საქართველოს საგარეო ვალი

საქართველოს საგარეო ვალი

საქართველოს საგარეო ვალი და ზრდის სტატისტიკა

საქართველოს საგარეო ვალი მოიცავს  სახელმწიფოსა და კერძო სექტორების საგარეო ვალდებულებების ჯამს. თავის მხრივ, სახელმწიფო სექტორების ვალი აერთიანებს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო სტრუქტურების საგარეო ვალებს, ხოლო კერძო სექტორის ვალი – საფინანსო და არასაფინანსო კორპორაციების, კერძო ბანკების  პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი თითქმის 7 მილიარდ  800 მილიონი დოლარია, რაც  25 მილიარდ ლარზე მეტია. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელს 16 მილიარდ ლარზე მეტი იყო. საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის საგარეო ვალები საკვანძო როლს ასრულებს განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. სესხის დონის ზრდა ნიშნავს დეფოლტის უფრო მაღალ რისკს, საგარეო ვალის ტვირთი იზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ ქვეყნის მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული  ვალები აღემატება უცხოურ ვალუტაში ექსპორტის შემოსავალს.

საგარეო ვალის ფარდობა მშპ-თან

რა მოცულობის საგარეო ვალდებულება შეიძლება იტვირთოს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკამ, განსაზღვრავს საგარეო ვალის ფარდობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მეტ საგარეო თუ საშინაო ვალს შეიძლება, მოემსახუროს ის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების ვალის მიმართება მშპ-თან 40-50%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რადგან აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების მიმართ ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის.

შედარებისთვის, 2014 წელს ქვეყნის საგარეო ვალის შეფარდება მშპ-თან დაახლოებით 24,6% იყო, 2018 წელს – 34.2%, 2019 წელს – 42,6 %, ხოლო 2020 წელს 58%-ს მიუახლოვდა.   სახელმწიფო საგარეო  ვალის ნომინალური მაჩვენებლის მშპ-თან შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში 2004-2007 წლებში იკლებდა. ნიშნულმა 2007 წლის საანგარიშო პერიოდში ყველაზე დაბალი მნიშვნელობა მიიღო. ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე 2008-2010 წლებში სახელმწიფო ვალის მშპ-თან მიმართების მონაცემი იზრდებოდა, 2011 წლიდან კი კლების ტენდენცია განაახლა და 2013 წლის ჩათვლით მცირდებოდა. 2014 წლიდან მონაცემი ყოველი წლისთვის იზრდება და 2020-ში სავალალო ზედა ჭერს – 60%-ს – მიუახლოვდა.

 საგარეო ვალი  ერთ მოსახლეზე

ქვეყნის ვალის ტვირთის კიდევ ერთი მაჩვენებელია აღებული ვალდებულების ოდენობა  ერთ სულ მოსახლეზე. 2014 წელს საშუალოდ ერთ მოქალაქეზე საგარეო ვალის წილი 2800 ლარი იყო. 2019 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 5600 ლარი გახდა. 2020-ში აღნიშნული მაჩვენებელი 7400 ლარამდე გაიზარდა. საქართველო ვალს დოლარში იღებს, ამიტომ ლარის გაუფასურება საგარეო ვალს კიდევ უფრო აძვირებს და ტვირთი თითოეულ მოსახლეზე კიდევ უფრო იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადახდისას ქვეყნიდან დიდი რაოდენობით დოლარი გაედინება, რაც პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის ღირებულებასა და გაცვლით კურსზე.

პროგნოზები

პანდემიამდე საქართველო საშუალო დავალიანების ქვეყანა იყო და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების რეკომენდებულ ზღვარსაც აკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ შეძლო ქვეყანამ 2020-ში მსგავსი მოცულობის ვალის აღება, თუმცა მომავალში ქვეყანა, ნებისმიერი კრიზისის მიუხედავად, მსგავსი ოდენობის ვალდებულებას ვეღარ აიღებს. დონორებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა შესაძლოა შეწყვიტონ დაფინასება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ   საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებში საპროგნოზო მაჩვენებელი სტაბილურიდან უარყოფითისკენ შეიცვალა. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რისკი და უარყოფითია პროგნოზი, მით მაღალია საპროცენტო განაკვეთი ქვეყნისთვის გაცემულ სესხებზე. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ფულის გაძვირებას იწვევს და შედეგად თითოეული ადამიანისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ეს განსაკუთრებით საგანგაშო შეიძლება იყოს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, რადგან გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ქვეყანა კიდე უფრო დიდ კრიზისშია შესული.

საგარეო ვალის მსგავსი ზრდა ცუდად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე.  Fitch-ი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ გამოწვევად სწორედ სამთავრობო ვალში უცხოური ვალუტის დიდ წილს ასახელებს. ქვეყნისთვის ვალის ყოველწლიური მომსახურება უკვე საკმაოდ დიდი ტვირთი ხდება.

2021 წლისთვის მთავრობის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყანა 2 174 000 000 საგარეო ვალის აღებას გეგმავს. ხოლო საგარეო ვალის დაფარვისთვის 2 640 000 000 ლარია გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეო ვალი კიდევ ნახევარი მილიარდი ლარით გაიზრდება. მიმდინარე ეტაპზე აღებული ვალი მომავალში დასაფარავი  ვალდებულებაა. შესაბამისად, ვალზე პასუხისმგებელი მომავალი თაობაა და ტვირთიც მას ეკისრება. ვალის დასაფარავად კი მომავალში ან გადასახადები უნდა გაიზარდოს, ან მთავრობის დანახარჯები შემცირდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *