საქართველოს საფონდო ბირჟაზე ორ თვეზე მეტია, არც ერთი ლარის სავაჭრო გარიგება არ განხორციელებულა. ამჟამად ბირჟაზე სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდები არის დაშვებული, რომელთა ჯამური მოცულობა 2.38 მილიარდი ლარია. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ფასიან ქაღალდებზე მარტისა და აპრილის განმავლობაში საბირჟო გარიგებები საერთოდ არ დადებულა.
საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, სავაჭრო სესიებზე ბოლო გარიგება 23 თებერვალს დარეგისტრირდა, რომლითაც „ლიბერთი ბანკის“ 366 ლარის ღირებულების აქციები გაიყიდა. საერთო ჯამში კი, 2021 წლის განმავლობაში სავაჭრო სესიებზე სულ რვა საბირჟო გარიგება შედგა, მათი მოცულობა კი 2,453 ლარს შეადგენდა.
როგორც ბირჟის ვებგვერდზე წერია, საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში.
„სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას. ჩვენ ვთავაზობთ ეფექტიან საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში – დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით”, – წერია საფონდო ბირჟის ვებგვერდზე.
დატოვე კომენტარი