სამშენებლო სექტორი და მასთან დაკავშირებული სფეროები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7%-ს ქმნის და 100 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2020 წელს სექტორი მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რადგან პანდემიური კრიზისის გამო სექტორის ბრუნვა 8%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წელს უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებასთან ერთად, სექტორის ზრდის ტემპიც აღდგა.
სამშენებლო სექტორი თავის მხრივ ორ ძირითად მიმართულებად იყოფა, ესენია: საცხოვრებელი სახლებისა და ნაგებობების მშენებლობა; სპეციალიზებული ინფრასტრუქტურის – გზების, ხიდების, გვირაბების, მილსადენების, თბოსადგურების, ჰიდროელექტროსადგურებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა.
განსხვავებით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისგან, ეკონომიკურ კრიზისს მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდა, რადგან ამ პროექტების დამკვეთი არა კერძო სექტორი, არამედ სახელმწიფოა.
სამშენებლო კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები თანდათანობით უფრო გამჭვირვალე ხდება, რის შედეგადაც შესაძლებელია ამ სექტორში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიების რეიტინგის წარმოდგენა.
სამშენებლო სექტორის #1 მოთამაშე არის „ანაგი”, რომელიც როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურის, – სტადიონების, ქარხნების, აეროპორტების – ასევე საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების მშენებლობით არის დაკავებული. კომპანიის შემოსავალი 2020 წელს 238.3 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 26 მილიონი ლარი იყო.
მეორე ადგილზეა სახელმწიფოს კონტრაქტორი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია China Road and Bridge Corporation-ი, რომლის შემოსავალიც გასულ წელს 159.8 მილიონი ლარი იყო. მესამე ადგილს კი 136.6 მილიონით “ბლექ სი გრუპი” იკავებს.
რეიტინგი კომპანიების მიერ წარდგენილი 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე არის მომზადებული. სიაში შედის ტოპ-20 კომპანია, რომელთა ძირითადი საქმიანობაც მშენებლობა და საინჟინრო სამუშაოების შესრულებაა.