2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 639 მილიონი დოლარით გაიზარდა და 14.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მოცულობის მატების და ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია. 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 2015 წლის პროგნოზირებული მშპ-ის 109%-ია. 2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ის 86% იყო.
ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2015 წლის იანვარ-სექტემბერში მთავრობის საგარეო ვალი 15 მილიონი დოლარით გაიზარდა. 106 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 601 მილიონი დოლარით გაიზარდა არასაფინანსო კერძო სექტორის ვალი. 58 მილიონი დოლარით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.
დატოვე კომენტარი