებენ.
საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკების გადაწყვეტილებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა. თურნავას განცხადებით, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს მარეგულირებლის ბრძანებას, რადგან ის საქართველოს კანონმდებლობით ხელმძღვანელობს.
„სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აცხადებს თურმანიძე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ლეჟავამ გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკვე მიმართა. უცნობია, უკავშირდება თუ არა ლეჟავას გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მიერ 19 სექტემბერს მიღებულ ცვლილებებს. ლეჟავას შემდეგ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმაც.