ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის „თავისუფლების ბარომეტრის“ მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა და 100-დან 66.15 შეადგინა, რაც 1.25 ქულით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 კრიტერუმში გაუარესდა: კერძოდ, პრესის თავისუფლების კრიტერიუმში საქართველოს სარეიტინგო ქულა 5-ია, რაც 0.10 ქულით გაუარესებული მაჩვენებელია.
“საქართველოში მედია თავისუფალია, მოსახლეობას შეუძლია მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია და მოსაზრებები. თუმცა მედია დაყოფილია პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით. ჟურნალისტების დაშინების ან მათ მიმართ ძალადობის ფაქტები იშვიათია, თუმცა პოლიტიკური ზეწოლის გამო, ისინი ხშირად თვითცენზურას მიმართავენ”, – აღნიშნავს Freedom Barometer.
საქართველოს პოზიცია გაუარესდა მთავრობის ზომის კრიტერიუმშიც, სადაც საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.06-ით შემცირდა და 8.09 შეადგინა. აღნიშნულ კრიტერიუმში ერთიანდება მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები, ფისკალური დეფიციტი და გადასახადები.
ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის კრიტერიუმში აქვს – 8.86 ქულა.
„საქართველოში იმპორტის გადასახადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ქვეყანაში გაუმჯობესდა საბაჟო პროცედურებიც“, – წერია ანგარიშში.
7.44 ქულა აქვს ქვეყანას ბიზნეს გარემოს კრიტერიუმში, რაც წლიურად 0.03 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.
„საქართველომ ორჯერ მოიპოვა მსოფლიო ბანკის მიერ „წლის რეფორმატორის“ სტატუსი. ქვეყანაში ბიზნესის დაწყება მარტივია და ის დიდ დანახარჯებთან არაა დაკავშირებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ძვირია ელექტროენერგია“, – წერს თავისუფლების ბარომეტრი.
რაც შეეხება საკუთრების უფლებას, – ამ კუთხით საქართველოს სარეიტინგო ქულა 6.78-ია. „საკუთრების უფლება საქართველოში უმეტესად დაცულია. თუმცა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით რჩება კითხვები“.
5.7 ქულა აქვს ქვეყანას კორუფციის ინდექსში, 5.64 ადამიანის უფლებების დაცვის კრიტერიუმში, ხოლო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში 5.67.
ამ ქულებით, საქართველო მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის 27-ე ადგილს იკავებს.
თავისუფლების ბარომეტრით, მსოფლიოში მოწინავე ადგილებს ნორვეგია, ნიდერლანდების სამეფო და შვეიცარია იკავებს. ბოლო პოზიციაზე კი რუსეთია. აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს – სომხეთი – 37-ე ადგილი, აზერბაიჯანი – 43-ე ადგილი, თურქეთი – 41-ე ადგილი.
დატოვე კომენტარი